ფეხბურთი

18:03 | 22.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

მინიმალური ანგარიშით, სასურველი სამი ქულა

განახლებული ეროვნული ჩემპიონატის ცენტრალური შეხვედრა სამტრედიაში, “ეროსი მანჯგალაძეზე” შედგა - ადგილობრივმა კლუბმა ქვეყნის ჩემპიონს და ლიდერ თბილისის “დინამოს” უმასპინძლა და 0:1 დამარხდა.

ჩემპიონობისთვის მებრძოლმა გუნდებმა შეკრებები უცხოეთში გაიარეს და შემადგენლობებში საკმაო ცვლილებები აქვთ. მათ რამდენიმე დღის წინ დავით ყიფიანი თასის მეოთხედფინალის პირველი მატჩებიც გამართეს. სამტრედიელებმა შინ ქუთაისის “ტორპედოს” მინიმალური სხვაობით 2:1 სძლიეს, ხოლო დედაქალაქელებმა უგოლო ფრე ითამაშეს გორში “დილასთან”.

ლიდერთა დუელმა სამტრედიაში დიდი ინტერესი გამოიწვია. “ეროსი მანჯგალაძეზე” ქომაგი მრავლად მოვიდა. შეხვედრა გუნდებმა თითქმის ერთნაირი სათამაშო სქემით, 4-5-1-ით დაიწყეს. კახი გოგიჩაიშვილმა დაცვაში კაკაბაძე-ჭანტურია-ფერეირა-თოთაძის ოთხეული დააყენა. მცველების წინ საყრდენებად ცინცაძე და ბუკორაცი მოქმედებდნენ, ხოლო ტაბატაძე-პარუნაშვილ-ჭანტურიშვილის ტრიო საყრდენების წინ ირჯებოდა. წინ, ეულ ფორვარდად დინამოელთა დამრიგებელს მანუელი ჰყავდა გამწესებული.

რაც შეეხება ზაზა ზამთარაძეს, მან დაცვაში ადგილი ბეჭვაია-კაკუბავა-ხიზანიშვილ-კვირკველიას გამოცდილ კვარტეტს ანდო. მათ წინ ცენტრში დათუნაიშვილი და ბოლქვაძე იყვნენ, ფლანგებზე კი ტრადიციულად დოლიძე და გეწაძე მოქმედებდნენ. შუაში გორგიაშვილი იყო, რომელიც ფორვარდად გამწესებულ კაპანაძეს პასებით მომარაგებას ცდილობდა.

მატჩი სანახაობრივი თვალსაზრისით დიდი ვერაფერი გამოდგა. გუნდებს მცირედით სათამაშო პრაქტიკის უქონლობა ეტყობოდათ. ამას დავამატოთ ის დაძაბულობაც, რომელიც სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე არსებობდა.

სადებიუტო წუთებში ანგარიშის გახსნა თბილისელებს შეეძლოთ, როდესაც ჭანტურიშვილის კარგი გადაცემის წყალობით ესპანელი მანუელი მოწინააღმდეგის მეკარესთან პირისპირ დარჩა, მაგრამ პირინეელი სათანადოდ ვერ გაისარჯა და გატანა ვერ მოახერხა. თევდორაძემ მასთან პირისპირ გასულ მანუელს თავგანწირული ჩაწოლით გატანის საშუალება არ მისცა. ცოტა ხანში შეტევის მარცხენა ფლანგზე გეწაძის აქტიურობამ მას მეტოქის საჯარიმოში ჩაწოდების საშუალება მისცა. რეზოს გარჯა თანაგუნდელ დოლიძეს შეეძლო დაეფასებინა, მაგრამ მისი დარტყმა ჭანტურიას მოხვდა ფეხზე და კუთხურზე გადავარდა.

სადებიუტო წუთების შემდეგ, მე-20 წუთზე ანგარიში გაიხსნა. სამტრედიელთა ნახევარზე ჩინებულად ითამაშა დასწრებაზე სერბმა ბუკორაცმა, რომელმაც ბურთი ბოლქვაძეს აართვა და ერთი შეხებით მეკარესთან პირისპირ მანუელი დატოვა. ესპანელმა ფორვარდმა თავის შანსი ამჯერად შეირგო და ზუსტი დარტყმით მასთან შესახვედრად გამოსულ თევდორაძეს შანსი არ დაუტოვა - 0:1.

