2015 წლის 24 ოქტომბერს აბუ დაბიში, ახალგაზრდებს შორის ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ქალთა ძიუდოს ისტორიაში კიდევ ერთი ახალი, ლამაზი ფურცელი გადაიშალა.
ჩვენი ქალთა ძიუდოსთვის აქამდე არნახული, უდიდესი შედეგის შემოქმედი, გოგონათა ნაკრების მთავარი იმედი და წინამძღოლი - მარიამ ჯანაშვილი გახდა, ვინც მსოფლიოს ახალგაზრდულ პირველობაზე 52 კგ. წონით კატეგორიის ფინალში გავიდა და საქართველოს ვერცხლის მედალი მოუპოვა.
ჯანაშვილის ასეთი კარგი გამოსვლა სენსაციური არა, მაგრამ მოულოდნელი ნამდვილად გახლდათ. მსოფლიო ქალთა ძიუდოს სამყაროში ის კარგად არის ცნობილი. 2013 წელს კადეტებს შორის მსოფლიო ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონი, იმავე წელს კადეტთა ევროპის პირველობის გამარჯვებული, ასევე არაერთი ასაკობრივ ტურნირზე ოქროს მედლის მფლობელი, შეუძლებელია ვინმესთვის შეუმჩნეველი დარჩენილიყო.
რა თქმა უნდა, 19 წლის მარიამს კარგად იცნობენ და ანგარიშგასაწევ ძალადაც ითვლება. უბრალოდ, ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე მთავარ ფავორიტებს შორის არ მოხსენიებას ერთი სერიოზული არგუმენტი ჰქონდა. გასული წლის ბოლოს ქართველმა გოგონამ ორივე მუხლზე უმძიმესი ოპერაცია გადაიტანა და მას შემდეგ არა თუ რამე ტურნირზე არ გამოსულა, ფაქტობრივად, არც კი უვარჯიშია.
თანაც აბუ დაბიში 52 კგ. წონით კატეგორიაში ისეთი გოგონები იყვნენ თავმოყრილი, რომ მათთან გამკლავება ამ ეტაპზე თითქოს არარეალურიც ჩანდა: ტურნირის პირველი ნომერი, ახალგაზრდებს შორის მოქმედი ევროპის ჩემპიონი ფრანგი ასტრიდ გნეტო, საქვეყნოდ ცნობილი კოსოვოელი დისტრია კრასნიჩი, კადეტებს შორის მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი იაპონელი ტომიძავა, ხორვატთა ამომავალი ვარსკვლავი ტოპოლოვეცი და კიდევ არაერთი უძლიერესი ძიუდოისტი მხოლოდ გამარჯვებისთვის იყვნენ მომართული და ახლად ტრავმამოშუშებული, სატურნირო პრაქტიკას მოკლებული ჯანაშვილის ადრინდელ ტიტულებს ნაკლებად დაგიდევდნენ.
ჩვენმა ძიუდოისტმა მეტოქეთა ამბიციებს ცივი წყალი გადაასხა, ყველა პირში ჩალაგამოვლებული დატოვა და მის მიმართ სკეპტიკურად განწყობილ კრიტიკოსებსაც მკაფიო მესიჯი გაუგზავნა - მარიამ ჯანაშვილი არსად წასულა, ის აქ არის, და ის დაბრუნდა!
ტურნირის პირველივე შეხვედრა ქართველს მესამე ნომრად განთესილ ავსტრალიელ ეშტონთან მოუწია. ოკეანეთის წარმომადგენლები ძიუდოში არასოდეს ბრწყინავდნენ, მაგრამ ეს გოგონა საკმაოდ კერკეტი კაკალი აღმოჩნდა. გვარიანად ანერვიულა მარიამი. შეხვედრის პირველ ნახევარში თანაბრად ებრძოლა. თუმცა ჯანაშვილის კლასმა მაინც იჩინა თავი. შეურჩია მომენტები და ჯერ ვაზარზე, მერე კი იპონზე მშვენიერი გდებით, პაექრობა სათავისოდ დაასრულა.
