გასულ შაბათ-კვირას თბილისის ძიუდოს აკადემიაში საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდა ახალგაზრდებს შორის.
ისევე როგორც ჭაბუკების შემთხვევაში, ვაჟებს ამჯერადაც ორი დღე დაეთმოთ საასპარეზოდ, ხოლო გოგონებში საუკეთესოების გამოსავლენად მხოლოდ ერთი -კვირა დღე გახდა საკმარისი.
ვაჟების ტურნირს დიდი ინტერესით ელოდა ძიუდოს ქართველი გულშემატკივარი. ჭაბუკების ხილვიდან ერთი კვირის თავზე კიდევ უფრო გაიზარდა მოლოდინი , ახლა უკვე ახალგაზრდებში ენახათ როგორია ძიუდოს უახლოესი რეზერვი, თუ როგორი თაობა მოდის.
ჩემპიონატში რამდენიმე ცნობილი ფალავანი არ იღებდა მონაწილეობას. ახალგაზრდული ნაკრების წევრებმა ირაკლი კუპატაძემ ( 55 კგ ), თორნიკე ნაგლიაშვილმა ( 60 კგ ), გიორგი კაციაშვილმა ( 73 კგ ) და თამაზ კირაკოზაშვილმა ( 73 კგ ) სხვადასხვა მიზეზების გამო ვერ იჭიდავეს. თუმცა ამის მიუხედავად ტურნირმა ძალიან შთამბეჭდავად ჩაიარა და დარბაზში მისული მრავალრიცხოვანი მაყურებელი ულამაზესი შერკინებების მოწმე გახდა.
55 კგ წონით კატეგორიაში ლიდერთა ოთხეული თავიდანვე გამოკვეთილი იყო.
გიორგი ნიაზაშვილი, დავით გეჯაძე, ბაგრატ ნინიაშვილის უფროსი ძმა ვანო ნინიაშვილი , ასევე ზურა კახნიაშვილი თავიდანვე ფავორიტებად მიიჩნეოდნენ და დანარჩენი მონაწილეების მხრიდან დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად სწორედ მათ მოახერხეს ნახევარფინალში გასვლა.
შესაბამისად გადამწყვეტი ბრძოლები უაღრესად თვალსასეირო გამოდგა.
დამაჯერებლად მოჭიდავე ნიაზაშვილს თითქოს მცირე უპირატესობა უნდა ჰქონოდა გეჯაძესთან, მაგრამ კასპელმა ფალავანმა არაფერი დათმო. შეუპოვრად მისდია აღებულ კურსს და ფინალშიც გავიდა.
აქ მას დმანისელი ნინიაშვილი ელოდა, ვინც გორელი კახნიაშვილის დამარცხება შეძლო.
წონაში გადამწყვეტი შერკინება ნუგზარ მამულაშვილის აღზრდილმა 18 წლის დავით გეჯაძემ მოიგო და დამსახურებულად გახდა ჩემპიონი.
მესამე ადგილებზე გიორგი ნიაზაშვილი და ჭაბუკთა ოლიმპიადის მონაწილე ზურა კახნიაშვილი გავიდნენ.
60 კგ-ში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრმა, ჭაბუკთა ოლიმპიურმა ჩემპიონმა 17 წლს გორელმა რობიზონ ბეგლარიშვილმა იპირველა.
სპეციალისტები ზედა ბადიდან ნახევარფინალში მასთან საასპარეზოდ თბილისელი ილია შუბითიძის გასვლას ელოდნენ, მაგრამ შუბითიძე იმ დღეს ჩვეულებისამებრ დამაჯერებელი ვერ იყო.
სამაგიეროდ გელა გარაყანიძე გამოიყურებოდა მშვენივრად და დაიკავა კიდეც შუბითიძის ადგილი.
მეორე ნახევარფინალური წყვილი მოლოდინისამებრ ჭაბუკთა კიდევ ერთმა ოლიმპიელმა, ბრინჯაოს პრიზიორმა 18 წლის გორელმა თემურ ნოზაძემ და თბილისელმა ვანო ხუბაშვილმა შეადგინეს.
