1-2 აპრილს, რუსთავის საერთაშორისო მოტორპარკზე, TCR-ის (ტურინგ ქარ ჩემპიონშიპ - ტურინგის ავტომობილების ჩემპიონატი) საერთაშორისო სერიის პირველი ეტაპი გაიმართება. მასზე ქართველი მრბოლი დათა ქაჯაია „ალფა რომეო ჯულიეტათი“ იასპარეზებს, რომელიც საქართველოში ბაზირებულ გუნდ „GE-ფორსს“ ეკუთვნის. ისე კი, სტრუქტურულად იტალიურ გუნდ „რომეო ფერარის“ შემადგენლობაშია და მისივე გამოცდილი ტექნიკური პერსონალით არის დაკომპლექტებული.
დათამ ახალი ავტომობილით, სწორდ „რომეო ფერარის“ შემადგენლობაში იასპარეზა TCR-ის ახლო აღმოსავლეთის სერიის ორ ეტაპზე, სადაც აბუ დაბიში ორი მეორე ადგილი დაიკავა. დათას ძლიერი თანაგუნდელი ეყოლება სერბი დუშან ბორკოვიჩის სახით. TCR-ის ვებგვერდზე, ქართველი და სერბი მრბოლები „ჯულიეტას კავალრებად“ მოიხსენიეს.
„ქართული ძლიერი გუნდის ჩამოყალიბება რეალობად იქცა. GE-ფორსს აქვს ისეთი ინგრედიენტები, როგორებიცაა სახელოვანი ბრენდი ალფა რომეო, ორი კონკურენტუნრიანი მრბოლი ქაჯაიას და ბორკოვიჩის სახით და „რომეო ფერარის“ ინჟინერთა გამოცდილება“, - ამბობს სარბოლო კლუბ „MIA ფორსის“ პრეზიდენტი არჩილ თალაკვაძე.
„მე ბედნიერი და ამაყი ვარ იმით, რომ GE-ფორსში საქართველოს სახელით ვიასპარეზებ. საშინაო რბოლაში წარმატებული დებიუტის იმედი მაქვს. დარწმუნებული ვარ, ჩემს თანაგუნდელ და მეგობარ დუშანთან ერთად, კარგად ვიასპარეზებთ და რბოლით სიამოვნებასაც მივიღებთ“ - განაცხადა ქაჯაიამ.
ბორკოვიჩი დასძენს: „GE-ფორსს და რომეო ფერარის შემუშავებული აქვთ გეგმა, რომელმაც დამაინტერესა. მათ ხანგრძლივი ამბიციური გეგმები აქვთ, რაც თავდაჯერებულობას მანიჭებს. ეს საინტერესო გამოწვევაა, რამდენადაც სეზონის განმავლობაში, მანქანის სრულყოფაშიც მივიღებთ მონაწილეობას. ალფა ჯერ არ არის იმ დონეზე, რომელზეც არიან ჰონდა და ფოლკსვაგენის ჯგუფის მანქანები, მაგრამ აქვს დიდი პოტენციალი“.
ჩემპიონატში ახალი გუნდის გამოჩენას თავის შეფასებას TCR-ის პრომოუტერი მარჩელო ლოტიც აძლევს: „კარგი გუნდი უნდა იყოს. დარწმუნებული ვარ, რომ „MIA ფორსის“ მხარდაჭერით, ისეთი გამორჩეული მრბოლები, როგორებიც არიან ქაჯაია და ბორკოვიჩი, რომეო ფერარის მიერ მომზადებული ჯულიეტას პოტენციალს სრულად აითვისებენ“.