საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა 26-ე ეროვნულ ჩემპიონატში, დღეს პლეი-აუტის პირველი წრის მეორე ტურის მატჩები გაიმართა.
თბილისის ოლიმპიურ სასახლეში აუტსაიდერმა ,,ოლიმპმა’’ ლიდერ ,,სოხუმს’’ უმასპინძლა. სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, პლეი-აუტის გუნდების თითოეულ შეხვედრას უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს. გამონაკლისი არც ეს შეხვედრა იყო. აუტსაიდერ ,,ოლიმპს’’ უკანდასახევი გზა მოჭრილი ჰქონდა. რაც შეეხება ,,სოხუმს’’, გამარჯვების შემთხვევაში ზღვისპირელებს ლიგაში ადგილი თითქმის გარანტირებული ჰქონდათ.
ორივე გუნდი შესუსტებული შემადგენლობით თამაშობდა. მასპინძლებს გუნდიდან ვადაზე ადრე წასული უოლტერ პიჩფორდი არ ჰყავდათ, ხოლო ზღვისპირელებმა ტრავმირებული, უკრაინელი ლეგიონერები, დიმიტრი ზაბირჩენკო და ალექსანდრ ტიშენკო მოისაკლისეს.
შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით დაიწყო. მე-4 წუთის ბოლოს 13:12 იყო ,,სოხუმის’’ სასარგებლოდ. ამის შემდეგ უპირატესობას ,,ოლიმპი’’ დაეუფლა, რომელიც მატჩის ბოლომდე შეინარჩუნა. შეიძლება ითქვას, რომ მატჩის ბედი პირველივე მეოთხედში გადაწყდა, რომელიც ,,ოლიმპმა’’ 27:16 მოიგო. ამის შემდეგ ,,სოხუმი’’ ბევრს ეცადა, მაგრამ მატჩის გადარჩენა ვეღარ შეძლო. 79: 65 გაიმარჯვა ,,ოლიმპმა’’, რომელმაც უაღრესად მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.
მასპინძელთა გამარჯვებაში გამორჩეული წვლილი გუნდის კაპიტანმა რეზო როგავამ შეიტანა, რომელმაც 19 ქულა, 9 მოხსნა და 5 პასი დააგროვა. 16 ქულითა და 15 მოხსნით ამ შეხვედრის ერთადერთი ორმაგი დუბლი როგავას თანაგუნდელმა ტრე ბურნეთმა შეასრულა. სტუმართა შორის 15-15 ქულით ყველაზე შედეგიანები დავით ბარბაქაძე და უეიდ ლათანი იყვნენ. ამ უკანასკნელს ორმაგ დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა.
,,ოლიმპი’’ - ,,სოხუმი’’ 79:65 (27:16, 20:20, 15:15, 17:14)