მათი შეხვედრა პირველი საშეჯიბრო დღის ერთ-ერთი მშვენება გამოდგა. საბოლოოდ დაძაბულ და გარდამავალ ბრძოლაში ნოზაძემ იმარჯვა. თუმცა ფინალში ნიკო ბიბილაშვილის აღზრდილ ბეგლარიშვილის დამარცხება ვეღარ შეძლო და ვერცხლის მედალს დასჯერდა.
მესამე ადგილები გელა გარაყანიძემ და არჩილ ქარელიშვილმა დაიკავეს.
საპრიზო ადგილებს ვერ შეწვდნენ, მაგრამ უნდა გამოვარჩიოთ ორი ფალავანი: 17 წლის გორელი გიორგი ბაზანდარაშვილი და 16 წლის თბილისელი ირაკლი ხერგიანი, ვინც ძალზედ დაამახსოვრა თავი მაყურებელს.
ხერგიანმა მომავალ ჩემპიონ ბეგლარიშვილთან მეოთხედფინალური შეხვედრა მხოლოდ დამატებით დროში, ერთი გაფრთხილებით დათმო.
66 კგ-ში ლიდერად გამორჩეული ტალანტის მქონე ახმეტელი ნიკო ჭიკაიძე მიიჩნეოდა. საქართველოს ახალგაზრდეული ნაკრების წევრის, ჭაბუკთა ოლიმპიური პრიზიორის ბაგრატ ნინიაშვილის შანსებიც მაღალი იყო.
ჩემპიონობა კი 18 წლის თბილისელმა ბექა უდესიანმა იზეიმა.
ნამდვილი ტანკი - ასე დავახასიათებდით პირველი საშეჯიბრო დღის ყველაზე ეფექტური მოჭიდავის გამოსვლას.
კახა ონიანის მოსწავლემ მცირე შანსიც კი არავის დაუტოვა, თანაც პირად შეხვედრებში დაამარცხა ორივე ფავორიტი: 17 წლის ნინიაშვილს ნახევარფინალში მოუგო, ხოლო 18 წლის ჭიკაიძეს ფინალში არ დაანება ქვეყნის ჩემპიონის ტიტული.
მესამე ადგილები ბაგრატ ნინიაშვილმა და ემზარ უნგიაძემ დაიკავეს.
73 კგ-ში გამარჯვების მთავარ პრეტენდენტად სამართლიანად მიიჩნეოდა 20 წლის ქუთაისელი გიორგი ხმელიძე.
გარდა იმისა, რომ ის დანარჩენ მეტოქეებზე 1-2 წლით უფროსი გახლდათ, ხმელიძემ შარშან ნოემბერში გამართულ დიდების ჩემპიონატშიც მიიღო მონაწილეობა, სანახაობრივი ჭიდაობა აჩვენა და ნაკრების მთავარი მწვრთნელის ირაკლი უზნაძის კეთილგანწყობის მოპოვების შემდეგ პირველ ნაკრებთან ვარჯიშის გამოცდილებაც შეიძინა.
ამიტომ თბილისურ ტატამზე ხმელიძე ჩვეული დამაჯერებლობით ირჯებოდა, წამებში იგებდა შეხვედრებს და თითქოს მისი გამარჯვება ეჭვს არ იწვევდა, თუმცა მეოთხედფინალში 18 წლის თბილისელ ნიკა ლაბაძესთან ისეთ კისრულზე მოყვა, რასაც არც თავად ელოდა და არც დარბაზში მისული გულშემატკივარი.
ლაბაძის გამარჯვება შეიძლება ვინმეს შემთხვევითობად მოეჩვენა, მაგრამ ასე ნამდვილად არ იყო.
ამირან კელიხაშვილის აღზრდილმა ლაბაძემ მთელი ტურნირი საუცხოოდ ჩაატარა, ულამაზესი გდებები აკეთა და ტურნირის მთავარი აღმოჩენის ტიტულიც დაისაკუთრა.
