ძიუდო

14:12 | 9.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

გოგონები სრული სვლით
ქართული ძიუდოს მომავალი საიმედო ხელშია

გასული კვირის ბოლოს დიღომში მდებარე ძიუდოს აკადემიაში 2000-2001 წლებში დაბადებულ მოზარდებს შორის საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა.

ვაჟებმა ტრადიციულად ორ დღეს იასპარეზეს, გოგონებს კი ჩემპიონების გამოსავლენად ერთი დღეც ეყოთ.

ჩვენს ქვეყანაში ძიუდოს პოპულარობაზე ისიც მეტყველებს, რომ აღნიშნულ პირველობაში მონაწილეობის მსურველი ვაჟების რაოდენობა იმხელა იყო, ერთი კვირით ადრე საკვალიფიკაციო მინი-შეჯიბრის გამართვა გახდა საჭირო.

არანაკლებ სასიხარულო ფაქტი დაფიქსირდა გოგონებშიც- თბილისის ტატამზე გასვლის სურვილი 47-მა ახალგაზრდამ გამოთქვა.

შეჯიბრი გადავსებული ტრიბუნების თანხლებით წარიმართა და ძალიან საინტერესო ძიუდოისტებიც წარმოაჩინა.

ბიჭებმა 46, 50, 55, 60, 66, 73, -81 და +81 კგ წონით კატეგორიაში სცადეს ბედი, ხოლო გოგონებმა 36, 40, 44, 48, 52, 57, -63 და +63 წონები შეავსეს.

მართალია როგორც ბიჭების, ასევე გოგონების ტურნირმაც რამდენიმე ძლიერი ძიუდოისტი მოისაკლისა ( ისინი ამ დროს ანტალიაში იყვნენ ოდნავ უფროს თანაგუნდელებთან ერთად ჭაბუკთა ევროპის თასზე ), მაგრამ ეს ჩემპიონატს დიდად არ დატყობია.

როგორც ვაჟებში, ასევე გოგონებში ყველა დარწმუნდა , რომ ქართულ ძიუდოს ნათელი მომავალი აქვს.

ამ ეტაპზე მხოლოდ ტურნირის ოქმებით შემოფარგვლას ვაპირებდით, მაგრამ ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ვულოცავთ ჩვენს პატარა ძიუდოისტ ქალბატონებს 8 მარტს და მათი მოკრძალებული თხოვნით მოკლედ მიმოვიხილავთ გოგონათა ტურნირს.

36 კგ წონით კატეგორიაში ჩემპიონობა საგარეჯოელმა სალომე გულისაშვილმა მოიპოვა. მან რამდენიმე კვირის წინ გამართულ ჭაბუკთა შეჯიბრზეც იპირველა, თუმცა ამჯერად ისეთი დამაჯერებელი ვერ იყო.

ეტყობა მეტოქეებმა კარგად შეისწავლეს მისი სტილი და მედგარი წინააღმდეგობაც გაუწიეს.

განსაკუთრებით ეს ქუთაისელ ლოლიტა გაბუნიაზე ითქმის. მან არაფერი დაუთმო აღიარებულ ლიდერს და ბოლო წამამდე ტოლ-სწორად ეჭიდავა. თუმცა ბოლოს ერთი ვაზარით დამარცხდა.

გაბუნია განსაკუთრებულად უნდა გამოვყოთ. ლოლიტას თებერვალში ჭაბუკების ტურნირში მონაწილეობა არ მიუღია და ამიტომ მისი ასეთი დამაჯერებელი ჭიდაობა ცოტათი მოულოდნელი გახლდათ.

რომ არა სალომე არაბულთან პირველივე შეხვედრაში ოდნავი უყურადღებობოთ გამოწვეული მარცხი, ქუთაისელი ძიუდოისტი ვადამდე მოიპოვებდა ვეცხლის მედალს. ამჯერად კი საქმე გაურთულდა და იძულებული გახდა დამატებით სამთა ტურნირში დაემტკიცებინა თავისი სიძლიერე.

ამჯერად გაბუნიამ არაბულს შანსი არ დაუტოვა. შემდეგ ლიკა მზარეულაშვილიც შებოჭა და დამსახურებულად მოიპოვა მეორე ადგილი.

ბრინჯაოს მედლებს შესაბამისად სალომე არაბული და ლიკა მზარეულაშვილი დაეუფლნენ.

