ავტოსპორტი

1:31 | 5.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

„ფერარის“ ძრავის სიმძლავრე შესაძლოა „მერსედესისას“ გაუტოლდა

ფორმულა 1-ის გუნდ „ჰაასის“ შეფი გიუნტერ შტაინერი ამბობს, რომ შესაძლოა, „ფერარის“ ძრავი „მერსედესისაზე“ ძლიერი იყოს. ავსტრალიის დიდი პრიზის რბოლისას, გუნდების მიერ GPS-ის გამოყენებით მიღებული ინფორმაცია მეტყველებს, რომ „ფერარის“ ყველაზე დიდი წინსვლა სიმძლავრის მხრივ აქვს.

„ჰაასის“ მანქანები „ფერარის“ აგრეგატებით არის აღჭურვილი. სწორედ მისი წყალობით, მელბურნის კვალიფიკაციაში რომენ გროჟანმა მეექვსე დრო დააფიქსირა, რაც ამერიკული გუნდისთვის საუკეთესო შედეგია. სწორედ ეს აძლევს შტაინერს იმის ფიქრის საფუძველს, რომ „მერსედესს“ ძრავების მხრივ უპირატესობა აღარ აქვს და შესაძლოა, იტალიურ კომპანიას ჩამორჩა კიდეც.

„ძრავი, მისი ყველა კომპონენტი, წინამორბედთან შედარებით სრულად განახლდა. ის ისეთივე კონკურენტუნარიანია, როგორიც „მერსედესის“ აგრეგატი, თუ უკეთესი არა. „ფერარიმ“ ავსტრალიაში მოიგო, მაგრამ ყველა ვითარდება და ცდილობს, რომ უკეთესი გახდეს. გვექნება განვითარების რბოლა. მათ წინ დიდი ნაბიჯი გადადგეს და „ფერარის“ გარეშე, ჩვენ არ ვიქნებოდით იქ, სადაც ვართ“, - ამბობს შტაინერი.

„ჰაასმა“ მელბურნის რბოლაში, კვალიფიკაციით მიღებული ხეირი ვერ გამოიყენა - გროჟანი რბოლას ძრავის გაგრილების სისტემის დაზიანების მიზეზით გამოეთიშა. მაგრამ შტაინერი ამბობს, რომ განგაშის მიზეზი არ არსებობს:

„როცა სიჩქარე გაქვს, ტექნიკის საიმედობაც უნდა გქონდეს. რა თქმა უნდა, სეზონის დასაწყისშივე პრობლემის წარმოქმნა ცუდია, მაგრამ უფრო ცუდი იქნებოდა, რომ სიჩქარე გვაკლდეს, რადგან ამის გამოსწორება გაცილებით ძნელია, ვიდრე საიმედობის პრობლემის აღმოფხვრა. ჩვენ ფრთხილი ოპტიმისტები ვართ. ჯერაც დასამტკიცებელი გვაქვს, რომ მელბურნის წარმატება ერთჯერადი არ იყო. პელოტონის შუაში დიდი სიმჭიდროვეა. ერთ დღეს შეიძლება მის წინ იყო, მეორე დღეს კი - უკან აღმოჩნდე. შუაწელის სხვა გუნდებმა გვიჩვენეს, რომ ასე ხშირად მოხდება. ჩვენი კარგი გამოსვლა ბევრისთვის მოულოდნელობა იყო. გოჟანმა მასაზე ოთხი მეათედით უკეთესი დრო აჩვენა. ეს მართლა მაგარი იყო“.

0.092293