ესპანეთის ჩემპიონატის 25-ე ტური “კორნელია ელ პრატზე” გამართული შეხვედრით გაიხსნა, სადაც ადგილობრივმა “ესპანიოლმა” ანდალუსიური “კორდობა” მიიღო და მინიმალური სხვაობით დაამარცხა.
შეხვედრა მასპინძელთა აქტიურობით დაიწყო და აბრაჰამ გონსალესი ორჯერ დაემუქრა საიზარის კარს, თუმცა მისი დარტყმები არაზუსტი აღმოჩნდა. სამაგიეროდ, საჯარომო დარტყმა ზუსტად შეასრულა სტუმართა ახალგაზრდა ნახევარმცველმა ფედე კარტაბიამ, მაგრამ კიკო კასილია მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა და ბურთი მოიგერია. შემდეგი ხიფათი, რომელიც “კორდობას” კართან შეიქმნა, გოლით დასრულდა. 43-ე წუთზე ჰექტორ მორენომ საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც ყველას ფელიპე კაისედომ აჯობა და აბრაჰამ გონსალესს საჯარიმოს მისადგომებთან თავით დაუგდო ბურთი, რომელმაც ძლიერი დარტყმით ანგარიში გახსნა.
მეორე ნახევრის დაწყებისთანავე, მიროსლავ ჯუკიჩმა ჰელდონის ნაცვლად, ბებეს უხმო მინდორზე, რაც სწორი აღმოჩნდა. პორტუგალიელი თამაშში აქტიურად ჩაერთო და “კორდობას” შეტევები გაცილებით მწვავე გახდა, ვიდრე პირველ ტაიმში იყო. 52-ე წუთზე ბებე შორეული დარტყმით დაემუქრა მეტოქის კარს, მაგრამ კასილიამ კვლავ კარგად ითამაშა. მალევე ახალგაზრდა შემტევი სტანდარტულიდან დაემუქრა კატალონიელებს, თუმცა ოდნავ ააცილა. 72-ე წუთზე ფლორინ ანდონემ მეტოქის მცველს ბურთი მოჰპარა და ბებეს გადააწოდა ბურთი, რომელმაც კარში დაარტყა და რიკოშეტის შემდეგ კინაღამ მეტოქის კარში აღმოჩნდა. 78-ე წუთზე სტუმრებს 100%-იანი საგოლე შანსი ჰქონდათ, მაგრამ კრესპოს თავური ხარიხამ უკუაგდო. შემდეგი მომენტი კვლავ ბებეს შეექმნა და ამჯერად “მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი მოთამაშე ძალიან ცუდად გაისარჯა, მას ხელსაყრელ პოზიციაში მყოფი კარტაბია ეხსნებოდა, თუმცა არც პასი გააკეთა და ვერც გოლის გატანა მოახერხა. 86-ე წუთზე კასილიამ კიდევ ერთხელ იყოჩაღა და ამჯერად ანდონეს თავური მოიგერია. ამდენი გამოუყენებელი მომენტის გამო, “თუთიყუშებს” კონტრშეტევაზე რამდენჯერმე შეეძლოთ მეტოქის დასჯა, თუმცა სიზუსტით დიდად ვერც მასპინძლები დაიკვეხნიდნენ – 1:0.
“კორდობამ” ზედიზედ მეექვსე შეხვდრა წააგო და ბოლო ადგილი მყარად დაისაკუთრა. მიროსლავ ჯუკიჩის გუნდი ცუდ თამაშს ნამდვილად არ აჩვენებს, თუმცა ანდალუსიელებს კლასის ნაკლებობა ძალიან ეტყობათ. “ნუევო არკანხელის” ბინადრები ბევრ მომენტს ანიავებენ, დაცვაში ბავშვურ შეცდომებს უშვებენ და ყოველივე ამის შედეგი სატურნირო ცხრილში აისახება. მომდევნო ტურში “კორდობა” “ხეტაფეს” ეთამაშება შინ.
რაც შეეხება “ესპანიოლს”, სერხიო გონსალესი შეგირდები 32 ქულით მე-8 პოზიციას იკავებენ და შემდეგ შეხვედრას “სოსიედადთან” ჩაატარებენ გასვლაზე.
ესპანიოლი – კორდობა 1:0 (1:0)
ბარსელონა, “კორნელია ელ პრატი”
ესპანიოლი (4-4-2): კასილია, ალვარო, ჰ.მორენო, არბილია, ფუენტესი, ა.გონსალესი (ვ.სანჩესი 79), სევილია (ვ.ალვარესი 67), ლუკასი, კანიასი, კაისედო (სტუანი 63), ს.გარსია.
მწვრთნელი: სერხიო გონსალესი
კორდობა (4-2-3-1): საიზარი, კრესპო, პანტიჩი, კამპაბედალი, ვიკო, კრინი, ფ.როსი (ზუკულინი 62), ჰელდენი (ბებე 46), კარტაბია, ბ.გარსია, ანდონე.
მწვრთნელი: მიროსლავ ჯუკიჩი
გოლი: ა.გონსალესი 43.
გაფრთხილებები: ჰ.მორენო, ფუენტესი, კანიასი, ვ.სანჩესი, ს.გარსია – პანტიჩი, ზუკულინი, ანდონე, ბ.გარსია
მსაჯი: დელ სერო გრანდე
ბურთის ფლობა: 45%-55%, დარტყმა: 12(4)-16(4), ჯარიმა: 22-14, კუთხური: 2-6, თამაშგარე: 2-1, სეივი: 4-3