ავტოსპორტი

17:23 | 30.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

„მერსედესი“ W08-ს შემსუბუქებას აპირებს

„მერსედესმა“ აღიარა, თავისი ფორმულა 1-ის სარბოლო ავტომობილის წონის შემცირება, მისი ინჟინრების ერთ-ერთი მთავარი მიზანია. იმავდროულად, პირვერლი ეტაპის შემდეგ, ლუის ჰამილტონმა განაცხადა, რომ მანქანის მთავარი პრობლემა, საბურავების ინტენსიური ცვეთაა, რაც დიდწილად, ზედმეტ წონასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული.

ახალი რეგლამენტის გამო, მოსახვევებში სიჩქარე და შესაბამისად, ცალკეულ კომპონენტებზე (მათ შორის, მონოკოკზე) დატვირთვა გაიზარდა. ამის გამო, სამქიმიანებმა ამ კომპონენტების გაძლიერება გადაწყვიტეს, რამაც მანქანის დამძიმება გამოიწვია. ამას ის გარემოებაც დაემატა, რომ მთელ სეზონზე, ერთ მანქანაზე მხოლოდ ოთხი აგრეგატის გამოყენებაა ნებადართული. ამის გამოც, მის ცალკეულ ელემენტებსაც გაზრდლი დატვირთვის გაძლება მოუწევს, რის გამოც, მათი გამტკიცება გახდა საჭირო. და ამანაც ავტომობილი დაამძიმა. როგორც ჩანს, „მერსედესის“ W08 დასაშვებ მინიმუმზე (728 კგ) გაცილებით მძიმეა.

ზედმეტი წონა არამხოლოდ წრის გავლის დროს აუარესებს, არამედ ინჟინრებს ბალასტის გამოყენების საშუალებასაც არ აძლევს - როდესაც ავტომობილი დასაშვებ მინიმუმზე მსუბუქია, რეგლამენტის დასაცავად, ინჟინრები ბალასტს იყენებენ. ბალასტი კი ტრასის თავისებურებათა შესაბამისად, მანქანის ძირზე, სხვადასხვა ადგილას მაგრდება. მისგან მთავარი ხეირი ისაა, რომ შესაძლებელი ხდება სიმძიმის ცენტრის კიდევ უფრო დაბლა დაწევა. ეს კი მართვას და მანევრულობას აუმჯობესებს.

გერმანულ გამოცემა „აუტო მოტორ უნდ შპორტის“ ინფორმაციით, W08-ს ზედმეტი წონა 5 კილოგრამია. ამ ინფორმაციას არ ადასტურებს გუნდის შეფი ტოტო ვოლფი, თუმცა აღიარებს, რომ მანქანას წონაში დაკლება სჭირდება. ეს იმ შემთხვევაშიც იქნბოდა საჭირო, ავტომობილის წონა მინიმუმის შესაბამისი რომ ყოფილიყო, რადგან ამ შემთხვევაშიც, გუნდი ბალასტის გამოყენებას ვერ შეძლებდა.

„დეტალებზე საუბრისგან თავს შევიკავებ, მაგრამ ეს ის სფეროა, რომელზე მუშაობაც მოგვიწევს. ახალი რეგლამენტის და მანქანების გაზრდილი ზომების გამო, წონასა და სხვა მახასიათებლებს შორის, მუდმივად ბალანსირებაა საჭირო. ახლა სწორედ ამ საკითხით ვართ დაკავებულები“, - ამბობს ვოლფი.

„მერსედესის“ გარდა, წონის პრობლემა სხვა გუნდებსაც აწუხებთ. მათ შორისაა „რედ ბულიც“, რომელსაც ავსტრალიაში „რენოს“ შარშანდელი MGU-K-ს გამოყენებამ მოუწია, რამაც მანქანა დაახლოებით 5 კილოგრამით დაამძიმა. ამასთან, ავსტრიულმა გუნდმა ვერ მოახერხა ახალი, უფრო რთული კონსტრუქციის საკიდარის გამოყენება, რადგან ესეც მანქანას დაამძიმებდა.

მანქანის ჭარბი წონის გამო, „ფორს ინდიამ“ თავის პილოტებს წონის დაკლება სთხოვა. ინდური გუნდი იმედოვნებს, რომ ბაჰრეინს ეტაპამდე შეძლებს ბოლიდის შემსუბუქებას. გუნდის შეფი ბობ ფერნლი ამბობს, რომ მანქანა დასაშვებ მინიმუმზე მსუბუქია, მაგრამ არა იმდენად, რომ მძიმე ბალასტის გამოყენება იყოს შესაძლებელი. ამიტომ, ინჟინრები ამ მიმართულებით მუშაობას გააგრძელებენ.

0.097013