საბერძნეთის სუპერლიგის 22-ე ტურის შეხვედრაში გიორგი მერებაშვილისა და გიორგი ლორიას ოფიმ საშინაო მოედანზე 3:1 დაამარცხა “პაოკი.”
ჩემპიონობისთვის მებრძოლი “პაოკი” სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე იმყოფება, ხოლო ოფი მე-17 ადგილს იკავებს და მხოლოდ ბოლოადგილოსან “ნიკი ვოლოს” უსწრებს. აქედან გამომდინარე, ოფის გამარჯვება სენსაციად უნდა მივიჩნიოთ.
გამარჯვებულთა სასტარტო შემადგენლობაში ქართველთაგან მხოლოდ მეკარე გიორგი ლორია მოხვდა, გიორგი მერებაშვილი კი 67-ე წუთზე ჩაერთო შეხვედრაში, როცა ანგარიში 2:1 იყო.
მე-11 წუთზე ოფი კოსტარიკელმა შემტევმა მეირონ ჯორჯიმ დააწინაურა. 34-ე წუთზე ლამპროპულოსმა თერთმეტმეტრიანი გოლად აქცია და სხვაობა ორამდე გაიზარდა. 52-ე წუთზე სტუმრებმა ანგარიში შეამცირეს, “პაოკის” ფეხბურთელთაგან გოლი 2004 წლის ევროპის ჩემპიონმა დიმიტრიოს პაპადოპულოსმა გაიტანა. 82-ე წუთზე კუტსიანიკულისმა შეხვედრის საბოლო ანგარიში დააფიქსირა (3:1).
მიუხედავად გამარჯვებისა ოფი კვლავ მე-17 ადგილზე იმყოფება და სუპერლიგიდან გავარდნის ერთ-ერთი კანდიდატია.