ჭიდაობა

14:34 | 8.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

სმენადაქვეითებულთა შორის ევროპის VI ჩემპიონატი ჭიდაობაში

სმენადაქვეითებულთა შორის ევროპის VI ჩემპიონატს ბერძნულ-რომაული და თავისუფალი სტილით ჭიდაობაში 10-17 ოქტომბერს თბილისი უმასპინძლებს. ტურნირი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით გაიმართება. ევროპის ჩემპიონატის თანაორგანიზატორია თბილისის მერია.

კონტინენტის პირველობაში ქართველების გარდა სომეხი, აზერბაიჯანელი, ბელგიელი, ბელარუსი, ბულგარელი, ბერძენი, ლიტველი, მოლდოველი, პორტუგალიელი, რუსი, სერბი, თურქი და უკრაინელი სპორტსმენები იასპარეზებენ. საერთო ჯამში ევროპის ჩემპიონატზე 237 სპორტსმენი გამოვა.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში სმენადაქვეითებულთა შორის ბერძნულ-რომაული და თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატთან დაკავშირებით, დღეს, პრესკონფერენცია გაიმართა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილის შალვა გოგოლაძის, საქართველოს სმენადაქვეითებულთა კავშირის პრეზიდენტის ამირან ბატატუნაშვილის და თბილისის მერიის სპორტის სამსახურის განყოფილების უფროსი გეგა ზურაბაშვილის მონაწილეობით.

„სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთვის დიდი პატივია ასეთი შეჯიბრების მასპინძლობა. მინდა გითხრათ, რომ ევროპის ჩემპიონატი ბატონი პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით იმართება - სწორედ მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო თანხა, რომელიც ჩემპიონატის მაღალ დონეზე ორგანიზებას მოხმარდება. მსურს მონაწილე სპორტსმენებს წარმატება ვუსურვო”, - განაცხადა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტროს მოადგილემ შალვა გოგოლაძემ.

“პირველ რიგში მსურს მადლობა გადავუხადო სამინისტროს, ასევე დედაქალაქის მერიას მხარდაჭერისა და თანადგომისთვის. ცხადია, მადლობელნი ვართ მთავრობის და პირადად პრემიერ-მინისტრის, რომელთა თანადგომა ჩვენთვის ბევრს ნიშნავს. საქართველოს სმენადაქვეითებულთა კავშირი მალე საუკუნოვან იუბილეს აღნიშნავს, ასეთი დიდი საერთაშორისო ღონისძიებისთვის კი აქამდე არასდროს გვიმასპინძლია. დარწმუნებული ვარ, ევროპის ჩემპიონატი უმაღლეს დონეზე ჩაივლის”, - ამირან ბატატუნაშვილი, საქართველოს სმენადაქვეითებულთა კავშირის პრეზიდენტი.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.098282