თბილისის სპორტის სასახლეში მიმდინარე გრან პრიზე, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების რვა წევრიდან შვიდი საწყის ეტაპზევე დამარცხდა. მედლისთვის ბრძოლას კი მხოლოდ ამირან პაპინაშვილი (60 კგ) განაგრძობს.
უმსუბუქეს წონით კატეგორიაში პირველ ნომრად განთესილი პაპინაშვილი შეჯიბრებაში მეორე წრიდან ჩაერთო და მონღოლ ცოგტბაატარ ცენდოჩირთან შეხვედრა 2 წუთსა და 20 წამში მოუგო. მეოთხედფინალში კი აზერბაიჯანელ მეჰმან სადიგოვს დაუპირისპირდება.
ლუხუმ ჩხვიმიანი, ლაშა გიუნაშვილი, პაატა მერებაშვილი (სამივე 60 კგ), შალვა ქარდავა და თორნიკე თათარაშვილი (ორივე 66 კგ) ტატამზე მხოლოდ თითოჯერ გავიდნენ. ჩხვიმიანი ფრანგ ადრიენ რეიმონდთან დამარცხდა, გიუნაშვილი – სომეხ ჰოვანეს დავთიანთან, მერებაშვილი – ფრანგ ვალიდ ხიართან, ქარდავა – სემეხ არსენ ღაზარიანთან, ხოლო თათარაშვილი – თურქ სინან სანდალთან.
მინდია ლილუაშვილმა და ვაჟა მარგველაშვილმა (ორივე 66 კგ) თითო მოგება მოახერხეს. ლილუაშვილმა ბრიტანელ ლუის კიბლს აჯობა და მეთექვსმეტედფინალში რუსეთის ნაკრების წევრ იაკუბ შამილოვთან ვეღარას გახდა. მარგველაშვილი კი იტალიელი ელიო ვერდეს ძლევის შემდეგ, უკრაინის სახელით მოჭიდავე გიორგი ზანთარაიასთან დამარცხდა.