ფიფას საფეხბურთო კომიტეტის ექსპერტებმა 2016 წლის საუკეთესო მწვრთნელის პრეტენდენტები დაასახელეს. აღნიშნული ინფორმაცია მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
საუკეთესო მწვრთნელის ტიტულისთვის შემდეგი სპეციალისტები იბრძოლებენ: კრის კოულმენი (უელსი, უელსის ეროვნული ნაკრები), დიდიე დეშამი (საფრანგეთი, საფრანგეთის ეროვნული ნაკრები), პეპ გვარდიოლა (ესპანეთი, "ბაიერნი", მანჩესტერ სიტი"), იურგენ კლოპი (გერმანია, "ლივერპული"), ლუის ენრიკე (ესპანეთი, "ბარსელონა"), მაურისიო პოჩეტინო (არგენტინა, "ტოტენჰემი"), კლაუდიო რანიერი (იტალია, "ლესტერი"), ფერნანდუ სანტუში (პორტუგალია, პორტუგალიის ეროვნული ნაკრები), დიეგო სიმეონე (არგენტინა, "ატლეტიკო"), ზინედინ ზიდანი (საფრანგეთი, "რეალი").
მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი შემდეგნაირად გაირკვევა - ხმების 50% მსოფლიოს ქვეყნების ეროვნული ნაკრებების მწვრთნელების და კაპიტნების არჩევანზე გადანაწილდება, დარჩენილი 50% კი გულშემატკივრების ხმის მიცემის პროცედურას და 6 კონტინენტის 200 ჟურნალისტის გემოვნებას დაეთმობა.
ხმის მიცემის პროცედურა 4 ნოემბრიდან 22 ნოემბრამდე გასტანს და სამი საუკეთესო მწვრთნელი გამოვლინდება, საბოლოოდ კი ფიფას წლის საუკეთესო მწვრთნელის ვინაობა 2017 წლის 9 იანვარს გაირკვევა.