ფეხბურთი

23:24 | 13.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

“მეთოფეები” გალიდერდნენ, “დეზებმა” 14-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტეს

ინგლისის ჩემპიონატის მე-16 ტურის მეორე სათამაშო დღეს სამი შეხვედრა გაიმართა, რომელთაგან ორი მოულოდნელი შედეგით დასრულდა, ხოლო ლონდონის ”არსენალმა” დაგეგმილი სამი ქულა ზედმეტი პრობლემების გარეშე მოიპოვა და მინიმუმ ერთი დღით გათამაშებას სათავეში ჩაუდგა.

“მეთოფეებმა” გასვლაზე პრემიერლიგის უიმედო აუტსაიდერი “ასტონ ვილა” დაამარცხეს, რომელსაც 6 ქულა აქვს, აგვისტოს შემდეგ არ მოუგია და მე-17 ადგილოსანს უკვე 8 ქულით ჩამორჩება. აშკარაა, რომ ბირმინგემულ კლუბს ვერც ახალმა მწვრთნელმა რემი გარდიმ ვერ უშველა და თუ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ძირეული ცვლილებები არ მოხდა, “ვილა პარკის” ბინადარი ჩემპიონშიფში გასავარდნად განწირულია.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, სტუმრებმა ყოველგვარი გართულებების გარეშე მოიპოვეს სამი ქულა. არსენ ვენგერის შეგირდებმა მატჩის ბედი პირველივე ნახევარში გადაწყვიტეს. ანგარიში მე-8 წუთზე ოლივიე ჟირუმ გახსნა, რომელმაც ტეო უოლკოტის მიერ გამომუშავებული პენალტი გამოიყენა. აქედან ნახევარ საათში კი, მესუთ ოზილმა აარონ რემსის ცარიელ კარში გაატანინა და გამარჯვებულის ვინაობაც გამოავლინა. დარჩენილ დროში სტუმრებს თავი აღარ მოუკლავთ, ხოლო “ასტონ ვილას” ფეხბურთელებს ბევრი არაფერი გამოსდიოდათ – 0:2.

“ლივერპულმა” “ენფილდ როუდზე” “ვესტ ბრომვიჩი” მიიღო და 90 წუთის განმალობაში ძალიან დიდ სათამაშო უპირატესობას ფლობდა, თუმცა ქულა გადარჩენა მხოლოდ მსაჯის მიერ მეექვსე დამატებულ წუთზე მოახერხა. სტუმრებმა მთელ მატჩში მინოლეს კარის ჩარჩოში ორჯერ დაარტყეს ზუსტად და ორივე მომენტი გოლად აქციეს.

მასპინძლები 21-ე წუთზე ჯორდან ჰენდეროსნმა დააწინაურა, რომელმაც ლამაზი კომბინაცია ახლო მანძილიდან დააგვირგვინა. “ბულბულებმა” 9 წუთში გაათანაბრეს, ბრანტის მიერ მოწოდებული კუთხურისას მინოლე ძალიან ცუდად გამოვიდა კარიდან, რითაც დოუსონმა ისარგებლა და თავის გუნდს ტაიმი არ წააგებინა.

“ვესტ ბრომვიჩი” 73-ე წუთზე წინ გავიდა და გოლი კვლავ კუთხურს მოჰყვა. ამჯერად ზუსტი თავურით ოლსონი გამოირჩა. სტუმრები ზედიზედ მეორე მარცხისგან შეცვლაზე შემოსულმა დივოკ ორიჯიმ იხსნა, რომლის შორეული დარტყმული მცველს მოხვდა და მაიჰილის კარში აღმოჩნდა – 2:2. აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა ბელგიელმა პრემიერლიგაში პირველად გაიტანა.