ვფიქრობთ, თუკი ლაბაძე კვლავაც გააგრძელებს პროგრესირებას, მისგან სერიოზულ ძიუდოისტს მივიღებთ.
ფინალური შეხვედრა ლაბაძემ ვეღარ მოიგო. მას 18 წლის თბილისელმა გიგა გიგაურმა აჯობა.
ცნობილი მწვრთნელის გურამ მოდებაძის მოსწავლემ გიგაურმა თავიდანვე დამაჯერებლად დაიწყო და ასევე მიიყვანა საქმე ჩემპიონობამდე.
აუცილებლად აღსანიშნავია მესამე ადგილზე გასული თბილისელი თორნიკე მახათაძის კარგი ჭიდაობა. კიდევ ერთი მესამე ადგილი ზემოდხსენებულმა ხმელიძემ დაიკავა.
უნდა ითქვას, ამჯერად ხელი მოეცარა და საერთოდ უმედლოდ დარჩა ჭაბუკებს შორის ევროპის 2015 წლის ჩემპიონი 17 წლის ლაშა დუდაშვილი.
მეორე საშეჯიბრო დღის მთავარი ინტრიგა 90 კგ-ში ელოდა გულშემატკივარს.
განურჩევლად ყველა საუბრობდა ორი აღიარებული ტალანტის სავარაუდო ფინალურ დაპირისპირებაზე.
თბილისელები 18 წლის გიორგი გველესიანი და 17 წლის ჭაბუკთა ოლიმპური ჩემპიონი ონისე სანებლიძე მართლაც გამორჩეული ფალავნები არიან.
შესაბამისად არც ფინალში გასვლა გასჭირვებიათ. იქ კი ბათო ჯიქურის აღზრდილმა სანებლიძემ იმარჯვა და ოქროს მედალი დაისაკუთრა.
ეს საოცარი ფიზიკური მონაცემების მქონე ათლეტი ნამდვილი ტალანტია.ამ მხრივ ის უკვე დღეს შეგვიძლია შევადაროთ მსოფლიო ძიუდოს ვარსკვლავს-ბექა ღვინიაშვილს.
ონისე სანებლიძის შემყურე გულშემატკივარს უდიდეს სიამაყის გრძნობა ეუფლება, რომ ის ჩვენებურია და რომ ქართველებს 90 კგ კატეგორიაში დამშვიდებით შეგვიძლია ვუყუროთ მომავალს.
მესამე ადგილები აქ ნიკა სიდამონიძემ და 17 წლის ბათუმელმა იესო კვირიკაშვილმა დაიკავეს.
მათ გარდა აღსანიშნავია გიორგი გოგოლიძის და ჯაბა ლიპარტელიანის ჭიდაობა. ასევე ძალიან ეფექტური იყო მარნეულელი გიორგი კარაპეტიანი.
81 კგ-ში უპირველესი ფავორიტი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი კობა მჭედლიშვილი იყო. მან მშვენივრად იასპარეზა თუმცა ნახევარფინალში ვერაფერი მოუხერხა ბრწყინვალედ მოჭიდავე 19 წლის თბილისელ გიორგი ქურდიანს, ვინც ფინალშიც ჩინებულად გაისარჯა და კიდევ ერთი ფავორიტი, თანაგუნდელი და საერთო მასწავლებლის ალექსი დავითაშვილის აღზრდილი-- ტრისტან მოსახლიშვილი დაამარცხა.
19 წლის თბილისელმა მოსახლიშვილმა ფინალამდე გზად ჭაბუკთა ოლიმპიადის მონაწილე გოგა ქევხიშვილს მოუგო და ის კვარცხლბეგის მიღმა დატოვა.
მესამე ადგილები ლუკა მაისურაძემ და ზემოდხსენებულმა საგარეჯოელმა კობა მჭედლიშვილმა დაიკავეს.
