5-6 მარტს პერუს დედაქალაქ ლიმაში ჩატარდა პანამერიკის ღია პირველობა ძიუდოში, რომელშიც ქართველთაგან მხოლოდ 100 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ბექა ღვინიაშვილი მონაწილეობდა. ბექამ ოლიმპიადაზე მოხვედრის დიდი სურვილის გამო თავის ჩვეულ წონაში ( 90 კგ ) გამოსვლას დროებით თავი დაანება და ამ ბოლო დროს ძალიან პრობლემურ 100 კგ-ში ცდის ბედს.
ქართველმა ძიუდოისტმა ლიმას ტატამზე მშვენივრად იჭიდავა. ოთხიდან ოთხივე შეხვედრა მოიგო, რითაც ტურნირის ჩემპიონობასთან ერთად საოლიმპიადე რეიტინგში დამატებითი 100 ქულა ჩაიწერა.
ღვინიაშვილის დებიუტი ახალ წონაში შარშან დეკემბერში ტოკიოს გრან სლემზე შედგა, სადაც ბექამ მეხუთე ადგილის დაიკავებით 100 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა. თუმცა შემდგომ საქმე ისე კარგად ვერ წაუვიდა, როგორც თვითონ და მის გულშემატკივრებს სურდათ. არადა ოლიმპიადის დაწყებამდე დრო სწრაფად გარბის. ამიტომ ღვინიაშვილმა სამწვრთნელო შტაბთან ერთად გადაწყვიტა ოკეანის გაღმა ორ შედარებით დაბალ რეიტინგიან ტურნირზე ეცადა ბედი. პერუსა და არგენტინაში გასამართ პანამერიკულ ღია პირველობებზე. სადაც მართალია გამარჯვება ძვირად არ ფასობს ( პირველი ადგილი სულ რაღაც 100 ქულაა ), მაგრამ სამაგიეროდ ამ მიზეზის გამო ძლიერი მოჭიდავეებისთვისაც ნაკლებად მიმზიდველია და შესაბამისად წარმატების მოპოვება შედარებით ადვილადაა შესაძლებელი.
ღვინიაშვილმაც ეს შანსი ხელიდან არ გაუშვა. პირველ შეხვედრაში ამერიკელ სმიტს 2 წუთსა და 47 წამში ოთხი გაფრთხილება მიაღებინა, მეოთხედფინალში ახალ ზელანდიელი კოსტერი 1 წუთსა და 15 წამში დააიპონა და ნახევარფინალში გავიდა.
იქ ბექას არგენტინელი კამპოსი ელოდა, ვინც ამ მომენტისთვის კონტინენტური კვოტით რიოს საგზურის მფლობელია. ბევრს კი ეცადა კამპოსი, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. ღვინიაშვილმა 1 წუთსა და 40 წამში ჯერ ვაზარი აუღო, შემდეგ კი პირდაპირ იპონზე დასცა მეტოქე.
ფინალში ზედა ბადიდან პირველ ნომრად განთესილი ბრაზილიელის, 2007 წლის მსოფლიოს ჩემპიონის ლუსიანო კორეას გასვლას ელოდნენ, თუმცა ბრაზილიელი მოულოდნელად 36 წამში იპონზე დასცა ესტონელმა გრიგორი მინასკინმა.
მინასკინი 100 კგ წონით კატეგორიაში კარგა ხანია გამოდის, ფავორიტებში არ შედის, თუმცა ძალიან უხერხული მეტოქეა.
ლიმაშიც პირველი გდება ესტონელმა გააკეთა. იუკო აუღო ქართველს. ბექა გააქტიურდა და შებოჭვაზე დაიჭირა მინასკინი. ამისთვის მას ორ წუთზე ოდნავ მეტი დასჭირდა.
როგორც აღვნიშნეთ, ამ გამარჯვებით ღვინიაშვილმა საოლიმპიადე რეიტინგში 100 ქულა ჩაიწერა და ჯამში 238 გაუხდა.
ამის შემდეგ ბექა არგენტინაში გადაინაცვლებს, სადაც კვირის ბოლოს ბუენოს აირესის ღია პირველობაზე გამოვა.
სავარაუდო წარმატების შემთხვევაში ღვინიაშვილი საერთო რეიტინგში უკვე ძალიან მიუახლოვდება საოლიმპიადე ზონას და იქ დასამკვიდრებლად დიდი ალბათობით ერთი ტურნირის მოგებაც ეყოფა. მაგალითად, სამსუნის გრან პრის. ( თბილისის გრან პრის განაცხადში ბექა რატომღაც წარდგენილი არ არის )
შემდგომ იმ ქულებს რა თქმა უნდა დაცვა და გამყარება დასჭირდება, მაგრამ ეს ყველაფერი ვარაუდებია, დაველოდოთ და იმედი ვიქონიოთ რომ ბექა ღვინიაშვილი შეძლებს დასახული მიზნის მიღწევას.
ირაკლი ხმელიძე