40 კგ-ში ძალიან დამაჯერებელი იყო ელენე წიკლაური. მან სამივე შეხვედრა იპონით მოიგო, ისე, რომ მეტოქეთათვის მცირედი შანსიც კი არ მიუცია.

მეორე ადგილზე ვერცხლისწყალივით მოძრავი მარი ფოცხვერაშვილი გავიდა, ვინც ლამაზი ჭიდაობით დაგვამახსოვრა თავი.

ბრინჯაოს მედლები აჭარლებმა იანა წულუკიძემ და ლინდა ბუქიძემ მოიპოვეს.

44 კგ-ში მთლიანად გოგონათა ჩემპიონატის უპირველესი მოჭიდავე- საგარეჯოელი სალომე ბლიაძე გამოდიოდა, ვინც ჭაბუკების პირველობა ხომ ტრიუმფით მოიგო და ახალგაზრდებშიც ერთი ნაბიჯი დააკლდა ოქროს მედლამდე. თანაც აღსანიშნავია, რომ ეს უნიჭიერესი გოგონა მხოლოდ 2002 წელსაა დაბადებული.

ბლიაძემ ამჯერადაც ბრწყინვალედ იასპარეზა. პირველი შეხვედრა 5 წამში მოუგო ანა ეთემაძეს, შემდეგ ანა იმერლიშვილი შებოჭა, ვარდიკო ბუჩაშვილს ორი ვაზარი აუღო და ფინალში არც საგარეჯოელი მარიამ ლაფაჩიშვილი დაინდო--შეხვედრის მიწურულს ისიც დააიპონა.

უნდა ითქვას რომ ლუდა ფერაძის აღზრდილი სალომე ბლიაძე უკვე მოხვდა საქართველოს ნაკრების მწვრთნელთა თვალთახედვის არეში და მომავალი წლიდან მას საერთაშორისო არენაზეც ვიხილავთ.

კარგი იყო ფინალში გასული ლაფაჩიშვილიც. მან ბლიაძესაც გაუმართა ბრძოლა, ხოლო მანამდე 10 და 8 წამებში იოლად გაუსწორდა შესაბამისად მარიამ აბუსერიძეს და ანა ასანიშვილს.

ლაფაჩიშვილმა წინა შეჯიბრებშიც გამოიჩინა თავი და ამ წონაში ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა.

მესამე ადგილები ვარდიკო ბუჩაშვილმა და ანა იმერლიშვილმა დაიკავეს.

48კგ-ში ძალიან საინტერესო კამპანიამ მოიყარა თავი. თითქმის ყველა მონაწილე ჩემპიონობაზე აცხადებდა პრეტენზიას.

საბოლოოდ ოქროს მედალი გამოცდილმა აჭარელმა ნატო ფოთელიძემ მოიპოვა, ვინც მთელი ტურნირი ეფექტური გდებების გარეშე, მაგრამ საკმაოდ დამაჯერებლად განვლო. განსაკუთრებით გამოსაყოფია მისი ნახევარფინალური შეხვედრა მთლიანად ჩემპიონატის ერთ-ერთ აღმოჩენასთან მარიამ ინჯგიასთან.

ინჯგიამ მართალია ფოთელიძესთან წააგო, მაგრამ თავისი სიძლიერე წონის უპირობო ფავორიტ- გორელ მარიამ მაზანაშვილთან მესამე ადგილისთვის პაექრობაში დაამტკიცა. ვაზარიზე დასცა მეტოქე.

მეორე ბრინჯაოს მედალს თბილისელი მარიამ გულედანი დაეუფლა. კახა მოცრაძის აღზრდილი გულედანი სულ რაღაც ექვსი თვეა რაც ძიუდოს ეზიარა და უკვე წარმატებასაც მიაღწია. 2001 წელს დაბადებული სპორტსმენი ვფიქრობთ მომავალშიც მრავალჯერ გაგვაკვირვებს.

არაფერი გვითქვამს ფინალისტზე- 2002 წელს დაბადებულ ძალიან პერსპექტიულ საგარეჯოელ მარიამ კოხტაშვილზე. ამ გოგონამ ჭაბუკთა პირველობიდან დაგვამახსოვრა თავი, შემდეგ ახალგაზრდებსაც არ შეეპუა და იქაც სცადა ბედი. ამჯერად კი ფავორიტებს შორის მოიხსენიებოდა.