ქართველთათვის ამ ბოლო ხანს პრობლემად ქცეულ 100 კგ-ში ჩემპიონობა თბილისელმა დავით ოზბეთელაშვილმა მოიპოვა.
ასევე აღნიშვნის ღირსია ფინალში გასული 17 წლის თბილისელი ზაურ კენჭაძე. ეს ახალგაზრდა ნამდვილად შეიძლება იყოს ის მოჭიდავე, ვინც ღირსეულად დაიკავებს ადგილს საქართველოს ნაკრებში და აღმოფხვრის ამ წონის პრობლემას.
მესამე ადგილებზე ვლადიმერ პეპინაშვილი და თამაზ ჯახაშვილი გავიდნენ.
მძიმე წონაში მხოლოდ 11 მონაწილე იყო და ტურნირიც მცირეხნიანი გამოდგა.
ჩემპიონ ნიკა სისვაძეს ოქროს მედლის მოსაპოვებლად სულ რაღაც სამი ორთაბრძოლის მოგება დასჭირდა.
კარგი იყო ფინალში გასული 17 წლის მესტიელი საბა გაბრიჭიძე. ბრინჯაოს მედლები შამილ გოგოჭურმა და გურამ ქოსმანაშვილმა ირგუნეს.
55 კგ
1. დავით გეჯაძე (კასპი), 2. ვანო ნინიაშვილი (დმანისი), 3. ზურა კახნიაშვილი (გორი), გიორგი ნიაზაშვილი (თბილისი)
60 კგ
1. რობიზონ ბეგლარიშვილი (გორი), 2. თემურ ნოზაძე (გორი) , 3. არჩილ ქარელიშვილი (გორი), გელა გარაყანიძე (თბილისი)
66 კგ
1. ბექა უდესიანი (თბილისი), 2. ნიკო ჭიკაიძე (ახმეტა), 3. ბაგრატ ნინიაშვილი (დმანისი), ემზარ უნგიაძე (რუსთავი)
73 კგ
1. გიგა გიგაური (თბილისი), 2. ნიკა ლაბაძე (თბილისი), 3. გიორგი ხმელიძე (ქუთაისი), თორნიკე მახათაძე (თბილისი)
81 კგ
1. გიორგი ქურდიანი (თბილისი), 2. ტრისტან მოსახლიშვილი (თბილისი), 3. ლუკა მაისურაძე (გორი), კობა მჭედლიშვილი (საგარეჯო)
90 კგ
1. ონისე სანებლიძე (თბილისი), 2. გიორგი გველესიანი (თბილისი), 3. ნიკა სიდამონიძე (ქარელი), იესო კვირიკაშვილი (ბათუმი)
-100 კგ
1. დავით ოზბეთელაშვილი (თბილისი), 2. ზაურ კენჭაძე (თბილისი), 3. ვლადიმერ პეპინაშვილი (თბილისი), თამაზ ჯახაშვილი (თბილისი)
+100 კგ
1. ნიკა სისვაძე (თბილისი), 2. საბა გაბრიჭიძე (მესტია), 3. შამილ გოგოჭური (დუშეთი), გურამ ქოსმენაშვილი (ახმეტა)
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------
გოგონების შეჯიბრი არანაკლებ საინტერესო გამოდგა თუმცა უნდა ითქვას ერთი კვირის წინ ჩატარებული ჭაბუკების პირველობისგან განსხვავებით მონაწილეთა რაოდენობა მკვეთრად შემცირებული-თითქმის განახევრებული იყო.
რამდენიმე ლიდერმა საერთოდ არ მიიღო მონაწილეობა, ხოლო საშეჯიბრო ბადეები ნაწილობრივ ისევ ჭაბუკებმა შეავსეს.
მოკლედ გოგონათა ჩემპიონატი 6 წონით კატეგორიაში ჩატარდა ( ორში -44 და -78 კგ-ში არავის უჭიდავია ) და საერთო მონაწილეთა რაოდენობამ 26 გოგონა შეადგინა.
