საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის ფინალშია. მინდია ბოდაველისა და ირაკლი ცირეკიძის გაწვრთნილი გუნდი საქმეში მეორე წრიდან – მეოთხედფინალიდან ჩაერთო და ბელარუსის ნაკრებთან დაძაბულ ბრძოლაში 3:2 იმარჯვა. ნახევარფინალში კი ქართველმა 21-წლამდელებმა ეგვიპტელ თანატოლებს 4:1 აჯობეს.
საჩემპიონო ბრძოლა საქართველოსა და იაპონიას შორის შედგება. მსოფლიო პირველობაზე პირველ ნომრად განთესილმა იაპონელებმა ფინალის გზაზე ასევე ორი შეხვედრა ჩაატარეს. ჯერ ალჟირს სძლიეს, შემდეგ კი უზბეკეთს.
ვაჟთა შორის, ბრინჯაოს მედლებისთვის რუსეთი ეგვიპტეს შეხვდება, ხოლო ბელარუსი – უზბეკეთს.
დღესვე მსოფლიოს ჩემპიონ-პრიზიორები გოგონებშიც გამოვლინდებიან. დილის ბლოკი წაუგებლად იაპონიამ და საფრანგეთმა ჩაამთავრეს და შესაბამისად, ოქროს მედლისთვის ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. იქამდე კი, რეპეშაჟის ფინალში ჰოლანდია სამხრეთ კორეას შეხვდება, ყაზახეთი – გერმანიას.
გადამწყვეტი შეხვედრები თბილისის დროით 17 საათიდან დაიწყება.