ძიუდო

18:39 | 16.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ძიუდოში თბილისის გრან პრის პრესკონფერენცია სამინისტროში ჩატარდა

20-22 მარტს თბილისის სპორტის სასახლე ძიუდოში პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირს - თბილისის გრან პრის მეორედ უმასპინძლებს.

ტურნირის საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით, 16 მარტს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც მედიის შეკითხვებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა - ლევან ყიფიანმა და ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა -დავით ქევხიშვილმა უპასუხეს.

გრან პრის სტატუსი ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ თბილისს 2013 წლის მიწურულს მიანიჭა, როდესაც ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციას, საქართველოს ძიუდოს ფედერაციასა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს შორის სამინისტროში სამმხრივი მემორანდუმი გაფორმდა.

თბილისის გრან პრიზე მსოფლიოს 45 ქვეყნის 400-მდე უძლიერესი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას მამაკაცთა და ქალთა შორის, ჩემპიონები 7-7 წონით კატეგორიაში გამოვლინდებიან.

ქართველი ძიუდოისტები თბილისის გრან პრიზე საუკეთესო შემადგენლობით გამოვლენ. მედლებისათვის იბრძოლებენ ოლიმპიური, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონები, ტიტულოვანი სპორტსმენები - ავთანდილ ჭრიკიშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, ვარლამ ლიპარტელიანი, ამირან პაპინაშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი, ზებედა რეხვიაშვილი, ადამ ოქრუაშვილი და სხვა. ჯამში ტურნირზე მამაკაცთა შორის 28 ქართველი ძიუდოისტი იჭიდავებს, ქალთა შორის კი მედლისათვის ელენე ლეონიძე იბრძოლებს.

გრან პრის ფინალურ ორთაბრძოლებს პირდაპირ ეთერში 17:00 საათიდან საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი გადასცემს. წინასწარი შეხვედრები 10:00 საათიდან დაიწყება. 20 მარტს 16:25 წუთზე გაიმართება გახსნის ოფიციალური ცერემონიალი.

გრან პრიზე დასწრება გულშემატკივრებისათვის უფასოა. ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის საინფორმაციო ბაზაში დარეგისტრირებული ჟურნალისტები აკრედიტაციებს მიიღებენ 19 მარტს სასტუმრო "ჰოლიდეი ინში" 14:00 საათზე დაგეგმილ ტურნირის ოფიციალურ კენჭისყრაზე.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

0.164162