მომდევნო შეხვედრა ალბათ ყველაზე მძიმე და სანერვიულო გამოდგა. ბელგიელი ბლავიე ძიუდოს ფრანგული სკოლის წარმომადგენელია, შეკრებებსაც ფრანგებთან ერთად გადის ხოლმე და ამიტომ ყველასთვის უხერხული მეტოქეა. ჯანაშვილისთვისაც ასე იყო. მთელი დაპირისპირების განმავლობაში ვერაფერს უხერხებდა მოქნილ, კარგად გაწვრთნილ მეტოქეს. ფაქტობრივად შეხვედრა დავთმეთ, იმედიც არსაიდან ჩანდა. სწორედ აქ იჩინა თავი ჩვენი გოგონას შეუდრეკელმა სულმა - იმ მებრძოლმა სულმა, რისი წყალობითაც მარიამმა ამდენ წარმატებას მიაღწია და რამაც გადაატანინა ტრავმიანობის მძიმე პერიოდი. ჯანაშვილმა ბოლო წამებამდე ბრძოლის, გამარჯვებისკენ სწრაფვის საოცარი ჟინი გამოვლინა და 20 წამით ადრე მაინც შეძლო წაგებული შეხვედრის შემოტრიალება - ბელგიელი ვაზარზე დააგდო.
ასეთი გამარჯვების შემდეგ ცხადი იყო, მინიმუმ ნახევარფინალში გასვლა არ უნდა გასჭირვებოდა. რადგან მეოთხედფინალში მოულოდნელად უცნობი მექსიკელი კრუზი ელოდა.
იაპონელი ტომიძავას მარცხს თუ არ ჩავთვლით, ვინც უნგრელ ტოტთან ფეხში შესვლისთვის მოხსნეს, მექსიკელმა გოგონამ ტურნირის მთავარი სენსაცია შემოგვთავაზა. მარიამთან შეხვედრამდე მტკივნეული ილეთით დაამარცხა ჯგუფის მთავარი ფავორიტი, თურქი დამლა ჩალიშკანი. ეს ის ჩალიშკანია, ვინც ერთი თვის წინ ახალგაზრდებს შორის ევროპის პირველობაზე ჩვენს ფალავანს მოუგო და სავარაუდო ბრინჯაოს მედალი, რომელსაც გულშემატკივრები ჯანაშვილისთვის გეგმავდნენ, თვითონ ირგუნა.
მექსიკელის მიერ ასეთი ძლიერი მეტოქის დამარცხებით გაკეთებული საჩუქარი მარიამმა კარგად შეირგო. პირველივე მისვლაზე ვაზარი აუღო, შემდეგ ბოჭვაზეც დაიჭირა, რითაც იუკო დაიმსახურა და საბოლოოდ მეტოქის გააფთრებული წინააღმდეგობის მიუხედავად, ნახევარფინალში გავიდა.
ნახევარფინალში კიდევ ერთი უმძიმესი ბრძოლის მოწმენი გავხდით. ჯანაშვილის მეტოქე ბრიტანელი გაილსი ტურნირის ფავორიტად არ ითვლებოდა, თუმცა ამ ეტაპზე მისულს ფინალში გასვლის ამბიციაც გაუჩნდა და ნამდვილი ომი გაუმართა მარიამს. მან თავიდანვე უხერხულ მოძრაობზე დაიჭირა ქართველი, შებოჭა და რომ არა ჩვენი ძიუდოისტის გასაოცარი ელასტიურობა, გამარჯვებამდეც მიიყვანდა საქმეს. ჯანაშვილმა შებოჭვიდან თავის დაძვრენა მაშინ შეძლო, როცა უკვე ვაზარის აგებდა. მერე ჯიქურ შეუტია მეტოქეს, მისი საყვარელი ილეთით - ბრუნით, რამდენჯერმე სცადა შეტევა და შედეგსაც მიაღწია: ჯერ იუკო, შემდეგ ვაზარი მოიპოვა. ბრიტანელმა გაიბრძოლა და თითქოს, 10 წამით ადრე ილეთიც შეასრულა. მსაჯებმა ეს მომენტი განიხილეს, გდებად არ შეაფასეს და მარიამ ჯანაშვილი ფინალში გავიდა!