კოხტაშვილმა სტატუსის შესაბამისი ჭიდაობა აჩვენა. გვანცა მეხრიშვილი შებოჭა , ძალიან ძლიერი ნინო წიკლაური ლამაზად დააიპონა და ფინალშიც უშიშრად იბრძოლა, თუმცა ნატო ფოთელიძეს ვერაფერი მოუხერხა.

ძალიან გასაკვირი იყო წონის ლიდერის - მარიამ მაზანაშვილის უმედლოდ დაჩენა. დარწმუნებული ვართ, ის მომავალში აუცილებლად დადებს უკეთეს შედეგს.

52 კგ-ში დიდი ბრძოლა შედგა ლილე ხარანაულსა და მარიამ გურგულიანს შორის. ფავორიტმა ხარანაულმა და ტურნირის კიდევ ერთმა აღმოჩენამ გურგულიანმა ფინალამდე უპრობლემოდ, იპონებით მიაღწიეს და ერთმანეთს უშეღავათო ბრძოლა გაუმართეს. საბოლოოდ მაინც ხარანაულის გამოცდილება აღმოჩნდა გადამწყვეტი და გურგულიანიც გატყდა.

აღსანიშნავია, რომ ლილე ხარანაული ნატკენი მხარით ჭიდაობდა, რის გამოც ჭაბუკების პირველობა გამოტოვა. და ასეთი ტრავმის მიუხედავად ოქროს მედალი მაინც არავის დაუთმო.

მესამე ადგილები პერსპექტიულმა მარიამ თედლიაშვილმა და ეკა ტატუნაშვილმა დაიკავეს.

57 კგ-ში სრული ტრიუმფით იჭიდავა აჭარელმა ხატია შარაძემ. თავად განსაჯეთ, მარი ქავთარაძე 5 წამში დაამარცხა, ჯულიეტა გავლაშელიძე 20 წამში, ხოლო ვერცხლის მედლის მფლობელი ქრისტინე ნავროზაშვილი 18 წამში. ერთადერთი ანი მაღლაკელიძესთან გაეწელა საქმე-შეხვედრის ბოლოსღა შებოჭა.

ნანი კირკიტაძის აღზრდილი შარაძე საქართველოს ნაკრების წევრია და ანტალიაში გამართულ ევროპის თასზეც უნდა მიეღო მონაწილეობა, მარგამ მწვრთნელებმა ბოლო მომენტში გადაიფიქრეს და ამ ეტაპზე მისი ქვეყნის პირველობაზე დაყენება ამჯობინეს.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს მეორე ადგილზე გასული ნავროზაშვილი. მისი ლაღი და სასიამოვნოდ თვალშისაცემი ჭიდაობა გულშემატკივარს არ გამორჩენია. ქრისტინემ შარაძესთან წაგების შემდეგ ძალები მოიკრიბა, დარჩენილი სამი შეხვედრა სულ წამებში მოიგო და ტრიბუნებს დამსახურებულად მოსწყვიტა ოვაცია.

მესამე ადგილები ანი მაღლაკელიძემ და ჯულიეტა გავლაშელიძემ დაიკავეს.

-63 კგ-ში მთავარი ინტრიგა პირველივე შეხვედრაში გველოდა. წონის ფავორიტებს აჭარელ ქეთი ჩხაიძეს და ქუთაისელ ინდირა სილაგაძეს თავიდანვე მოუწიათ დაპირისპირება.

შედარებით დაბალ, ტექნიკურ ჩხაიძესა და საპირისპიროდ მაღალ და ძალისმიერ სილაგაძეს შორის შეხვედრა ძალიან დაძაბული და კარგი საყურებელი გამოდგა. დავით თევდორაძის აღზრდილი სილაგაძე და ნანი კირკიტაძის მოსწავლე ჩხაიძე არაფერს თმობდნენ. გარდამავალი უპირატესობით მიმავალ პაექრობაში საბოლოოდ მაინც ჩხაიძემ იმარჯვა და ბოლო წამებზე შებოჭვაზე დაიჭირა ერთი წლით უმცროსი მეტოქე.

ვფიქრობთ უახლოეს მომავალში ორივე ეს ძიუდოისტი ჭაბუკთა ნაკრებში გამოიძახებიან.

