“რეალი”, “იუვენტუსი”, “მონაკო”, “ლევერკუზენი” და “ლესტერ სიტი” – ეს, ის გუნდებია, რომლებმაც ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში თამაში ბოლო ტურის წინ გაინაღდეს. ისინი დორტმუნდის “ბორუსიას” შეუერთდნენ, რომელმაც თავის მხრივ დღეს ვარშავის “ლეგიას” 8:4 მოუგო და ამ შეხვედრაში უეფას ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის რეკორდი დამაყარდა.
მე-5 ტურმა სტარტი მოსკოვში აიღო, სადაც ცსკამ ლევერკუზენის “ბაიერი” მიიღო. მოსკოველებს ჯგუფიდან გასვლისთვის მხოლოდ გამარჯვება სჭირდებოდათ, მაგრამ საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ ქულის გადარჩენისთვის მოუწია ბრძოლა, რასაც მიაღწია კიდეც, მაგრამ ამან მხოლოდ მესამე ადგილზე გასვლის შანსი შეუნარჩუნა. “ბაიერმა” კი, უკვე გაინაღდა პლეი-ოფში თამაში, მიუხედავად იმისა, რომ ჩატარებული 5 თამაშიდან ერთი აქვს მოგებული. ამავე ჯგუფის მეორე მატჩში დაფიქსირებულმა შედეგმა “ფარმაცევტებს” ვადაზე ადრე გაუნაღდა შემდეგი ეტაპის საგზური.
მონტე კარლოში, “მონაკომ” ლონდონის “ტოტენჰემს” აჯობა და თავადაც მოიპოვა პლეი-ოფში თამაშის უფლება, თანაც უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ პირველი ადგილით, რაც ფრანგთათვის ძალიან კარგი შედეგია. “ტოტენჰემზე” კი, რა შეიძლება ითქვას, ფაქტია, მაურისიო პოჩეტინიოს გუნდი პრემიერლიგისგან გასნხვავებით ლიგაზე ვერ ვარგობს და ლოგიკურია, რომ ჯგუფში ჩარჩა. ახლა “დეზებს” მხოლოდ ევროპა ლიგის საგზური თუ დაამშვიდებს, რომლის მოსაპოვებლად ბოლო ტურში ფრეც ჰყოფნის საკუთარ მოედანზე ცსკასთან.
“დორტმუნდმა” მერვედფინალში თამაშის უფლება ჯერ კიდევ წინა ტურში გაინაღდა და “ლეგიასთან” სათამაშოდ მხოლოდ სილაღისთვის გავიდა, რაც შეასრულა კიდეც. აღნიშნული თამაში ვინ იცის რამდენი ხანი დარჩება ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, რადგან აქამდე არ ყოფილა შემთხვევა, როდესაც ერთ მატჩში 12 გოლი გასულიყოს. სწორედ ამდენი გატანილი ბურთი იხილა “სიგნალ იდუნა პარკზე” შეკრებილმა ქომაგმა. ამით 2004 წელს, “მონაკო” – “დეპორტივოს” მატჩში დამყარებული რეკორდი დაემხო. აქედან 8 პოლონელთა კარში. სხვათა შორის, “ბორუსიამ” პოლონეთის ჩემპიონს ორ თამაშში 14(!) გოლი გაუტანა... ჰეთ-თრიქით გამოირჩა მარკო როისი, რომელიც მაისის შემდგომ ლაზარეთში იმყოფებოდა და დაბრუნება დიდებული გამოუვიდა. “ლეგიას” რიგებში კი, სამწუხაროდ არ გამოჩენილა ვაკო ყაზაიშვილი, რომელიც 90 წუთი სკამზე დარჩა. საგულსიხმოა, რომ გოლი გაიტანა ფელიქს პასლაკმა, რომელიც გახდა “ბორუსიას” ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა გოლის ავტორი ლიგაზე (18 წელი და 177 დღე). მან ლარს რიკენის 1997 წელს დამყარებული რეკორდი მოხსნა.
ამავე ქვეჯგუფში მადრიდის “რეალმა” ლისაბონში “სპორტინგს” 2:1 აჯობა ქარიმ ბენზემას 87-ე წუთზე გატანილი გოლით. ამ მოგებით “რეალმა” პლეი-ოფის საგზურიც გაინაღდა და რაც მთავარია, პირველ ადგილზე გასვლის შანსიც შეინარჩუნა. “სამეფო კლუბს” ლისაბონში რომ ვერ მოეგო, ჯგუფის მოგებაზე ოცნებასაც ვეღარ მოახერხებდა. ბოლო ტურში ზინედინ ზიდანის გუნდს საწადელის მისაღწევად “დორტმუნდის” ძლევა სჭირდება. აღსანიშნავია, რომ უფერული თამაში ჩაატარა კრიშტიანუ რონალდუმ და ორი ანტირეკორდიც დაამყარა: ეს იყო პირველი თამაში “რესლის” მაისურით ჩემპიონთა ლიგაზე, როცა პორტუგალიელმა კარის ჩარჩოში ვერ მოახვედრა ბურთი და მეორეც, 2011 წლის შემდგომ პირველად მოხდა, რომ კრიშტიანუმ ლიგაზე ზედიზედ სამი თამაში გატანილი გოლის გარეშე ჩაატარა.