ტატამს როცა ტოვებდა, მის საპატივსაცემოდ დარბაზში კავკასიური ჰანგები გაისმა და გახარებულმა მარიამმა ისეთი ჩამოუარა, ისეთი ცეცხლოვანი ცეკვა შეასრულა, რომ ტრიბუნებს ოვაციები მოსწყვიტა და აღფრთოვანებაში მოიყვანა იქ მყოფი საზოგადოება.
ფინალი ჯანაშვილმა ძალიან ძალიერ კოსოვოელ დისტრია კრასნიჩისთან დათმო. აქ პერიპეტიების გარჩევას არ შევუდგებით, მხოლოდ შევეცდებით ავხსნათ რატომ: მარიამი ჯერ 19 წლისაა და კიდევ ერთი წელი აქვს ახალგაზრდებში საჭიდაოდ. ვთქვით, რომ ოპერაციის შემდეგ 2015 წელს ფაქტობრივად არც კი უვარჯიშია და მთავარი - არასოდეს მიუღია მონაწილეობა უფროსებს შორის გამართულ არცერთ ტურნირზე. მაშინ, როცა 20 წლის კრასნიჩის მსოფლიოში უძლიერესი სპარინგ პარტნიორი ჰყავს თანამემამულე მსოფლიოს 2-გზის ჩემპიონ მაილინდა კელმენდის სახით. თანაც 2014 წლიდან მოყოლებული ყოველ კვირას თუ არა, თვეში ერთხელ მაინც მონაწილეობს უფროსებს შორის გამართულ გრან-პრის, გრან-სლემის ტურნირებზე და ასევე ორ-ორჯერ მოასწრო დიდების მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე გამოსვლა.
ამის შემდეგ ნათელი ხდება თუ რამხელა პოტენციალის მქონე ძიუდოისტი გვყავს მარიამ ჯანაშვილის სახით. სატურნირო გამოცდილებასთან ერთად, მას არ უნდა გაუჭირდეს უკვე დიდებში - 52 კგ. წონით კატეგორიაში თავის დამკვიდრება.
საგანგებოდ უნდა აღინიშნოს მარიამის მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადებაში ძიუდოს ფედერაციისა და მწვრთნელის - კახა მოცრაძის ღვაწლი. ევროპაზე წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ, აბუ დაბისთვის მოსამზადებლად ჯანაშვილმა რომში გამართულ საკმაოდ წარმომადგენლობით კემპზე ვარჯიშებში მიიღო მონაწილეობა, რამაც უცილობლად უდიდესი როლი ითამაშა მის წარმატებაში.
ახლა ნაკრების მწვრთნელები გია თენაძე და კახა მოცრაძე ჯანაშვილის რიოს 2016 წლის ოლიმპიადის ლიცენზიებისთვის ბრძოლაში ჩართვას გეგმავენ.
მომდევნო კვირის ბოლოს აბუ დაბის გრან-სლემზე მარიამის გამოსვლა არ მოხერხდა, სამაგიეროდ ჩვენი ძიუდოისტი ნოემბრის ბოლოს ჩინეთში ქინგდაოს გრან-პრიზე და ასევე სამხრეთ კორეულ ჯეჯუში ანალოგიურ ტურნირზე მიიღებს მონაწილეობას.
მარიამ ჯანაშვილი ოლიმპიური ლიცენზიებისთვის ბრძოლაში ებმება და შეეცდება უკვე 2016 წელს აისრულოს ყველა სპორტსმენის და პერსონალურად მისი ბავშვობის ოცნება - მონაწილეობა მიიღოს ოლიმპიურ თამაშებში.
ირაკლი ხმელიძე