24-30 აგვისტოს ყაზახეთის დედაქალაქი ასტანა ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს. ტურნირი უდიდეს ინტერესს იწვევს, რადგანაც 2016 წლის რიო დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების წინ, წლევანდელი მსოფლიოს ჩემპიონატი ყველაზე მაღალი რანგის ტურნირია ძიუდოში, სადაც სპორტსმენებს ტიტულისთვის ბრძოლასთან ერთად, უმაღლესი სალიცენზიო ქულების მოიპოვების შანსი ეძლევათ.
ჩემპიონატში მონაწილოებას 120 ქვეყნის 729 ძიუდოისტი (432 მამაკაცი, 297 ქალი) მიიღებს, წლის უმთავრესი ტურნირის პირდაპირი ტრანსლაცია კი 160 ქვეყანაში გადაიცემა.
აღსანიშნავია, რომ 24 აგვისტოდან მსოფლიო ჩემპიონატს სრულად აჩვენებს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი. წინასაწარი შეხვედრები თბილისის დროით ყოველდღიურად დილის 09:00 საათიდან დაიწყება, ფინალური ბლოკი კი – 15:00 საათიდან.
საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე 11 სპორტსმენით იასპარეზებს. პირად პირველობაში მონაწილე არ გვეყოლება ორ წონაში - 66-სა და 100-ში, დანარჩენ წონებში კი ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს პრიზიორი ამირან პაპინაშვილი (60), ევროპისა და ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი, ევროპის ორგზის ფინალისტი და ევროპული თამაშების ვიცე-ჩემპიონი ნუგზარ ტატალაშვილი (ორივე – 73), ევროპის სამგზის, მსოფლიოსა და ევროპული თამაშების ჩემპიონი ავთანდილ ჭრიკიშვილი, უშანგი მარგიანი (81), ევროპის ორგზის გამარჯვებული, მსოფლიოსა და ევროპული თამაშების ფინალისტი ვალერი ლიპარტელიანი, ბექა ღვინიაშვილი (90), ევროპისა და ევროპული თამაშების ჩემპიონი ადამ ოქრუაშვილი და ლევან მატიაშვილი (+100) გამოვლენ.
გუნდურ შეჯიბრში ამ ძიუდოისტებს ვაჟა მარგველაშვილი (66) დაემატებათ. ქალთა ტურნირში ერთი მონაწილე გვეყოლება – ნატურალიზირებული ჰოლანდიელი ესტერ სტამი (70).
ასტანას ყინულის სპორტის სასახლე “ალაუში” დაგეგმილ მსოფლიოს ჩემპიონატზე 24-29 აგვისტოს მამაკაცთა და ქალთა შორის მედლები 7-7 წონით კატეგორიებში გათამაშდება, ჩემპიონატის დასკვნითი დღე – 30 აგვისტო კი გუნდურ პირველობას დაეთმობა.
ქართველ ძიუდოისტთა გამოსვლის განრიგი
24 აგვისტო – ამირან პაპინაშვილი (60)
25 აგვისტო – მონაწილე არ გვყავს
26 აგვისტო – ლაშა შავდათუაშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი (ორივე 73)
27 აგვისტო – ავთანდილ ჭრიკიშვილი, უშანგი მარგიანი (ორივე 81)
28 აგვისტო – ვალერი ლიპარტელიანი, ბექა ღვინიაშვილი (ორივე 90) ესტერ სტამი (70)
29 აგვისტო – ადამ ოქრუაშვილი, ლევან მატიაშვილი (ორივე +100)
30 აგვისტო – გუნდური შეჯიბრება
ტრადიციულად, ჩემპიონატის წინა დღეს, 23 აგვისტოს ოფიციალური კენჭისყრა გაიმართა და ქართველ მეტოქეთა ვინაობაც გაირკვა. ტურნირის პირველ დღეს, 24 აგვისტოს, 60 კილოგრამში ამირან პაპინაშვილის პირველი მეტოქე ლიბანელი დამიენ ზიადი იქნება.
26 აგვისტოს, 73 კგ-ში პირველ წრეში ფრანგ პიერ დიუპრას შეხვდება ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი, მსოფლიო რეიტინგის მე-2 ნომერი ნუგზარ ტატალაშვილი კი ბრძოლას მეორე წრიდან დაიწყებს და უკრაინელ დმიტრო კანივეცს შეხვდება.
