ესპანეთის ჩემპიონატის მე-5 ტურის პირველ სათამაშო დღეს სამი შეხვედრა გაიმართა.
“ესპანიოლმა” საკუთარ მოედანზე “ვალენსია” მიიღო და მიმდინარე ლა ლიგაში პირველი მარცხი აგემა. სტუმრებს საწყის 15 წუთში ორჯერ შეეძლოთ გატანა, პირველ ეპიზოდში ზაქარია ბაკალიმ ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე გაამწვავა თამაში და კარგადაც დაარტყა, თუმცა პაუ ლოპესმა აჯობა. მეორე შემთხვევაში კი, ბელგიელმა როდრიგო მორენო გაიყვანა მეკარესთან პირისპირ, მაგრამ ესპანელი ძალიან ცუდად გაისარჯა და პირდაპირ პაუს გაარტყა ბურთი.
გამოუყენებელი მომენტებისთვის “ვალენსია” მალევე დაისაჯა. მე-18 წუთზე მასპინძლებმა სტანდარტულიდან საჯარიმოში ჩააწოდეს, სადაც სანტი მინამ ძალიან ცუდად ითამაშა და ცარიელ კართან ახლოს მდგომ ვიქტორ ალვარესს გადააწოდა ბურთი, რომელსაც თავური დარტყმით მოახერხა გატანა.
ტაიმის ბოლომდე “თუთიყუშებს” კიდევ ორჯერ შეეძლოთ გატანა, თუმცა ხაუმე დომენეშმა შესანიშნავი სეივები განახორციელა და მეტოქეს არ გაატანინა.
მეორე ნახევარი “ღამურების” შეტევით დაიწყო და 48-ე წუთზე როდრიგოს თავური დარტყმით შეეძლო გატანა, მაგრამ პაუ ლოპესი კვლავ მოწოდების სიმაღლეზე გახლდათ. ამის შემდეგ, უპირატესობას მასპინძლები დაეუფლნენ და თუ ვინმეს გატანა შეეძლო “ესპანიოლი” იყო, თუმცა სტუმართა მეკარე კვლავ ჩინებულად თამაშობდა. ხაუმე დომენეშის ასეთი კარგი თამაში ნამდვილად გამოსარჩევია, რადგან სეზონის დაწყების წინ, ის კლუბის მეოთხე მეკარედ ითვლებოდა და ამჟამად, ტრავმირებულ დიეგო ალვეშსა და მეთიუ რაიანს ცვლის. “ლოს ჩეს” ერთადერთი მომენტი 90-ე წუთზე შეექმნა, აიმენ აბდენურის თავურ დარტყმას სიძლიერე აკლდა და პაუ ლოპესს ბურთის დაჭერა არ გასჭირვებია – 1:0.
“ვალენსიას” კრიზისი გრძელდება. “მესტალიას” ბინადარს 5 მატჩში 6 ქულა აქვს და ძლიერ კლუბთან ჯერ არ უთამაშია. ნუნუ ესპირიტო სანტოს რაღაცის გამოსწორება მართებს, თორემ პიტერ ლიმის მოთმინება უსაზღვრო არაა და ხორხე მენდეშთან მეგობრობამ, მალე შესაძლოა ვეღარ უშველოს...
სამაგიეროდ, კარგად გამოიყურება მადრიდის “ატლეტიკო”, რომელმაც მინი-მადრიდულ დერბიში საკუთარ მოედანზე “ხეტაფე” მიიღო და ანტუან გრიზმანის დუბლით დაამარცხა. ანგარიში ანტუანმა მე-4 წუთზე ახლო მანძილიდან მცველების შეცდომის შემდეგ გახსნა, ხოლო 90-ე წუთზე ჯექსონ მარტინესის კარგი გადაცემა გამოიყენა და ასევე ახლოდან გაუტანა ვისენტე გუაიტას.
უნდა ითქვას, რომ სტუმრებს ცუდად არ უთამაშიათ და რამდენიმე კარგი მომენტიც ჰქონდათ. გოლის გატანა შეეძლოთ სცეპოვიჩსა და პედრო ლეონს, თუმცა ორივეს მიზანმა უმტყუნა.
