დღეს თბილისის დროით გამთენიისას კონმებოლის ზონაში მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მე-4 ტური დასრულდა.
ლიდერობა შეინარჩუნა ეკვადორის ნაკრებმა, რომელიც შესანიშნავ ფორმაშია და ქულა ჯერ არ დაუკარგავს. მათ გასვლაზე ვენესუელას დამარცხება მოახერხეს. სტუმრებმა პირველი ნახევარი ფიდელ მარტინესისა და ჯეფერსონ მონტეროს გოლებით მოიგეს, რითაც შეხვედრის ბედი დიდწილად გადაწყვიტეს. მე-60 წუთზე ეკვადორელთა უპირატესობა “ესპანიოლის” თავდამსხმელმა ფელიპე კაისედომ კიდევ უფრო გაზარდა, ხოლო ჯოზეფ მარტინესმა 84-ე წუთზე პრესტიჟის გოლის გატანა მოახერხა – 1:3. ეკვადორელთგან საპირისპიროდ, ვენესუელის ნაკრები ოთხი ტურის შემდეგ უქულოდაა.
პირველი სამი ქულა მოიპოვა არგენტინამ, რომელმაც მძიმე ბრძოლაში კოლუმბიის ნაკრებს სტუმრად მოუგო. ერთადერთი გოლი მე-19 წუთზე ლუკას ბილიამ გაიტანა – 0:1. არგენტინამ 5 ქულა დააგროვა და მე-6 საფეხურზე აინაცვლა, ხოლო კოლუმბიას 4 ქულა დარჩა და მე-6 პოზიციამდე დაქვეითდა.
ბრაზილიის ნაკრებმა შინ პერუ მიიღო და დამაჯერებლად იმარჯვა. მასპინძლებმა პირველი ნახევარი დუგლას კოშტას გოლით მოიგეს. “ბაიერნის” ნახევარმცველმა 57-ე წუთზე უკვე საგოლე გადაცემა მიითვალა და რენატო აუგუსტოს გაატანინა, ხოლო 76-ე წუთზე ფელიპე ლუისმა სტუმართა წვალებას წერტილი დაუსვა – 3:0.
პარაგვაი საკუთარ მოედანზე ბოლივიას დაუპირისპირდა და 3 ქულის აღება დაძაბულ ბრძოლაში მოახერხა. გოლები მატჩის ხუთწუთიან მონაკვეთში გავიდა. 59-ე წუთზე სტუმრებმა დუკმა დააწინაურა, რასაც ორ წუთში ლეზცანომ უპასუხა და წონასწორობა აღადგინა, ხოლო 64-ე წუთზე ლუკას ბარიოსმა გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა – 2:1.
ტურის ცენტრალური მატჩი მონტევიდეოში “ესტადიო სენტენარიოზე” გაიმართა, სადაც ადგილობრივმა ურუგვაის ნაკრებმა ჩილე დაჯაბნა და კოპა ამერიკაზე განცდილი მარცხისთვის სრულფასოვანი რევანში აიღო. “სელესტემ” პირველი ტაიმი დიეგო გოდინის გოლით მოიგო. 61-ე წუთზე სხვაობა როლანმა გაზარდა, ხოლო ოთხ წუთში მარტინ კასარესმა სხვაობა გამანადგურებელი გახადა – 3:0.
მე-5 ტურის მატჩები მომავალი წლის 24 მარტს გაიმართება.
პარაგვაი – ბოლივია 2:1 (0:0)
გოლები: 0:1 დუკი (59), 1:1 ლეზცანო (61), 2:1 ბარიოსი (64)
გაძევება: აგილარი (86 პარ.)
ვენესუელა – ეკვადორი 1:3 (0:2)
გოლები: 0:1 ფ.მარტინესი (19), 0:2 მონტერო (23), 0:3 კაისედო (60), 1:3 ჯ.მარტინესი (84)
კოლუმბია – არგენტინა 0:1 (0:1) VIDEO
გოლი: ბილია (19)
ბრაზილია – პერუ 3:0 (1:0) VIDEO
გოლები: 1:0 დ.კოშტა (22), 2:0 რენატო (57), 3:0 ფელიპე ლუისი (76)
ურუგვაი – ჩილე 3:0 (1:0) VIDEO
გოლები: 1:0 გოდინი (23), 2:0 როლანი (61), 3:0 კასარესი (65)