“მონაკოს” არგენტინული წარმოშობის ბელგიელმა შემტევმა იანიკ ფერეირა კარასკომ ლიგა 1-ის 28-ე ტურის მატჩში “ევიანთან” სტუმრად მოგებულ (3:1) შეხვედრაში მე-17 წუთზე ტრავმა მიიღო და მის ნაცვლად მოედანზე დიმიტარ ბერბატოვი შევიდა.
21 წლის ფეხბურთელმა კოჭის ტრავმა მიიღო. ჯერჯერობით უცნობია ბელგიელს რამდენად სერიოზული დაზიანება აქვს. გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა კარასკომ ლონდონის “არსენალთან” ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საპასუხო მატჩამდე გამოჯანმრთელება ვერ მოასწროს.
“მეთოფეებთან” საშინაო შეხვედრამდე 9 დღეა დარჩენილი და კლუბის ექიმებს სერიოზული მუშაობა მოუწევთ, რათა გუნდის ერთ-ერთი იმედისმომცემი მოთამაშე მწყობრში ჩააყენონ. პირველ შეხვედრაში კარასკომ “არსენალს” ბოლო წუთზე გაუტანა და ანგარიში 3:1 დააფიქსირა – “მონაკომ” სტუმრად მოიგო.