ფეხბურთი

2:44 | 3.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

“არსენალი” ერთპიროვნულად გალიდერდა

ინგლისის ჩემპიონატის 2016 წლის პირველი ტური ყველაზე იღბლიანი ლონდონის “არსენალისთვის” გამოდგა, რომელმაც საკუთარ მოედანზე ლორან კოშელნის გოლით “ნიუკასლი” დაამარცხა და საკუთარი გუნდი გათამაშების ერთპიროვნულ ლიდერად აქცია, რადგანაც “ლესტერმა” პარალელურ შეხვედრაში შინ “ბორნმუთს” ვერ მოუგო და “მეთოფეები” ორი ქულით გაუშვა წინ. არადა, “მელიებს” მოგების ძალიან კარგი შანსი ჰქონდათ, რიად მაჰრეზმა პენალტი ვერ გამოიყენა, ჯეიმი ვარდიმ ძელს გაარტყა და სტუმრებმა შეხვედრის ბოლო 30 წუთი ფრანციის გაძევების გამო 10 კაცით ითამაშეს, თუმცა სასურველ შედეგს ვერ მიაღწიეს.

როგორც იქნა, მოიგო და 6-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა “მანჩესტერ იუნაიტედმა”. ლუის ვან გაალის შეგირდებმა შინ მინიმალური სხვაობით “სუონსის” სძლიეს, თუმცა სტუმრებს მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ქულის გადარჩენა შეეძლოთ – “გედების” პოლონელი მეკარე ლუკაშ ფაბიანსკი კუთხურის დროს შეტევაში ჩაერთო და თავით ძალიან სახიფათოდაც დაარტყა, თუმცა ოდნავ ააცილა...

მძიმე შეხვედრა გამოუვიდა “მანჩესტერ სიტის”, მაგრამ საბოლოოდ მაინც გაიმარჯვა. “ქალაქელები” “უოტფორდთან” გამართულ საგარეო მატჩში 82-ე წუთამდე მარცხდებოდნენ, თუმც ჯერ იაია ტურემ ლამაზი დარტყმით გაათანაბრა, ხოლო ორ წუთში სერხიო აგუერომ ზუსტი თავურით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 1:2.

2016 წლის პირველი შეხვედრა “ბოლეინ გრაუნდზე” გაიმართა, სადაც ადგილობრივმა “ვესტ ჰემმა” “ლივერპული” დაჩაგრა. მასპინძლები მე-10 წუთზე თავური დარტყმით ანტონიომ დააწინაურა, ხოლო 55-ე წუთზე ყოფილი გუნდის კარი ენდრიუ კეროლმა აიღო – 2:0.

არც ახალმა წელმა უშველა “ასტონ ვილას”, რომელმაც მორიგი მარცხი განიცადა “სანდერლენდთან” და ამ კლუბს სასწაული თუ უშველი, თორემ დღევანდელი მდგომარეობით ჩემპიონშიფში გასავრდნად განწირულია.

“ვესტ ბრომვიჩმა” და “ნორვიჩმა” კი ახალი წელი კარგად დაიწყეს და საკუთარ მოედანზე 10-კაცით მოთამაშე “სტოკი” და “საუთჰემპტონი” დაამარცხეს.

ვესტ ჰემი – ლივერპული 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 ანტონიო (10), 2:0 კეროლი (55)

არსენალი – ნიუკასლი 1:0 (0:0)

გოლი: კოშელნი (72)

ლესტერი – ბორნმუთი 0:0

გაძევება: ფრანცისი (57)

59-ე წუთზე მაჰრეზმა პენალტი ვერ გაიტანა (მეკარე)

მანჩესტერ იუნაიტედი – სუონსი 2:1 (0:0

გოლები: 1:0 მარტიალი (49), 1:1 სიგურდსონი (70), 2:1 რუნი (77)

ნორვიჩი – საუთჰემპტონი 1:0 (0:0)

გოლი: ტეტი (76)
გაძევება: ვანიამა (73)

სანდერლენდი – ასტონ ვილა 3:1 (1:0)

გოლები: 1:0 ვან აანჰოლტი (30), 1:1 ხილი (63), 2:1;3:1 დეფო (72;92)

ვესტ ბრომვიჩი – სტოკი 2:1 (0:0)

გოლები: 1:0 სესენიონი (60), 1:1 უოლტერსი (81), 2:1 ევანსი (93)
გაძევება: კამერონი (83)

უოტფორდი – მანჩესტერ სიტი 1:2 (0:0

გოლები: 1:0 კოლაროვი (55 ს.კ.), 1:1 ტურე (82), 1:2 აგუერო (84)

0.092686