ესპანეთის ჩემპიონატის მე-9 ტურის შემდეგ სამეულში ფავორიტები აღმოჩნდნენ. ტურის ცენტრალური შეხვედრა “ვისენტე კალდერონზე” შედგა, სადაც ადგილობრივმა “ატლეტიკომ” “ვალენსია” დაჯაბნა და დამსახურებული სამი ქულა მოიპოვა.
ცოტათი გაუგებარი გახლდათ “ვალენსიას” ტაქტიკა და შემადგენლობა. ნუნუ ესპირიტო სანტომ როდრიგო დე პაული და ალვარო ნეგრედო განაცხადს მიღმა დატოვა, პაკო ალკასერი თადარიგში გახლდათ, ხოლო სოფიან ფეგული ტრავმირებული გახლდათ და ამიტომ ვერ ეხმარებოდა თავის გუნდს. პორტუგალიელმა მწვრთნელმა უარი თქვა გამოკვეთილ ფორვარდზე წინა შეტევაში სანტი მინა და როდრიგო მორენო გაამწესა, ხოლო ფლანგებზე ვინ თამაშობდა მგონი თავად ესპირიტომაც არ იცის. ენცო პერესი, დანილო ბარბოსა, დანიელ პარეხო, ანდრე გომეში – ოთხივე ცენტრალური ნახევარმცველია. ასეთი ექსპერიმენტალური შემადგენლობის დაყენება, “ღამურების” თამაშზე რასაკვირველია აისახა, გუნდს არანაირი თამაში არ ჰქონდა, მომენტებს ვერ ქმნიდა და ვერც დაცვაში გამოიყურებოდა დამაჯერებლად.
დიეგო სიმეონემ თითქმის იმ შემადგენლობით ითამაშა, რომლითაც გასულ ტურში “სოსიედადს” სძლია გასვლაზე და ერთადერთი ცვლილება განახორციელა – ანხელ კორეას ნაცვლად იენიკ ფერეირა-კარასკო დააყენა ძირითადში, რომელმაც მწვრთნელს იმედები 100%-ით გაუმართლა და მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ.
შეხვედრის დასაწყისი თანაბარი გამოდგა და პირველ ნახევარ საათში კლუბებს თითო მომენტი შეექმნათ, მაგრამ მეკარეებმა იყოჩაღეს. გარდა ამისა, საწყისი წუთებიდან აღსანიშნავია როდრიგო მორენოს ტრავმა, რომელიც 23-ე წუთზე დაშავდა და მის ნაცვლად, პაკო ალკასერი გამოჩნდა მინდორზე. წინასწარი ინფორმაციის თანახმად, როდრიგომ შესაძლოა რამდენიმე თვე იუქმოს.
მადრიდელებმა ნელ-ნელა მოუმატეს, თუმცა ეს ძირითადად ბევრი კუთხურის მოწოდებაში აისახებოდა, ხოლო სახიფათო მომენტი ნაკლებად იქმნებოდა დომენეშის კართან. გოლი კი ნამდვილად უწყინარ სიტუაციაში გავიდა, ჯერ შკოდრან მუსტაფი ასცდა მცველების მიერ მოგერიებულ ბურთს, ხოლო შემდეგ იმის მაგივრად, რომ ადერლან სანტოსს მეწყვილის შეცდომა გამოესწორებინა, უარესად ითამაშა, ბურთს ფეხი ააცილა და ჯექსონ მარტინესი მეკარესთან პირისპირ დატოვა, რომელმაც შანსი გამოიყენა და 32-ე წუთზე ანგარიში გახსნა.
გაშვებულმა გოლმა თამაშის სცენარი ძალიან შეცვალა. “ვალენსიას” იმის მაგივრად, რომ მოემატებინა, პირიქით, კიდევ უფრო მოუკლო და შეტევას მხოლოდ “ატლეტიკო” ცდილობდა, რაც უკვე კარგად გამოსდიოდათ. ერთწუთიან მონაკვეთში მადრიდელებს ორჯერ შეეძლოთ გატანა, მარტინესის დარტყმული დომენეშმა კუთხურზე მოიგერია, რომელსაც გოდინის თავური დარტყმა მოჰყვა, მაგრამ ხაუმემ კვლავ შესანიშნავად ითამაშა, ბურთს ხელი წაარტყა და გაიამ შეძლო კარიდან გამოტანა. “როხიბლანკომ” მეორე გოლის გატანა მაინც მოახერხა, კარასკომ ორი მეტოქე ჩამოიშორა და შესანიშნავი დარტყმით 40-ე წუთზე სხვაობა გაზარდა.