პრემიერლიგაში 14-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა “ტოტენჰემმა”, რომელიც შინ “ნიუკასლთან” დამარცხდა და მე-4 ადგილზე გადასვლის მშვენიერი შანსი გაუშვა ხელიდან. მასპინძელთათვის ყველაფერი კარგად დაიწყო და ტაიმი ერიკ დაიერის გოლით მოიგეს კიდეც. “დეზებს” პრობლემები მას შემდეგ შეექმნათ, რაც მოედანზე აიოზე პერესი და ალექსანდრ მიტროვიჩი გამოჩნდნენ. სტივ მაკლარენის შეცვლებმა 100%-ით გაამართლა და ჯერ 74-ე წუთზე მიტროვიჩმა გაათანაბრა, რომელიც თამაშში ორი წუთით ადრე ჩაერთო, ხოლო მსაჯის მიერ მესამე დამატებულ წუთზე სერბი ფორვარდის გადაცემით პერესმა იხეირა და ლორისს (რომელიც ამ ეპიზოდში აშკარად შეცდა) მახვილი კუთხიდან გაუტანა – 1:2. Mაურისიო პოჩეტინოს შეგირდებმა პირველი ტურის შემდეგ პირველად წააგეს, ხოლო “ნიუკასლმა” ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა და გასავარდნ ზონას დააღწია თავი.

ტურის დასკვნითი შეხვედრა ხვალ “კინგ პაუერ სთედიუმზე” შედგება, სადაც “ლესტერი” ლონდონის “ჩელსის” მიიღებს და გამარჯვების შემთხვევაში, კვლავ ერთპიროვნულად გალიდერდება.

ასტონ ვილა – არსენალი 0:2 (0:2)

ბირმინგემი, “ვილა პარკი”

ასტონ ვილა (4-3-3): გუზანი, ოკორე, ლესკოტი, ჰატონი, ბაკუნა, ვერეტუტი, სანჩესი, გაიე (გრელიში 78), ჯ.აიუ, სინკლერი (ტრაორე 87), ჟესტედი (ხილი 57).
მწვრთნელი: რემი გარდი

არსენალი (4-2-3-1): ჩეხი, კოშელნი, მერტესაკერი, ბელერინი, მონრეალი, ფლამინი, რემსი, ოზილი (ჩემბერსი 86), კემპბელი (გიბსი 64), უოლკოტი (ჩემბერლენი 64), ჟირუ.
მწვრთნელი: არსენ ვენგერი

გოლები: 0:1 ჟირუ (8 პენ.), რემსი (38)
მსაჯი: კევინ ფრენდი

ტოტენჰემი – ნიუკასლი 1:2 (1:0)

ლონდონი, “უაით ჰართ ლეინი”

ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი, ვერტონგენი, ალდერვეირელდი, უოლკერი, როუზი, კეროლი (სონი 69), დაიერი, ლამელა (ჩადლი 86), ალი, ერიკსენი, კეინი.
მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო

ნიუკასლი (4-4-1-1): ელიოტი, კოლოჩინი, მბემბა, დუმეტი, ჯანმაატი, ანიტა (გუფრანი 91), კოლბეკი, ვეინალდუმი, სისოკო, დე იონგი (ა.პერესი 63), სისე (მიტროვიჩი 72).
მწვრთნელი: სტივ მაკკლარენი

გოლები: 1:0 დაიერი (39), 1:1 მიტროვიჩი (73), 1:2 ა.პერესი (93)
გაფრთხილებები: კეროლი, როუზი – კოლბეკი, ა.პერესი
მსაჯი: როჯერ ისტი

ლივერპული – ვესტ ბრომვიჩი 2:2 (1:1)

ლივერპული, “ენფილდ როუდი”

ლივერპული (4-3-3): მინოლე, ლოვრენი (ორიჯი 79), შკრტელი, კლაინი, მორენო, ჩანი, მილნერი, ჰენდერსონი, კოუტინიო (აიბი 72), ლალანა (ფირმინო 86), ბენტეკე.
მწვრთნელი: იურგენ კლოპი

ვესტ ბრომვიჩი (4-1-4-1): მაიჰილი, ოლსონი, მაკოლი, დოუსონი, ბრანტი, ევანსი, მორისონი, დ.ფლეტჩერი, მაკკლინი, გარდნერი, რონდონი (ლამბერტი 94).
მწვრთნელი: ტონი პულისი

გოლები: 1:0 ჰენდერსონი (21), 1:1 დოუსონი (30), 1:2 ოლსონი (73), 2:2 ორიჯი (96)
მსაჯი: კრეიგ პაუსონი

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.163378