დღეს და ხვალ ფეხბურთის მოყვარულთა ყურადღება ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩებზეა მიპყრობილი. თუმცა 4 დღის შემდეგ, 18 აპრილს, იტალიის სერია A-ში ტურის ცენტრალური მატჩია – “იუვენტუსი” “ლაციოს” უმასპინძლებს.
მატჩი განსაკუთრებულ ყურადღებას არა ტურინელთა, არამედ რომაელთა გამო იპყრობს. “ლაციალე” გასაოცრად კარგ ფორმაში იმყოფება და მეორე ადგილამდე აღზევდა.
“ბიანკოჩელესტე” მეორე წრის მონაცემებით ლიდერია. გუნდს 11 მატჩში 27 ქულა აქვს მოპოვებული და ამ მხრივ მეორე ადგილზე მყოფ, იმავე “იუვენტუსს” 3 ქულით სჯობნის. გარდა ამისა, “ლაციო” მთლიანი სეზონის მონაცემებით საკუთარ ჩემპიონატში საუკეთესო გუნდია – 58 გატანილი გოლით. მდევარი აქაც “ბებერი ქალბატონია” (57 გოლი).
“იუვენტუსისა” და “ლაციოს” მატჩი 18 აპრილს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. ამ გუნდთა პირველი წრის შეხვედრა რომში “იუვენტუსმა” 3:0 მოიგო.