მერვედფინალში ითამაშებს ლიგის დებიუტანტი “ლესტერ სიტიც” – კლაუდიო რანიერის გუნდმა დღეს აუტსაიდერი “ბრიუგე” დაამარცხა – 2:1. “მელიებმა” პირველი ადგილიც გაინაღდეს. ერთადერთი, რაზეც ინგლისელებს გული უნდა სწყდებოდათ ისაა, რომ მიმდინარე სეზონში პირველი გოლი გაუშვა ამ ტურნირზე. სხვათა შორის, “ლესტერმა” ჩემპიონთა ლიგაზე მეოთხე თამაში მოიგო და ეს უფრო მეტია, ვიდრე პრემიერლიგაში მოგებათა რაოდენობა (3).
რაც შეეხება მეორე გამსვლელ გუნდს, ყველაფერი დასკვნით ტურში გადაწყდება. “კოპენჰაგენი” და “პორტუ” დანიის დედაქალაქში უგოლოდ გაიყარნენ, რაც უფრო მეტად ხელს “დრაკონებს” აძლევდათ, რადგან ორი ქულით მეტი აქვთ მოპოვებული. ბოლო ტურში “პორტუ” “ლესტერს” დაუხვდება, ხოლო “კოპენჰაგენი” “ბრიუგეს” ესტუმრება.
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გავიდა ტურინის “იუვენტუსიც”. მიუხედავად იმისა, რომ “ბებერი ქალბატონისთვის” “სევილიასთან” მატჩი ცუდად დაიწყო და მალევე გაუშვა, მერე სამი უპასუხო გოლი გაუტანა მასპინძელ გუნდს. სხვათა შორის, “იუვენტუსმა” ესპანეთში ისტორიაში მეორედ მოიგო ლიგაზე (10 თამაშიდან). აღსანიშნავია, რომ მასიმილიანო ალეგრიმ თამაშის საშუალება მისცა მოის კინს, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე გახდა პირველი ფეხბურთელი, ვინც XXI საუკუნეშია დაბადებული და უკვე ითამაშა. იგივე რეკორდი 4 დღის წინ კინმა იტალიის ჩემპიონატშიც დაამყარა. “იუვე” პირველ ადგილთანაც ახლოსაა, რადგან ბოლო ტურში რღმა აუტსაიდერ “დინამოს” მასპინძლობს და წესით მოგება არ უნდა გაუჭირდეს. “სევილიას” საქმე კი, დამძიმდა – თუ “დალაქები” ბოლო ტურში ლიონში წააგებენ, თავიანთ საყვარელ ტურნირ, ევროპა ლიგაზე მოუწევთ გადართვა.
“ლიონმა” კი პლეი-ოფში გასვლის შანსი ზაგრებში მოგებით დაიტოვა. ალექსანდრ ლაკაზეტმა გადამწყვეტი გოლი 72-ე წუთზე გაიტანა და ახლა “ლომებს” ბოლო ტურში ფინალის ტოლფასი მატჩი ელით “სევილიასთან”.
ცსკა – “ლევერკუზენი” 1:1 (0:1) VIDEO
გოლები: 0:1 ვოლანდი (16), 1:1 ნათხო (76)
“მონაკო” – “ტოტენჰემი” 2:1 (0:0) VIDEO
გოლები: 1:0 სიდიბე (48), 1:1 კეინი (52, პენ), 2:1 ლემარი (53)
“დორტმუნდი” – “ლეგია” 8:4 (5:2) VIDEO
გოლები: 0:1 პრიოვიჩი (10), 1:1 კაგავა (17), 2:1 კაგავა (18), 3:1 საჰინი (20), 3:2 პრიოვიჩი (24), 4:2 დემბელე (29), 5:2 როისი (32), 6:2 როისი (52), 6:3 კუჩარზჩიკი (57), 7:3 პასლაკი (81), 7:4 ნიკოლიჩი (83), 8:4 როისი (90)
“სპორტინგი” – “რეალი” 1:2 (0:1) VIDEO
გოლები: 0:1 ვარანი (29), 1:1 ანდრე სილვა (80, პენ), 1:2 ბენზემა (87)
“კოპენჰაგენი” – “პორტუ” 0:0 (0:0) VIDEO
“ლესტერი” – “ბრიუგე” 2:1 (2:0) VIDEO
გოლები: 1:0 ოკაზაკი (5), 2:0 მაჰრეზი (30), 2:1 იზკუერდო (52)
“დინამო” – “ლიონი” 0:1 (0:0) VIDEO
გოლი: 0:1 ლაკაზეტი (72)
“სევილია” – “იუვენტუსი” 1:3 (1:1) VIDEO
გოლები: 1:0 პარეხა (9), 1:1 მარკიზიო (45, პენ), 1:2 ბონუჩი (84), 1:3 მანჯუკიჩი (90)