ფეხბურთი

17:17 | 2.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

იტალიის 2015 წლის საუკეთესო გუნდი – “ტორინო”

ავტორიტეტულმა იტალიურმა გამოცემა “გაძეტა დელო სპორტმა” საინტერესო სტატია გამოაქვეყნა, რომელიც სერია A-ს 2015 წლის სატურნირო ცხრილს ეხება.

მიმდინარე წელს ქულათა საუკეთესო მაჩვენებელი ტურინულ გუნდს აქვს. “იუვენტუსს”? – არა, “ტორინოს”!..

“ტორინო” – ტურინული გუნდი მიმდინარე წლის კლასიფიკაციას ერთპიროვნულად ლიდერობს. ჯამპიერო ვენტურას გუნდმა 19 ქულას მოუყარა თავი (5 გამარჯვება, 4 ფრე). საერთოდ, “ხარები” გადასარევ ფორმაში იმყოფებიან და მოედანი უქულოდ ბოლოს, გასული წლის 30 ნოემბერს დატოვეს, როცა “იუვენტუსთან” დერბი წააგეს და ისიც 93-ე წუთზე ანდრეა პირლოს ჯადოსნური დარტყმის შედეგად. “ტორინოს” ერთი ქულით მეტი აქვს დაგროვილი იმავე “იუვენტუსთან” (ერთი თამაშით ნაკლები აქვს გამართული), “ნაპოლისთან” და “ფიორენტინასთან” შედარებით.

სამეული – “ტორინოს” შემდეგ ყველაზე კარგი მაჩვენებელი, როგორც ზემოთ ვთქვით სამ გუნდს აქვს. ტურინელთაგან ეს ამბავი გასაკვირი სულაც არაა, აი, ვინჩენცო მონტელას “ფიორენტინას” კი უკვე რვა თამაშია აღარ წაუგია. რაფა ბენიტესის “ნაპოლიც” კარგ იშტაზეა, უბრალოდ მათ კვირას წააგეს, ისიც “ტორინოსთან”.

გარსია – ადამიანი X – სკუდეტოს მაძიებელმა “რომამ” ერთადერთ კონკურენტთან შედარებით ამ წელს 6 ქულით ნაკლები დააგროვა. მართალია რომაელებმა უკანასკნელად ნოემბერში წააგეს (“ნაპოლისთან”), მაგრამ გუნდს მოგებაც დავიწყებული აქვს. ბოლო 8 მატჩიდან “მგლებმა” 6 ფრედ დაასრულეს.

სად არიან მილანური გრადები? – მილანური გუნდებიდან შედარებით კარგად “ინტერი” გამოიყურება. რობერტო მანჩინის გუნდმა 2015 წელს 14 ქულას მოუყარა თავი. ეს კი ორი ქულით მეტია, ვიდრე ამბიციურმა “რომამ” მოიხვეჭა. აი ფილიპო ინძაგის “მილანი” კი ქულების ათვლა რომ იანვრიდან იწყებოდეს გავარდნის საფრთხის ქვეშ იქნებოდა. “როსონერიმ” მხოლოდ 9 ქულა დააგროვა და ამ მაჩვენებლით მხოლოდ ოთხ გუნდს სჯაბნის. და მაინც, პიპო ინძაგი ისევ შავ-წითელთა დამრიგებელია...

გასავარდნი ზონა – აწ უკვე დამდგარ წელში ყველაზე ცუდად “ატალანტა”, “უდინეზე”, “კალიარი” და “პარმა” ასპარეზობენ. პარმელებმა წელი “ფორენტინასთან” გამარჯვებით დაიწყეს და წარმატებულ წელს ივარაუდებდნენ, მაგრამ... ანდრეა სტრამაჩონის უდინურ გუნდს ბოლო ცხრა მატჩში ერთადერთი გამარჯვება აქვს მოპოვებული. სტეფანო კოლანტუონოს “ატალანტამ” კი მოახერხა და მიჯრით ოთხი მატჩი წააგო.

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.173894