ჩამორჩენამ მასპინძლები გააქტიურა, თუმცა მწყობრად მოთამაშე თბილისელების დაცვითი ბასტიონების გადალახვა იმერლებს ძალიან უჭირდათ. 24-ე წუთზე გეწაძის შესრულებული საჯარიმო დინამოელთა ხარიხას ზემოდან გადაევლო. თითქმის მაშინვე ბეჭვაიას ჩაწოდებულს დათუნაიშვილმა შეაგება თავური დარტყმა, მაგრამ სტუმართა კარის დარაჯი ადგილზე დახვდა. აქვე უნდა დავძინოთ ისიც, რომ ჰრდლიჩკამ მთელი მატჩი მაღალ დონეზე ჩაატარა და მისი სახით დედაქალაქელებს კარგი შენაძენი გამოუვიდათ.

ცოტა ხანში თბილისელები ისევ გააქტიურდნენ და სახიფათო მომენტების შექმნის შანსი მათაც მიეცათ. პირველად დინამოელებმა სტანდარტულიდან შეუტიეს თევდორაძის კარს, როდესაც ბურთი მეტოქის საჯარიმოში ცინცაძემ ჩააწოდა. სამტრედიელთა კარის წინ მცირეოდენი არეულობა იყო, რომელიც საბოლოოდ კუთხურით დასრულდა. 33-ე წუთზე კი “დინამოს” რამდენიმესვლიან კომბინაციას ცინცაძე ნახტომში ცაციათი ასრულებს, მაგრამ თბილისელთა საყრდენს დარტყმა არ გამოუვიდა.

ტაიმის ბოლომდე განსაკუთრებით საინტერესო აღარაფერი მომხდარა, თუ არ ჩავთვლით იმ მომენტს, როდესაც ახლო მანძილიდან დათუნაიშვილმა ბურთი ხარიხას გაარტყა, მაგრამ ეს არბიტრის სასტვენის შემდეგ მოხდა. ამ დარტყმამდე სამტრედიელები ჰრდლიჩკაზე დაჯარიმდნენ და ხარიტონაშვილმაც ეს დარღვევა დააფიქსირა.

მეორე ნახევარი მასპინძლებმა გაცილებით აქტიურად დაიწყეს, მოედნის შუაგულში უპირატესობა მოიპოვეს და მოწინააღმდეგეს დიდი ძალებითაც შეუტიეს. მართალია, საქმე ხშირად საბოლოო დარტყმებამდე ვერ მიჰყავდათ, მაგრამ მათი მოქმედებები მაინც უსიამოვნო გახლდათ თბილისელთათვის და ეს ყველაფერი “დინამოს” გარკვეულ საფრთხეს უქმნიდა. ყველაზე სახიფათო მომენტი სამტრედიელებმა 51-ე წუთზე შექმნეს, როდესაც შეტევის მარჯვენა ფლანგიდან ჩინებულად ითამაშა დოლიძემ და მოწინააღმდეგის საჯარიმოს ხაზთან მდგარ გორგიაშვილს ზუსტად მიაწოდა. თორნიკემ სიტუაცია შეაფასა, ბურთიანად წინ წაიწია და ერთი შეხედვით “დაფარულად” დაარტყა. ამ მომენტში ჰრლდიჩკამ ჩინებული რეაქცია გამოავლინა და ნახტომში ბურთი ადგილზე “გააქვავა”.

სამტრედიელთა იერიშები გრძელდებოდა. ხშირად იყო სახიფათო ჩაწოდებების მცდელობები კაპანაძის მისამართით, მაგრამ ამ გადაცემებს ხან სიზუსტე აკლდათ, ხან კიდევ თბილისელი მცველები თამაშობდნენ ზუსტად. კიდევ ერთი რეალური ხიფათი მასპინძლებმა 61-ე წუთზე შექმნეს, როდესაც გეწაძემ ნახევარი მოედანი გადასერა ბურთიანად და საჯარიმოს მიახლოებულმა ჩააწოდა ძლიერად. ბურთი ერთ-ერთ დინამოელს და შეეხო, ხოლო შემდეგ ჰრდლიჩკას და ისე დატოვა მოედანი. ეს იყო ბოლო სერიოზული ხიფათი “დინამოს” კართან.

თამაშის არასურველი მიმდინარეობის გამო თბილისელთა დამრიგებელმა, კახა გოგიჩაიშვილმა მოედანზე პარუნაშვილის ნაცვლად ჯიღაური შეიყვანა, ხოლო მანუელი ჩირგაძით შეცვალა. დედაქალაქელთა თამაშზე ამ ცვლილებებმა დადებითად იმოქმედა. ორივე ფეხბურთელი აქტიური იყო და ბურთს ხშირად იღებდნა. განსაკუთრებით ჩირგაძე უნდა გამოვყოთ. ტანმაღალი ფორვარდი მოწინააღმდეგის საჯარიმოსკენ წასულ ბურთებს თიქმის ყველას ადგილზე ხვდებოდა და იღებდა. შეცვლები განახორციელა ზაზა ზამთარაძემაც. მან მოედანზე კერძევაძე და შარიქაძე შეუშვა. ისინიც, თბილისელი სამარქაფოების მსგავსად აქტიურები კი იყვნენ, მაგრამ გუნდის გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

მატჩის დასკვნით ნაწილში “სამტრედიამ” მეტოქეზე შტურმის მოწყობა ვერ შეძლო. ერთადერთხელ კერძევაძემ მოახერხა რენე ფერეირასთან ჭიდილში მახვილი კუთხიდან დარტყმა, მაგრამ თბილისეთა კიპერი ისევ საიმედო იყო.