მეორე ტაიმიც ანალოგიურად მიმდინარეობდა. “ვალენსია” უსუსური და გატეხილი გუნდის შთაბეჭდილებას ტოვებდა, ხოლო მასპინძლები საკუთარ შანსს ელოდნენ და 68-ე წუთზე ანტუან გრიზმანს ასეთი მიეცა კიდეც, მაგრამ ახლო მანძილიდან ააცილა. “ღამურები” ვერაფერს აკეთებდნენ შეტევაში, მაგრამ სხვაობის შემცირება და მატჩის დაძაბვა მაინც შეძლეს. სტუმრებმა კუთხური მოაწოდეს, საჯარიმოში მცირე არეულობა შეიქნა და ბურთი შკოდრან მუსტაფის მიუვიდა, რომელიც დიეგო გოდინმა წააქცია და ხესუს ხილ მანსანომ პენალტი დანიშნა. პარეხოს არყოფნაში 11-მეტრიანი პაკო ალკასერმა შეასრულა და ეს ზუსტადაც მოახერხა. დარჩენილ დროში გატანის ყველაზე რეალური შანსი კვლავ მასპინძლებს ჰქონდათ, მაგრამ კვლავ დომენეშმა ივარგა და ხუანფრანს არ გაატანინა. “ლოს ჩე” მხოლოდ სტანდარტულებიდან ცდილობდა სახიფათო მომენტის შექმნას, რამაც ვერ უშველა და დამსახურებულად დარჩა უქულოდ. “ვალენსიამ” თუ ასე განაგრძო ნუნუ ესპირიტო სანტოს ხორხე მენდეშთან მეგობრობაც ვეღარ უშველის და პიტერ ლიმი, რომელმაც ზაფხულში დაახლოებით 150 მილიონი ევრო დახარჯა ტრანსფერებისთვის პორტუგალიელს კარისკენ მიუთითებს.
“ატლეტიკო” 19 ქულით მე-3 ადგილზეა და ლიდერებს 2 ქულით ჩამორჩება, ხოლო “ვალენსია” 12 ქულით მე-9 პოზიციას იკავებს.
გათამაშების ერთ-ერთმა ლიდერმა “ბარსელონამ” შინ “ეიბარი” მიიღო და როგორც მოსალოდნელი გახლდათ, სამი ქულის მოპოვება მოახერხა. თუმცა, შეხვედრის დასაწყისი მასპინძელთათვის ცუდი გამოდგა, რადგანაც მე-10 წუთზე ბასტონმა ანგარიშის გახსნა მოახერხა. “ბლაუგრანამ” წონასწრობა 21-ე წუთზე აღადგინა, ბუსკეტსი-რამირესი-სუარესის სამსვლიანი კომბინაცია ურუგაელის გოლით დასრულდა. პირველი ნახევრის დარჩენილ დროში ანგარიშის შეცვლა ორივე კლუბს შეეძლო, მაგრამ მომენტები ვერ გამოიყენეს.
მეორე ნახევარი კი, მასპინძელთათვის იდეალურად დაიწყო - 48-ე წუთზე ნეიმარის გადაცემით ლუის სუარესმა იხეირა და “ბარსელონა” წინ გაიყვანა. ერთადერთი, რაც მასპინძელთათვის სამწუხაროა, ხავიერ მასკერანოს წითელი ბარათია, რომელიც 83-ე წუთზე მსაჯის სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო იქნა გაძევებული. “ბარსელონას” რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენა არ დასტყობია და ორ წუთში სუარესმა ჰეთ-თრიკის შესრულება მოახერხა – 3:1. “ბარსელონას” 21 ქულა აქვს და “რეალს” მხოლოდ ბურთების უარესი სხვაობით ჩამორჩება.
“სოსიედადმა” გასვლაზე “ლევანტეს” განადგურება მოახერხა, ხოლო “ლას პალმასი” და “ვილიარეალი” უგოლოდ დაშორდნენ ერთმანეთს.
