უაღრესად დაძაბული და საინტერესო პაექრობა გაიმართა ქუთაისში, სადაც მიხეილ ქორქიას და ზურაბ საკანდელიძის სახელობის საკალათბურთო დარბაზში, საქართველოს თასის მეორე ნახევარფინალურ დუელში ერთმანეთს ადგილობრივი კლუბი და ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი თბილისის “დინამო” დაუპირისპირდნენ. ამ გუნდების პირველი მატჩი დედაქალაქში დინამოელებმა მოიგეს. შესაბამისად ამ შეხვედრაში რიონისპირელებს გამარჯვება ესაჭიროებოდათ, რათა გაეგრძელებინათ თასისათვის ბრძოლა. მოგეხსენებათ, “ქუთაისი” ამ ტურნირის მოქმედი გამარჯვებული გახლავთ და ბუნებრივია ეს ფაქტორი კიდევ უფრო ამაღლებდა დასავლელთა მოტივაციას, რადგანაც ქუთათურებს, ბუნებრივია, ამოძრავებდათ თასის შენარჩუნების ამბიცია.
განმეორებით შეხვედრაზე საკალათბურთო დარბაზში თავისუფალი ადგილი არ იყო. აშკარად გამოჩნდა, რომ ქალაქს ტევადობის მიხედვით უფრო დიდი დარბაზი სჭირდება. ძალიან ბევრი ადამიანი თვალს საინტერესო შეხვედრას კიბეებიდან უცქერდა. მატჩი ორივე გუნდმა ძალიან მძიმედ დაიწყო. სამი წუთის განმავლობაში მეტოქეებმა თითოჯერ მოახერხეს ჩაგდება და ტაბლოზე 2:2 იყო ასახული. ნელ-ნელა თამაში ორივე გუნდს აეწყო და სანახაობაც უფრო თვალწარმტაცი გახდა. პირველ პერიოდში გუნდების შედეგიანობა მწირი იყო და იგი 13:16 დასრულდა. მასპინძლებს უმთავრესი იარაღი სამქულიანები არ გამოდიოდათ, მაშინ როცა თბილისელებმა მთელი ეს დრო საშუალო მანძილიდან და ფარქვეშ თამაშზე ააგეს. მათ მხოლოდ ორჯერ ისროლეს პერიმეტრიდან და ორივეჯერ უწიეს მიზანს.
მეორე მეოთხედში მალხაზ კოხრეიძის შეგირდები გააქტიურდნენ და ამ ათწუთეულში მოწინააღმდეგე აშკარად დაჯაბნეს. ქუთათურთაგან ყველაზე აქტიურები მირზა სარალია და გიგი ბარბაქაძე იყვნენ. სლოვენიელი ტრადიციულად ბევრს ისროდა, თუმცა საერთო ჯამში მას აშკარად ბევრი ტყორცნა გაუცუდდა. ისე კი, იგი ყველაზე შედეგიანი აღმოჩნდა ქუთაისელთა რიგებში. მირზას საბოლოო მონაგარი 22 ქულას შეადგენდა. რიონისპირელებმა ფარქვეშსაც მკაცრი კონტროლი დაუწესეს მეტოქეს. საკმაოდ შეიზღუდა დინამოელთა ცენტრალური თავდამსხმელი შერმანი, რომელსაც რამდენჯერმე აბდულა ნდოემ ეფექტურად დააფარა. ისე, მოვლენებს გავასწრებთ და ვიტყვით, რომ შერმანს რკინის ნერვები აღმოაჩნდა და თამაში ჩვეულ რიტმში განაგრძო. მას არ დაუწყია მოედანზე იმის კეთება, რაც არ გამოდის. იგი მოედანზე მყოფთაგან ერთადერთია, რომელმაც ორმაგი დუბლის შესრულება შეძლო – 13 ქულა, 19 მოხსნა. რაც შეეხება აბდულას, მან თავი ისევ დაფარებებით დაგვამახსოვრა და საბოლოოდ მის ანგარიშზე 5 დაფარება გახლდათ. ტაიმი კი ქუთათურებმა 37:32 მოიგეს.
მესამე პერიოდი ქუთაისელთა აღმავლობით დაიწყო და დაახლოებით 4 წუთში ისინი უკვე 52:41 იგებდნენ. გამაყრუებელი ყიჟინის ფონზე ისე ჩანდა, რომ თბილისელებს ფარ-ხმალი უნდა დაეყარათ, მაგრამ მათი ლიდერობა ილია ლონდარიძემ ითავა, რომელმაც რამდენიმეწუთიან მონაკვეთში 9 ქულა მოუტანა თავის გუნდს და “დინამომ” მეტოქეს გაასწრო. აქვე უნდა აღინიშნოს ტექნიკური ჯარიმა, რომელიც ქუთაისელმა კალათბურთელებმა არასასურველ და არასაჭირო დროს მიიღეს. რითაც გარკვეულწილად მოწინააღმდეგეს წამოწევაში “დაეხმარნენ”. გადამწყვეტი მეოთხედის წინ წინ ისევ დინამოელები იყვნენ - 57:55.
მეოთხე პერიოდში სტუმრები მაქსიმალური მობილიზებით თამაშობდნენ და ერთადერთხელ მიუშვეს ქუთათურები ერთქულიან დისტანციაზე. ძალზე ეფექტური იყო ექსქუთაისელი ბაბუნაშვილი, რომელმაც 2 სამქულიანი მოათავსა, ტრადიციულად ენერგიულად გამოიყურებოდნენ გამყრელიძე და ლეჟავა. მცირე სათამაშო დროის მიუხედავად ნაყოფიერი იყო რიჩარდ მათიაშვილის მოქმედებებიც. საჭირო წუთებში ცივსისხლიანობა გამოავლინა პოპოვიჩმაც. ერთი შეხედვით თითქოს, ამჯერად თბილისელებს აღარ უნდა გასჭირვებოდათ მატჩის გამარჯვებამდე მიყვანა. მითუმეტეს, 11 წამით ადრე ისინი 72:67-ს უგებდნენ მასპინძლებს, მაგრამ ქუთაისელებს იმედი ფაშაევმა შეუნარჩუნა ზუსტი სამქულიანით. რიონისპირელებმა მაშინვე ჯარიმა აიღეს პოპოვიჩზე, რომელმაც ორივე საჯარიმო ზუსტად შეასრულა. ამის საპასუხოდ მირზა სარალიამ, რომელსაც წონასწორობა თითქოს დაკარგული ჰქონდა, საოცარი სამქულიანი ისევ მოათავსა. 2 წამით ადრე მირზამ ანგარიში მინიმუმამდე დაიყვანა - 73:74. ქუთათურებმა ამჯერად ჯარიმა ლეჟავაზე აიღეს, რომელმაც ორივე ჯარიმა გამოიყენა და მასპინძლებს ერთი შანსი დაუტოვა, არადა ბესოს მეორე საჯარიმო, რომ აეცილებინა, ქუთაისელები ვეღარ მოასწრებდნენ სროლას. ერთი წამი ჰქონდათ ქუთათურებს ბოლო შეტევისთვის, როდესაც ბურთი გაითამაშეს და ფაშაევს მიაწოდეს, რომლის შორეულმა ტყორცნამ მიზანს ვეღარ უწია. დრამატულ და საინტერესო ჯახში თბილისელებმა იმარჯვეს, რაც იმის ნიშანია, რომ 2015 წელს საქართველოს თასს ახალი “მეპატრონე” ეყოლება.