გრიზმანის გარდა, მაპინძელთაგან ანხელ კორეა აქტიურობდა, რომელიც მეორე ტაიმში გამოჩნდა მინდორზე. თუმცა, წინა მატჩისგან განსხვავებით, არგენტინელმა ამჯერად ვერ გაიტანა.
“ატლეტიკოს” 5 მატჩში 12 ქულა აქვს, ხოლო “ხეტაფეს” – 3.
დღის ბოლო მატჩში “გრანადა” საკუთარ “ლოს კარმენესზე” სან-სებასტიანის “რეალ სოსიედადს” დაუპირისპირდა და სამი უპასუხო ბურთი გაუშვა. ბასკთაგან სამივე გოლის გატანა იმანოელ აგირეჩემ მოახერხა.
ესპანიოლი – ვალენსია 1:0 (1:0)
ბარსელონა, “კორნელია ელ პრატი”
ესპანიოლი (4-2-3-1): პაუ, როკო, ა.გონსალესი, არბილია, დუარტე, ვ.სანჩესი (დიოპი 89), კანიასი, ვ.ალვარესი (ბურგუი 71), ასენსიო (ხ.მორენო 76), ჰ.პერესი, კაისედო.
მწვრთნელი: სერხიო გონსალესი
ვალენსია (4-3-3): დომენეში, სანტოსი, აბდენური, გაია (ფეგული 61), კანსელო, ფუეგო, ე.პერესი, ბარბოსა, ბაკალი (ალკასერი 65), მინა (პიატი 65), როდრიგო.
მწვრთნელი: ნუნუ ესპირიტო სანტო
გოლი: ვ.ალვარესი 18.
გაფრთხილებები: ა.გონსალესი, ვ.სანჩესი, ჰ.პერესი, დუარტე – როდრიგო, მინა, ბაკალი, გაია, ბარბოსა, ე.პერესი, პიატი
მსაჯი: იგლესიას ვილანუევა
ატლეტიკო – ხეტაფე 2:0 (1:0)
მადრიდი, “ვისენტე კალდერონი”
ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი, სავიჩი, გოდინი, ხუანფრანი, სიკეირა, კარასკო (ა.კორეა 46), გაბი, საული, ო.ტორესი (ტიაგო 65), გრიზმანი, ფ.ტორესი (ჯ.მარტინესი 57).
მწვრთნელი: დიეგო სიმეონე
ხეტაფე (4-2-3-1): გუაიტა, ალექსისი, ვერჯინი, ვიგარაი, დ.სუარესი, ხ.როდრიგესი (მენსა 81), მედრანი, ვ.როდრიგესი, ლაფიტა (ა.ვაზკესი 79), ლეონი (ვანდერსონი 70), სცეპოვიჩი.
მწვრთნელი: ფრან ესკრიბა
გოლები: გრიზმანი 4;90
გაფრთხილებები: სიკეირა, გაბი, ტიაგო – ალექსისი, ლაფიტა
მსაჯი: ალვარეზ იზკუერდო
გრანადა – სოსიედადი 0:3 (0:2)
გრანადა, “ლოს კარმენესი”
გრანადა (4-2-3-1): ა.ფერნანდესი, დორია (იბანესი 74), ბაბინი, ბირაგი, მ.ლოპესი, კრინი, მარკესი, როჩინა (ნ.ლოპესი 55), სუკესი, მენდეში (ბიფოუმა 54), ელ არაბი.
მწვრთნელი: ხოსე რამონ სანდოვალი
სოსიედადი (4-2-3-1): ოიერი, ი.მარტინესი, რეიესი, ელუსტონდო, დე ლა ბელა, გრანერო (პარდო 53), ილარამენდი, კანალესი (პრიეტო 69), ზურუტუზა, ველა (ბრუმა 83), აგირეჩე.
მწვრთნელი: დევიდ მოიესი
გოლები: აგირეჩე 7;33;79.
გაფრთხილებები: კრინი, დორია, სუკესი, ა.ფერნანდესი, მ.ლოპესი – გრანერო, დე ლა ბელა, ველა, პარდო
მსაჯი: ესტრადა ფერნანდესი