თბილისის “ლოკომოტივმა” ესპანურ შეკრებაზე ამხანაგური მატჩი გამართა სახელიან მეტოქესთან: დონეცკის ”შახტარს” ეთამაშა და 2:5 წააგო. საერთოდ, ასეთ ძლიერ გუნდებთან შეხვედრები გამოცდილების მომტანია და იმედია, “ლოკომოტივიც” ბევრ სასიკეთოს ისწავლიდა უკრაინის საუკეთესო გუნდთან თამაშით.
დასაწყისშივე, მაქსიმ მალიშევმა ჩვენი მცველების დაბნეულობით ისარგებლა და თითქმის არაფრისგან გავიდა დასარტყმელ პოზიციაზე. ამ მომენტში დონეცკელთა შემტევებმა კარგი პრესინგი განახორციელეს, რამაც შედეგი მოუტანათ.
28-ე წუთზე მატვიენკოს პასით ბორიაჩუკმა ახლოდან შეაგდო. ქართველებს უჭირდათ “შახტარის” სწრაფი შეტევებისთვის წინააღმდეგობის გაწევა და ეს გასაკვირი არაა. სულ სხვა დონეა “შახტარი”, იქამდე ძალიან ბევრი უკლიათ ქართულ გუნდებს.
31-ე წუთზე კი ქართველების ჯერი დადგა: ბორის მახარაძემ ჩააწოდა, დონეცკელთა ხორვატმა კაპიტანმა დარიო სრნამ კი მამია გავაშელიშვილს ხელი უბიძგა და პენალტი დაინიშნა, რომელიც ალექსი ბენაშვილმა ზუსტად დაარტყა და 1:2.
მეორე ნახევარში “შახტარი” უფრო ოპტიმალურთან მიახლოებული შემადგენლობით გამოვიდა მინდორზე და 53-ე წუთზე ბრაზილიელმა მარლოსმა სწრაფი შეტევა საშუალო მანძილიდან ზუსტი დარტყმით გაიტანა – 1:3.
შემდეგ კი ალექსანდრ გლადკიმ ორწუთიან მონაკვეთში ორჯერ შეაგდო. ჯერ მარცხენა ფლანგიდან გათამაშებული კომბინაციის შემდეგ, ზუბკოვის პასს ერთი შეხებით დაბალი ბურთი გაგზავნა კარში... მერე კი გლადკიმ მეკარე კუპატაძის შეცდომა გამოიყენა, მეკარისგან თავისუფლად მიიღო ბურთი და იოლად გაიტანა – 1:5.
ბოლოს კი “ლოკომოტივმა” შეამცირა სხვაობა: საჯარიმო დაინიშნა, გუნდის კაპიტანმა ნიკა ჭანტურიამ დაარტყა და ბურთი ცოცხალ კედელში მდგომ ფეხბურთელს მოხვდა, ჭანტურიამვე დაამატა და დაბალ კუთხეში ზუსტი დარტყმით უშანსოდ დატოვა პიატოვი – 2:5.
მთლიანობაში, იყო მომენტები, როცა ქართველებს შეეძლოთ შეტევების უფრო მწვავედ წარმართვა, მაგრამ კლასში სხვაობა აშკარად იგრძნობოდა. ეს “ლოკომოტივის” მეორე მატჩი იყო ესპანეთში, პირველში მათ ადგილობრივ “ბენიდორმს” 11:1 სძლიეს.
და გიორგი არაბიძეზეც, რომლის თამაში ამ შეხვედრაში გამორიცხული იყო. “შახტარის” ქართველ ტალანტს მცირე ტრავმა აწუხებს და აღმზრელი კლუბის წინააღმდეგ ამიტომაც ვერ ითამაშა.
“ლოკომოტივი” მომდევნო მატჩს 11 თებერვალს სლოვაკური “მიხალოვცე ზემპლინის” წინააღმდეგ გამართავს.
“ლოკომოტივი” (თბილისი) – “შახტარი” (დონეცკი) 2:5 (1:2) VIDEO
ლოკომოტივი: თევდორაძე (კუპატაძე 46), ბენაშვილი (გაბაძე 46), გეთიაშვილი, ჭანტურია, ჩიტეიშვილი (უბილავა 46), მახარაძე (არდაზიშვილი 62), სულთანიშვილი, მიქავა (სამურკასოვი 62), მზევაშვილი (დიასამიძე 46), ქანთარია (კიკნაძე 62), გავაშელიშვილი (ართმელაძე 46)
მწვრთნელი: ჟერარდ სარაგოსა
შახტარი: სარნავსკი, სრნა, კრივცოვი, მატვიენკო, ისმაილი, მალიშევი, კორობენკო, ტაისონი, კოვალენსკო, ბორიაჩუკი, ველინგტონი; შეცვლაზე შევიდნენ: პიატოვი, კობინი, რაკიცკი, ორდეცი, შევჩუკი, სტეპანენკო, მატვიენკო, მარლოსი, ზუბკოვი, გლადკი, ფერეირა.
მწვრთნელი: მირჩა ლუჩესკუ
გოლები: 0:1 მალიშევი (8), 0:2 ბორიაჩუკი (28), 1:2 ბენაშვილი (31 პენ), 1:3 მარლოსი (53), 1:4, 1:5 გლადკი (64, 66), 2:5 ჭანტურია (90+1)
გაფრთხილება: სტეპანენკო (68), რაკიცკი (71)
მსაჯი: პედრო ტრისტანე (ესპანეთი)