სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე, მარტვილის მურთაზ ხურცილავას სახელობის სტადიონზე გამართულ დღევანდელ მატჩში “მეტალურგს” უფრო სჭირდებოდა ქულები, ვიდრე “მერანს”, მაგრამ ფინანსურ კრიზისში მყოფ, ბედის ანაბარა მიტოვებულ რუსთაველებს “მერანმა” შანსი არ დაუტოვა...
მარტვილელები ბოლო სამი ტურია კარგად ათამაშდნენ და შინ და გარეთ დიდი ანგარიშით ანადგურებენ მეტოქეს. “მეტალურგამდე” “მერანმა” სტუმრად ქობულეთის შუქურა დაამარცხა 3-1 და თამაშის ხარისხითაც დაჯაბნა მასპინძელი. დღევანდელი მატჩიც მოსალოდნელი სცენარით დაიწყო და შეხვედრა “მერანის” სრული უპირატესობით წარიმართა. რომ არა მეკარე ნადირაძის კარგი თამაში და ამავდროულად მასპინძლებს მათ მიერ შექმნილი სახიფათი მომენტების სანახევროდ რეალიზება მაინც რომ მოეხერხებინათ, ალბათ უფრო დიდი ანგარიშით შეძლებდნენ გამარჯვებას.
პირველი სახიფათო მომენტი კი რუსთაველებმა შექმნეს. მატჩის მეხუთე წუთზე ციცქიშვილმა საჯარიმოს მისადგომებიდან უძლიერესად დაარტყა, მაგრამ მამალაძემ ნახტომში ითამაშა კარგად და კუთხურზე მოიგერია ბურთი. საპასუხო იერიში მარტვილელებმა განახორციელეს. აკაკი წყაროზიამ ასევე საჯარიმოს ხაზთან მიიღო ბურთი და მისი უძლიერესი დარტყმა მცირე მანძილით გადასცდა ნადირაძის კარს.
რაც უფრო გადიოდა დრო, მით უფრო აძლიერებდა ზეწოლას “მერანი” და არაერთი სახიფათო მომენტი შექმნა მეტოქე გუნდის კართან, თუმცა რიგ ეპიზოდებში საფეხბურთო ფორტუნა არ წყალობდათ მარტვილელებს, სხვა შემთხვევაში კი რუსთაველთა კიპერი იყო დამაჯერებელი. პირველ ნახევარში დათა ციცხვაიას ორჯერ შეეძლო ანგარიშის გახსნა. ჯერ რუსთაველთა კარის ხარიხამ მოიგერია მისი დარტყმული ბურთი, მეორე ეპიზოდში კი ლევან გეგეჭკორის ჩინებული პასის შემდეგ ახლო მანძილიდან თავით ცდილობდა ციცხვაია ანგარიშის გახსნას, მაგრამ მეკარე დაეუფლა ბურთს. ცოტა ხანში გეგეჭკორს ციცხვაია უკეთებდა კარგ გადაცემას და თითქოს გოლი გარდაუვალი იყო, თუმცა სტუმრები ამ ეპიზოდშიც გადარჩნენ.
პირველი ნახევარი გატანილი გოლების გარეშე დამთავრდა. მეორე ტაიმში “მერანის” უკრაინელმა დამრიგებელმა ვლადიმერ ლობასმა აკაკი შულაია შემიყვანა მოედანზე და შულაიას ორი წუთი ეყო მწვრთნელისთვის ნდობა გასამართლებლად 1-0.
გაშვებული გოლის შემდეგ “მეტალურგის” დაცვა კიდევ უფრო დაიშალა და პირველი გოლის გატანიდან 2 წუთში დათა ციცხვაიამ შეძლო გოლის გატანა. ციცხვაიამ რუსთაველთა საჯარიმოში მეკარეს მოუგო საჰაერო ორთაბრძოლა და მის მიერ კარში გადაგზავნილი ბურთი ხარიხამ მოიგერია, თუმცა დამატებაზე ისევ ციცხვაიამ ივარგა და ანგარიში 2-0 გახდა.
მეორე ტაიმში რუსთაველებს დაღლა დაეტყოთ და არცთუ ისე სახიფათო კონტრიერიშებს თუ არ ჩავთლით, მამალაძე მეორე ნახევარშიც დიდად არ შეუწუხებიათ. კარგი მატჩი ჩაატარა ასევე გოგი ფიფიამ, რომელსაც მართალია, გოლი არ გაუტანია დღევანდელ შეხვედრაში, მაგრამ არაერთ კარგ კომბინაციაში მიიღო მონაწილეობა და ერთ-ერთ ეპიზოდში პაპუნა ფონიავას კარგი გადაცემის შემდეგ ეფექტურად ცდილობდა გოლის გატანას შორეული დარტყმით, თუმცა მეკარე ნადირაძემ ნახტომში მოიგერია ბურთი.
მატჩის 79-ე წუთი მიდიოდა, როცა მასპინძელთა მცველმა ნოდარ კიკნაველიძემ ითამაშა ჩინებულად. მან ბურთი მოედნის შუაგულში მოიპოვა, სისწრაფეში დაჯაბნა მეურვე და ახლო მანძილიდან შანსი არ დაუტოვა ნადირაძეს - ბურთი ძელს მოხვდა და რუსთაველთა კარში შეგორდა 3-0.
ვლადიმერ ლობასი: (“მერანის” მწვრთნელი) “საინტერესო შეხვედრა გამოვიდა. შედეგით კმაყოფილი ვარ და თამაშის ხარისხითაც, მეტი გოლის გატანაც შეგვეძლო. “მერანის” გულშემატკივარს ვულოცავ გამარჯვებას”.
ვარლამ კილასონია: (“მეტალურგის” მწვრთნელი) უკვე დავიღალეთ წუწუნით, ისედაც ცუდ დღეში ვართ და ორი წამყვანი ფეხბურთელი არ წამოგვყვა სათამაშოდ. ელემენტარული პირობები არ გვაქვს და ვერავის ეტყვი, გინდა თუ არა ითამაშეო. არავინ გვაქცევს ყურადღებას და ვართ ასე. მიუხედავად ამისა, ბიჭებმა იბრძოლეს და მეორე ტაიმამდე არ გატყდნენ. წარმატებები მინდა ვუსურვო მარტვილის “მერანს”.
8 მაისი. მარტვილი. “მურთაზ ხურცილავა”.
“მერანი” (მარტვილი) – “მეტალურგი” (რუსთავი) 3-0 (0-0)
“მერანი”: მამალაძე, მელიავა, ლომაშვილი, ორბელაძე (ქიქავა, 66), კიკნაველიძე, წყაროზია, ფონიავა, ჯღამაია (შულაია, 46), გეგეჭკორი, დ. ციცხვაია (ლომია, 68), ფიფია.
მთავარი მწვრთნელი: ვლადიმერ ლობასი
“მეტალურგი”: ნადირაძე, კილასონია (ოქროპირიძე, 53), ჩიკვაიძე, შუშიაშვილი (პაქსაშვილი, 46), სარიშვილი, ბარამიძე, ბიწკინაშვილი (მიქუტაძე, 77), ციცქიშვილი, ბერუაშვილი, ნოზაძე, ბროლაძე.
მთავარი მწვრთნელი: ვარლამ კილასონია
გოლები: შულაია (47), დ. ციცხვაია (49), კიკნაველიძე (75)
გაფრთხილება: ციცქიშვილი (45), ჩიკვაიძე (90+1)
მთავარი მსაჯი: დავით სანოძე