ლევანტე – სოსიედადი 0:4 (0:2)
ვალენსია, “სიუდად დე ვალენსია”
ლევანტე (5-3-2): რუბენი, ხუანფრანი (გილასი 46), ფედალი, სიმაო, ტონიო, მორალესი, ლერმა (რ.გარსია 62), ხოსე მარი (ვერზა 46), კამარასა, როჟერი, დეივერსონი.
მწვრთნელი: ლუკას ალკარაზი
სოსიედადი (4-2-3-1): რული, ი.მარტინესი, მ.გონსალესი, ზალდუა, ბერჩიჩი, ბერგარა, ილარამენდი, ზურუტუზა (კანალესი 83), ველა (ოიერზაბალი 85), პრიეტო, აგირეჩე (ჩ.კასტრო 75).
მწვრთნელი: დევიდ მოიესი
გოლები: 0:1;0:4 ველა (8;84), 0:2 აგირეჩე (35), 0:3 ილარამენდი (82)
გაფრთხილებები: დეივერსონი, ფედალი, ლერმა, როჟერი – მ.გონსალესი, ბერგარა, ბერჩიჩი
გაძევება: დეივერსონი (90)
მსაჯი: უნდიანო მალენკო
ლას პალმასი – ვილიარეალი 0:0
ლას პალმასი, “ესტადიო დე გრან კანარია”
ლას პალმასი (4-4-2): ვარასი, ბიგასი, აიტამი, სიმონი, გარიდო, ვ.გომესი (ერნანი 72), ელ ჟარი (ნაუზეტი 79), ვიერა, ტანაუსუ (ვ.ჟოზე 87), არაუხო.
მწვრთნელი: კიკე სეტიენი
ვილიარეალი (4-4-2): არეოლა, ბონერა (რუკავინა 83), რუისი, გასპარი, ხ.კოსტა, ჯ.დოს სანტოსი, სორიანო, ლეივა (სამუელი 67), კასტილიეხო, დ.სუარესი, ბაკამბუ (სოლდადო 59).
მწვრთნელი: მარსელინიო ტორალი
გაფრთხილებები: ბიგასი – სამუელი, რუკავინა
მსაჯი: ესტრადა ფერნანდესი
ბარსელონა – ეიბარი 3:1 (1:1)
ბარსელონა, “ნოუ კამპი”
ბარსელონა (4-3-3): ბრავო, ბარტრა (მატიე 56), პიკე, ალვეში, ალბა, მასკერანო, რაკიტიჩი, ბუსკეტსი, რამირესი (ელ ჰადადი 56), ნეიმარი, ლ.სუარესი.
მწვრთნელი: ლუის ენრიკე
ეიბარი (4-2-3-1): რიესგო, მ.დოს სანტოსი, პანტიჩი, ხუნსა, კაპა, დ.გარსია (ისრაფილოვი 46), ესკალანტე, ვერდი (ენრიჩი 54), ინუი (ბერხონი 79), კეკო, ბასტონი.
მწვრთნელი: ხოსე ლუის მენდილიბარი
გოლები: 0:1 ბასტონი (10), 1:1;2:1;3:1 ლ.სუარესი (21;48;85)
გაფრთხილებები: რაკიტიჩი, პიკე, ნეიმარი – ესკალანტე, ხუნსა, პანტიჩი, კაპა, ისრაფილოვი
გაძევება: მასკერანო (85)
მსაჯი: დელ სერო გრანდე
ატლეტიკო – ვალენსია 2:1 (2:0)
მადრიდი, “ვისენტე კალდერონი”
ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი, ხიმენესი, გოდინი, ხუანფრანი, ლუისი, კარასკო (ო.ტორესი 69), გაბი, ტიაგო, კოკე, გრიზმანი (კორეა 82), ჯ.მარტინესი (ფ.ტორესი 59).
მწვრთნელი: დიეგო სიმეონე
ვალენსია (4-3-3): დომენეში, მუსტაფი, სანტოსი, გაია, კანსელო, ბარბოსა, ე.პერესი (პიატი 80), პარეხო (ბაკალი 55), გომეში, მინა, როდრიგო (ალკასერი 23).
მწვრთნელი: ნუნუ ესპირიტო სანტო
გოლები: 1:0 ჯ.მარტინესი (32), 2:0 კარასკო (40), 2:1 ალკასერი (72 პენ.)
გაფრთხილებები: კარასკო, ხუანფრანი, კორეა, გაბი – მუსტაფი, პარეხო, ე.პერესი, გომეში
მსაჯი: ხესუს ხილ მანსანო