ახალგაზრდა სამბისტი და ძიუდოისტი მიხეილ მეზურნიშვილი პერსპექტიულ სპორტსმენთა რიცხვს მიეკუთვნება. მას არაერთი ტიტული აქვს მოპოვებული, თუმცა ამ გზაზე უამრავი დაბრკოლების გადალახვა მოუწია. მიხეილი “პლეხანოვზე” მდებარე ძიუდოს დარბაზ “შევარდენში” ვარჯიშობს, მაგრამ ამჟამად ტრავმების გამო საყვარელ საქმიანობას დროებით ჩამოშორდა. მეზურნიშვილს გასული კვირის მიწურულს შევხვდით და სპორტში გადადგმულ პირველ ნაბიჯებსა და სამომავლო გეგმებზე დავეკითხეთ.
- რა ასაკში დაიწყეთ ვარჯიში?
- ძიუდოზე მშობლებმა შემიყვანეს, როდესაც 10 წლის ვიყავი და მას შემდეგ ჭიდაობით ვარ გატაცებული. მამაჩემიც ყოფილი მოჭიდავეა და მინდოდა მის გზას გავყოლოდი.
- მხოლოდ სპორტით ხართ დაკავებული?
- არა, პარალელურად საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვსწავლობ.
- სწავლის და აქტიური სპორტის შეთავსება რთული ხომ არაა?
- არა, რადგან ხელშეწყობა მაქვს და ერთი მეორეს ხელს არ უშლის.
- რომ არა სპორტი, სხვა რომელ პროფესიას აირჩევდით?
- ბავშობიდან ძალიან მომწონს მედიცინა. ჯერჯერობით აქტიურ სპორტში ვარ და მომავალში, ვფიქრობ, ჩემი სპორტული საქმიანობა მედიცინას დავუკავშირებ.
- 21 წლის ასაკში საკმოდ ბევრს მიაღწიეთ. რისი დათმობა დაგჭირდათ ამისთვის?
- ძალიან ბევრი რამის, თუმცა გული არაფერზე მწყდება. თუ გინდა აქტიურ სპორტში იყო და თან წარმატებას მიაღწიო, სხვანაირად არ გამოვა.
- თქვენ ძიუდოსაც ჭიდაობთ და სამბოსაც. როგორ ახერხებთ ამის შეთავსებას?
- სპორტის ეს ორი სახეობა ერთმანეთს ძალიან ჰგავს და ერთიდან მეორეზე გადასვლა არ მიჭირს. ტურნირები ისეა განაწილებული, რომ ორივეგან ვახერხებ გამოსვლას.
- აქამდე მოპოვებუი ტიტულებიდან ყველაზე მეტად რომელმა გაგახარათ?
- ყველაზე სასიხარულო იყო ჩემი პირველი სერიოზული წარმატება, როდესაც ანტალიაში ევროპის თასი მოვიპოვე. ამის მერე იყო ევროპის ჩემპიონატი, სადაც მესამე ადგილი მოვიპოვე. სწორედ ამ ორი გამარჯვების შემდეგ გავხდი უფრო მონდომებული, რომ უფრო დიდი წარმტებებისთვის მიმეღწია.
- ხშირად გაქვთ სერიოზული ტრამვები, ეს თქვენზე ფსიქოლოგიურად ხომ არ მოქმედებს?
- ფსიქოლოგიურად ნამდვილად მოქმედებს. ბავშვობიდან მოყოლებული დღემდე, საკმაოდ სერიოზული ტრავმები მქონდა. ეხლაც ტრავმა მაქვს, რის გამოც ჩვეულ რეჟიმში ვერ ვვარჯიშობ და ფორმაში არ ვარ. ამის გამო ნაკრებთან ერთად ბაკურიანში შეკრებაზე ვერ წავედი.
- თქვენი ფიზიკური მონაცემები ცხოვრებაში თუ გამოგიყენებიათ ?
- კი, როცა მჭირდება, ვიყენებ.
- პირადი ცხოვრებისთვის დრო თუ გრჩებათ?
- კი, თავისუფალ დროს ძირითადად ოჯახის წევრებს და მეგობრებს ვუთმობ, ძალიან მიყვარს მეგობრებთან ერთად ყოფნა და გართობა.
- როგორია თქვენი ერთი დღის განრიგი?
- ჩემი დილა ვარჯიშით იწყება. დღის განმავლობაში რამდენჯერმე ვარჯიშობ. დანარჩენ დროს უმეტესდ აღდგენას მიაქვს.
- რას ურჩევდით დამწყებ სპორტსმენებს?
- თუ სურთ, რომ ბოლომდე აქტიურ სპორტში იყვნენ და წარმატებას მიაღწიონ, ამისათვის ბევრი შრომა და მონდომებაა საჭირო. ბევრი რამის დათმობა მოუწევთ.
- როგორია თქვენი სამომავლო გეგმები და მიზნები ?
- ჩემი უახლოესი გეგმა და მიზანი ევროპის ჩემპიონატია. როგორც კი ტრავმას მოვიშუშებ და ფორმაში ჩავდგები, მზადებას დავიწყებ. რა თქმა უნდა, როგორც ყველას სპორტსმენისთვის ჩემთვისაც საოცნებოა ოლიმპიადაზე გაემგზავრება და ჩემპიონობა და ამისთვის თავს არ დავზოგავ. ვეცდები ძიუდოში ოლიმპიური ჩემპიონი გავხდე.
ანი ლომაია