48 კგ წონით კატეგორიაში პირველობა 19 წლის თბილისელმა ლიკა როგავამ იზეიმა.
ლუდა ფერაძის აღზრდილი როგავა სხვა მონაწილეებზე უფროსი გახლდათ და მისი ჭიდაობაც მეტად დაღვინებული ჩანდა.
კარგად განსწავლულმა, გაწონასწორებულმა და საკუთარ თავში დარწმუნებული სტილით მოჭიდავე ფალავანმა შესანიშნავად წარმართა მთელი ტურნირი და დამსახურებულად იპირველა.
თუმცა აუცილებლად აღსანიშნავია ფინალში გასული 2002 ( ! ) წელს დაბადებული სალომე ბლიაძე.
ამ პატარა ტალანტმა ერთი კვირის წინ ჭაბუკთა პირველობა დამაჯერებლად მოიგო და ახლაც ისეთი ბრძოლა გაუმართა 6 წლით უფროს როგავას, რომ ცხადი გახდა-თუ ბლიაძემ ასეთი ტემპით განაგრძო ზრდა, მის მწვრთნელს, ლუდა ფერაძეს მისალოცად ექნება საქმე.
სალომე ბლიაძეს მართლაც გამორჩეული ნიჭი აქვს და უდიდესი მიზნებისთვის ბრძოლას შეძლების მომავალში.
მესამე ადგილები ქრისტინე ფანგანმა და აჭარელმა ნატო ფოთელიძემ დაიკავეს.
კიდევ ერთი გამორჩეული ძიუდოისტი-საგარეჯოელი მარიამ ლაფაჩიშვილი ამჯერად საპრიზო სამეულს მიღმა დარჩა.
52 კგ-ს შეჯიბრი თანაგუნდელების, წეროვნელი ეკატერინე ტატუნაშვილის და ქრისტინე ნავროზაშვილის შიდა გარჩევად გადაიქცა.
მათ წყვილად, დამაჯერებლად დაამარცხეს დანარჩენი მონაწილეები და ერთმანეთს ოქროს მედლისთვის ეკვეთნენ.
ნავროზაშვილს მცირე უპირატესობით, ორი შიდოთი მიჰყავდა შეხვედრა, მაგრამ გდებაზე მოჰყვა და ჩემპიონობა ტატულაშვილს გადაულოცა.
მესამე ადგილებზე ხათუნა თვაური და მარიამ კოხტაშვილი გავიდნენ.
57 კგ-ში პირველობა არავის დაუთმო 16 წლის აჭარელმა ნინო მგელაძემ და ეგრედ წოდებული დუბლი შეასრულა. ერთი კვირის წინ მან ჭაბუკთა ჩემპიონატიც მოიგო ოღონდ ქვედა წონაში.
მგელაძის წარმატება არც იყო გასაკვირი. ნანი კირკიტაძის მოსწავლე საქართველოს ნაკრების წევრია და ქვეყანაში რეალური კონკურენტი სულ რამდენიმე ჰყავს.
ახლაც ოქროს მედლისთვის საჭირო სამი გამარჯვების მოპოვებას ჯამში სულ რაღაც 1 წუთი და 17 წამი მოანდომა.
მეორე ადგილზე კიდევ ერთი აჭარელი ხატია შარაძე გავიდა, ბრინჯაოს მედალოსნები კი ვარდო ლოლუა და ნინო ნაცვლიშვილი გახდნენ.
63 კგ-ში ერთი კვირის წინ ჭაბუკებში გამართული პირველობის სცენარი განმეორდა.
პოდიუმი აჭარლებმა, თანაც იგივე თანმიმდევრობით შეავსეს.
ჩემპიონი დამაჯერებლად 17 წლის ქრისტინე მამულაძე გახდა. ვერცხლი სალომე ლომაძემ ირგუნა, მესამე ადგილზე კი 15 წლის ქეთი ჩხაიძე გავიდა.
კიდევ ერთ ბრინჯაოს მედალოსანი მანანა ჯანიაშვილი გახლდათ.