საეპილოგო ნაწილში თბილისელებმა მაქსიმალურად შეძლეს ბურთის მოწინააღმდეგის ნახევარზე გადატანა, რაც სტუმართა გუნდის დაღლილობითაც უნდა აიხსნას. საბოლოოდ “დინამომ” პრინციპულ პაექრობაში სასურველი გამარჯვება მოიპოვა და სატურნირო ცხრილში პირველობა შეინარჩუნა.

“სამტრედია“ – “დინამო” 0:1 (0:1)

22 თებერვალი. 14:00. სამტრედია. “ეროსი მანჯგალაძე”. 4000 მაყურებელი

“სამტრედია”: თევდორაძე, კაკუბავა, ხიზანიშვილი, კვირკველია, ბეჭვაია, დოლიძე (ქანთარია, 87), გეწაძე, ბოლქვაძე, გორგიაშვილი (კერძევაძე, 71), კაპანაძე, დათუნაიშვილი (შარიქაძე, 79),

მთავარი მწვრთნელი: ზაზა ზამთარაძე

“დინამო”: ჰრდლიჩკა, ჭანტურია, კაკაბაძე, რენე ფერეირა, თოთაძე, ბუკორაცი, ტაბატაძე, პარუნაშვილი (ჯიღაური, 57), ჭანტურიშვილი (შერგელაშვილი, 83), მანუელი (ჩირგაძე, 66), ცინცაძე.

მთავარი მწვრთნელი: კახი გოგიჩაიშვილი

გოლი: 0:1 მანუელი (20).

გაფრთხილება: თოთაძე (49), ცინცაძე (56), კაკაბაძე (85).

არბიტრი: დავით ხარიტონაშვილი (თბილისი)

XVI ტური

21 თებერვალი, შაბათი

გურია (ლანჩხუთი) – ზესტაფონი 1:0 (0:0)

ზუგდიდი – შუქურა (ქობულეთი) 1:0 (0:0)

22 თებერვალი, კვირა

დინამო (ბათუმი) – მეტალურგი (რუსთავი) 2:0 (1:0)

ცხინვალი-დილა (გორი) 0:1 (0:0)

ვიტ ჯორჯია (თბილისი) – მერანი (მარტვილი) 2:2 (0:1)

ჩიხურა (საჩხერე) – სიონი (ბოლნისი) 2:0 (1:0)

ტორპედო (ქუთაისი) – კოლხეთი (ფოთი)

ქუთაისი. ცენტრალური. 19:00

1. დინამო თბ. 16 10 2 4 27:13 32
2. დილა 16 9 4 3 23:13 31
3. დინამო ბთ. 16 8 3 5 19:14 27
4. სამტრედია 16 7 4 5 17:12 25
5. ჩიხურა 16 7 4 5 19:17 25
6. ცხინვალი 16 7 3 6 15:22 24
7. მეტალურგი 16 6 5 5 19:17 23
8. გურია 16 5 7 4 17:23 22
9. მერანი 16 5 6 5 13:12 21
10. ზესტაფონი 16 4 7 5 29:23 19
11. შუქურა 16 4 6 6 14:18 18
12. კოლხეთი 15 4 5 6 13:17 17
13. ტორპედო 15 3 7 5 17:18 16
14. ზუგდიდი 16 3 6 7 9:17 15
15. სიონი 16 3 5 8 12:21 14
16. ვიტ ჯორჯია 16 3 4 9 16:22 13

მეგოლეები:

10 - ჯაბა დვალი (ზესტაფონი)

8- ირაკლი მოდებაძე (დილა)

7 - ოთარ კვერნაძე (ტორპედო), გიორგი პაპუნაშვილი (დინამო თბილისი)

6 – დათა სიჭინავა (კოლხეთი)

5 - შოთა ლომია (ზუგდიდი), ნიკოლოზ საბანაძე (დინამო თბილისი), დაჩი ცნობილაძე (მეტალურგი), კობა შალამბერიძე (გურია), თორნიკე მუმლაძე (ჩიხურა)

შენიშვნა: უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:

- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

- ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

- ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

- თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.115003