27 აგვისტოს 81 კგ-ში მსოფლიოს ჩემპიონი და რეიტინგის ლიდერი ავთანდილ ჭრიკიშვილი პირველ შეხვედრას ჰოლანდიელ ფრანკ დე ვიტთან გამართავს, ხოლო უშანგი მარგიანი პოლონელ ლუკაჟ ბლაჩს დაუპირისპირდება.
ბადის სხვადასხვა მხარეს არიან 90 კილოგრამში ვარლამ ლიპარტელიანი და ბექა ღვინიაშვილი. 28 აგვისტოს ლიპარტელიანის პირველი მეტოქე არაბეთის გაერთიანებული საემიროების წარმომადგენელი მიჰაილ მარჩიტანია, ხოლო ღვინიაშვილის – უკრაინის ნაკრების წევრი ქუედჟაო ნჰაბალი.
მძიმე წონაში, 29 აგვისტოს ადამ ოქრუაშვილი პირველ შეხვედრას პოლონელ მასიეი სარნაცკისთან გამართავს, ლევან მატიაშვილი კი კუბელ ალექს გარსიასა და უკრაინელ ალექსანდრ გორდიენკოს შორის გამარჯვებულს დაელოდება.
რაც შეეხება საქართველოს ნაკრების ნატურალიზირებულ წევრს – ესტერ სტამს, ქალთა შორის 70 კგ-ში მოასპარეზე ძიუდოისტი ბრძოლაში მეორე წრიდან ჩაერთვება და მაროკოელ ასამა ნიანგსა და ბელგიელ როქსან ტეიმანსს შორის გამარჯვებულს შეხვდება.
სასტუმრო “როქსოსში” გამართულ ოფიციალურ კენჭისყრას ესწრებოდა საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ირაკლი უზნაძე, რომელმაც კენჭისყრის შემდეგ ასეთი კომენტარი გააკეთა:
“მსოფლიოს ჩემპიონატზე სუსტი მეტოქე არ არსებობს, ეს ხომ უმაღლესი რანგის ტურნირია და შესაბამისად, ნებისმიერ მოწინააღმდეგესთან ბოლომდე ბრძოლაა საჭირო. ვფიქრობ, მთლიანობაში ჩვენთვის საკმაოდ ნორმალური კენჭისყრა გამოდგა. ნაკრების 9 წევრიდან 7 მსოფლიო რეიტინგის 8 საუკეთესო ძიუდოისტს შორისაა, რაც კენჭისყრისთვის უკეთეს პოზიციაზე მოსახვედრად მნიშვნელოვანი მომენტია.
დანარჩენი უკვე ტატამზე გამოჩნდება. გუნდი მართლაც კარგადაა მომზადებული, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის, საჭირო შეკრებები და ზოგადად, ნაყოფიერი მოსამზადებელი ეტაპი გავიარეთ, რამაც შედეგზეც უნდა იქონიოს გავლენა”.
კენჭისყრაზე მთავარ მწრთნელთან ერთად, ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი, ვიცე-პრეზიდენტი მამუკა ყიზილაშვილი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტის პოლიტიკისა და მართვის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე და ასევე საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი ვლადიმერ ნუცუბიძე იმყოფებოდნენ. აღსანიშნავია, რომ ნუცუბიძე ერთადერთი ქართველი მსაჯია, რომელიც ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ მსოფლიო ჩემპიონატზე მიიწვია.
მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე, ასტანაში ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ინიციატივით, მსოფლიო ძიუდოს დიდების დარბაზის გალა-დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა.
ქართული ძიუდოს კიდევ ერთი აღიარება გახლდათ დიდების დარბაზში 1972 წლის მიუნხენის ოლიმპიური ჩემპიონის შოთა ჩოჩიშვილის დასახელება, იაპონელ იასუჰირო იამაშიტას და სხვა ლეგენდებთან ერთად.
საზეიმო საღამოზე ჯილდო შოთა ჩოჩიშვილის ვაჟს რამაზ ჩოჩიშვილს გადაეცა, რომელიც გალა-დაჯილდოებაზე საერთაშორისო ფედერაციამ სპეციალურად მიიწვია (შოთა ჩოჩიშვილი 2009 წელს გარდაიცვალა).
გალა-დაჯილდოებაზე ამჯერად მსოფლიო ძიუდოს 9 გამორჩეული ჩემპიონი აირჩიეს, დიდების დარბაზში კი სულ 30 საპატიო წევრია.
გიორგი ჭანიშვილი msy.gov.ge-სთვის ასტანადან
სამინისტროს პრესსამსახური