მამულაძე ჭაბუკთა ასპარეზობიდან დაგვამახსოვრდა. მან ამჯერადაც დაამტკიცა თავისი სიძლიერე და ის, რომ ნაკრებში მოხვედრას იმსახურებს.
ასევე აღნიშვლის ღირსია ლომაძეც, ვინც მედგარი წინააღმდეგობა გაუწია ფავორიტს და რომ არა დაღლა, უფრო მეტის პრეტენზიაც ექნებოდა.
70 კგ-ში ძალიან დამაჯერებელი იყო 16 წლის სალომე მჭედლიშვილი. საქართველოს ნაკრების წევრისგან ეს არც გაგვკვირვებია, უბრალოდ მას რაღაც პერიოდის განმავლობაში აქტიური სპორტისთვის დანებებული ჰქონდა თავი და ამ ფონზე მჭედლიშვილის ასეთი გამორჩეული ჭიდაობა მართლაც სასიამოვნო სიურპრიზი გახლდათ.
ვერცხლის მედალი ელისო სისაურმა მოპოვა, ბრინჯაოს მედალი კი ნია ნატროშვილს ხვდა წილად.
შეჯიბრი მძიმეწონოსნებმა დაასრულეს.
მთავარი ფავორიტის-სოფიო სომხიშვილის არყოფნაში სრულიად ტრიუმფალურად იჭიდავა კახა მოცრაძის მოსწავლემ მარიამ ცერცვაძემ.
4 შეხვედრის მოსაგებად ცერცვაძეს ჯამში ორი წუთიც არ დაუხარჯავს.
აქ ერთი აღსანიშნავი ფაქტი მოხდა: მეორე ადგილი 18 წლის აჭარელმა ნათია მიქაბერიძემ დაიკავა, ვინც რეალურად 63 კგ-ის მოჭიდავეა, საქართველოს ნაკრების წევრი გახლავთ. გასულ წელს ევროპის ჩემპიონატიც იჭიდავა და თბილისის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზეც მოსინჯა ძალა.
საგულისხმო და გასახარი კი ისაა რომ გამორჩეული მონაცემების და დიდი პერსპექტივის მქონე მიქაბერიძე ოჯახის შექმნით გამოწვეული რამდენიმე თვიანი უქმობის შემდეგ კვლავ დაუბრუნდა აქტიურ სპორტს და საკმაოდ წარმატებულადაც.
მესამე ადგილები მძიმე წონაში ქრისტინე ფუტკარაძემ და ნელი გულისაშვილმა დაიკავეს.
48 კგ
1. ლიკა როგავა (თბილისი), 2. სალომე ბლიაძე (საგარეჯო), 3. ნატო ფოთელიძე (აჭარა), ქრისტინე ფანგანი (წყნეთი)
52 კგ
1. ეკატერინე ტატუნაშვილი (წეროვანი), 2. ქრისტინე ნავროზაშვილი (წეროვანი) , 3. ხათუნა თვაური (საგარეჯო), მარიამ კოხტაშვილი (საგარეჯო)
57 კგ
1. ნინო მგელაძე (აჭარა), 2. ხატია შარაძე (აჭარა), 3. ვარდო ლოლუა (თბილისი), ნინო ნაცვლიშვილი (თბილისი)
63 კგ
1. ქრისტინე მამულაძე (აჭარა), 2. სალომე ლომაძე (აჭარა), 3. ქეთი ჩხაიძე (აჭარა), მანანა ჯანიაშვილი (ზესტაფონი)
70 კგ
1. სალომე მჭედლიშვილი (საგარეჯო), 2. ელისო სისაური (თბილისი), 3. ნია ნატროშვილი (თბილისი)
+78 კგ
1. მარიამ ცერცვაძე (ზესტაფონი), 2. ნათია მიქაბერიძე (აჭარა), 3. ქრისტინე ფუტკარაძე (ზესტაფონი), ნელი გულისაშვილი (საგარეჯო)
ირაკლი ხმელიძე