დღეს, ავსტრიის ქალაქ ობერვარტში ახალგაზრდა ძიუდოისტებს შორის ევროპის ჩემპიონატი დაიწყო და ვაჟთა და გოგონათა რვა-რვა წონითი კატეგორიიდან ოთხ-ოთხში კონტინენტის ჩემპიონ-პრიზიორები გამოვლინდნენ.
ევროკონკურენციაში საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების 7 წევრი ჩაერთო და სამი მათგანი პოდიუმზეც ავიდა.
ყველაზე შედეგიანად 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე თამაზ კირაკოზაშვილი გამოვიდა – ხუთი შეხვედრა ჩაატარა, ხუთივე იპონით მოიგო და ევროპის ოქროს დაეუფლა. ფინალის გზაზე კირაკოზაშვილმა რუსი ალექსანდრ კოლესნიკი, იტალიელი ლეონარდო კასალია, ფრანგი ლუკას ოტმანი და კოსოვოელი აკილ გჟაკოვა ჩამოიშორა. გადამწყვეტ ბრძოლაში კი სლოვენიელი მარტინ ჰოჟაკი დაამარცხა.
73 კილოგრამში საქართველოს დროშის ქვეშ გიორგი კაციაშვილმაც იჭიდავა და ძირითად ბადეში გამოსვლა სწორედ ჰოჟაკთან, მეოთხედფინალში წაგებით დაასრულა. იქამდე კაციაშვილმა ესპანელი ესპანელი კარლოს აგილარ ვეგას, რუმინელი ელემერ სზოკსისა და ფინელი არტუ მაატას ძლევა მოასწრო. რეპეშაჟში გადართვის შემდეგ კი გერმანელი ტიმო გაველიუსი და კოსოვოელი გჟაკოვა ძალიან ადვილად დაამარცხა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ამრიგად, 73 კილოგრამის პოდიუმზე ორი ქართველი ავიდა.
კაციაშვილის მსგავსად, 60 კილოგრამში მოჭიდავე თორნიკე ნაგლიაშვილმაც ბრინჯაო გამოიტანა ავსტრიული ტატამიდან. შეჯიბრება ჰოლანდიის ნაკრების წევრ თორნიკე ჭკადუას ძლევით გახსნა. შემდეგ ბელგიელ ნაუფალ ეზ ზერადსა და ბულგარელ დენისლავ ივანოვსაც აჯობა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც ფრანგ ვალიდ ხიართან წააგო. "ბრინჯაოს ფინალში” კი ბრიტანელ ნეილ მაკდონალდს მოუგო.
საქართველოს ვაჟთა ნაკრების წევრთაგან დღეს საქმეში ირაკლი კუპატაძე (55 კგ) და ბექა შავდათუაშვილიც (66 კგ) ჩაერთნენ, მაგრამ მეოთხედფინალამდე დამარცხდნენ და სამივე სინჯის მედლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსი უმალ დაკარგეს.
დღესვე კიმონო ქართველმა გოგონებმაც მოირგეს: მარიამ ჯანაშვილი (52 კგ) და სალომე აბაშიძე (57 კგ) მერვედფინალამდე მივიდნენ.
ხვალ ევროკონკურენციაში ჩაებმებიან: ლევან გუგავა, კობა მჭედლიშვილი (ორივე 81 კგ), ბექა ღვინიაშვილი, დავით რამაზაშვილი (ორივე 90 კგ) და გურამ თუშიშვილი (+100 კგ).
ვასილ მშვილდაძე