ტანმაღალ და ყველანაირი მონაცემებით გამორჩეულ ინდირა სილაგაძეს კი საერთოდ უდიდესი მოჭიდავე შეუძლია გახდეს.

ბრინჯაოს მედლები აქ აჭარელმა თამუნა დოლიძემ და მზია ტაკაშვილმა მოიპოვეს.

მძიმე წონოსნებში სულ ოთხი შეხვედრა გაიმართა. ჩემპიონი მარიამ თეთრაძე გახდა, მეორე მარიამ ხავთასი იყო აჭარიდან, ხოლო მესამე ადგილები ანა ბერიძემ და ნინო ფოთელიძემ დაიკავეს.

გოგონებმა შემდეგი შეფასება დაიმსახურეს:

ტურნირის საუკეთესო ძიუდოისტი: სალომე ბლიაძე

ყველაზე ეფექტური ძიუდოისტი: ხატია შარაძე

ყველაზე დამაჯერებელი ასპარეზობა: ნატო ფოთელიძე

მომავლის იმედი: ინდირა სილაგაძე, სალომე გულისაშვილი

ტურნირის გმირობა: ლილე ხარანაული

ყველაზე მებრძოლი ძიუდოისტი: ქეთი ჩხაიძე, მარიამ გურგულიანი, მარიამ ლაფაჩიშვილი

ტურნირის აღმოჩენა: მარიამ ინჯგია, ქრისტინე ნავროზაშვილი

ვაჟები:

46 კგ
1. ანზორ სიდამონიძე , 2. ლუკა კაპანაძე , 3. ნიკა მუშკუდიანი , მიხეილ შათირიშვილი

50 კგ
1. ბექა წიფიანი, 2. გიორგი წამალაიძე, 3. შოთა ხაბალაშვილი, დავით ნინიაშვილი

55 კგ
1. გიორგი კაპანაძე, 2. მიშიკო ნოზაძე, 3. ლაშა ვარძელაშვილი, გიორგი ახალაური

60 კგ
1. გიორგი ჩიხელიძე, 2. ლევან ებელაშვილი, 3. გურამ ძავაშვილი, თორნიკე ონიანი

66 კგ
1. ოთარ პირველი, 2. გიორგი ლომიძე, 3. მიხეილ ბახბახაშვილი, დამეი გვარამია

73 კგ
1. ვლადიმერ ახალკავი, 2. ლევან ფსუტური, 3. დავით კუდუხაშვილი, ილია სულამანიძე

-81 კგ
1. ლუკა რთველაძე , 2. ტატო ქევხიშვილი , 3. დიმიტრი ნასყიდაშვილი , გიორგი თამლიანი

+81 კგ
1. ნოდარ კუთხაშვილი, 2. გიორგი ბურჯალიანი, 3. გიორგი კარიაული, დიმა ხანთაძე

გოგონები:

36 კგ
1. სალომე გულისაშვილი , 2. ლოლიტა გაბუნია , 3. სალომე არაბული , ლიკა მზარეულაშვილი

40 კგ
1. ელენე წიკლაური, 2. მარი ფოცხვერაშვილი, 3. იანა წულუკიძე, ლინდა ბუქიძე

44 კგ
1. სალომე ბლიაძე, 2. მარიამ ლაფაჩიშვილი, 3. ანა იმერლიშვილი, ვარდიკო ბუჩაშვილი

48 კგ
1. ნატო ფოთელიძე, 2. მარიამ კოხტაშვილი, 3. მარიამ ინჯგია, მარიამ გულედანი

52 კგ
1. ლილე ხარანაული, 2. მარიამ გურგულიანი, 3. ეკა ტატუნაშვილი, მარიამ თედლიაშვილი

57 კგ
1. ხატია შარაძე, 2. ქრისტინე ნავროზაშვილი, 3. ანი მაღლაკელიძე, ჯულიეტა გავლაშელიძე

-63 კგ
1. ქეთი ჩხაიძე , 2. ინდირა სილაგაძე , 3. მზია ტაკაშვილი , თამუნა დოლიძე

+63 კგ
1. მარიამ თეთრაძე, 2. მარიამ ხავთასი, 3. ანა ბერიძე, ნინო ფოთელიძე

ირაკლი ხმელიძე

სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.170152