სამხრეთ კორეაში გუშინ სტარტი მსოფლიოს 20-წლამდე ჩემპიონატმა აიღო. საერთოდ, ეს ტურინირი ყოველთვის საინტერესოა, რადგან მასში მონაწილეობას ის ფეხბურთელები იღებენ, რომლებიც ახლო მომავალში უკვე დიდ საფეხბურთო სცენაზე ჩნდებიან.
პირველი ტური სამ დღეზეა გაწერილი: ნაწილი მატჩებისა გუშინ ჩატარდა, ნაწილი დღეს გაიმართება, ხოლო ტური ხვალ დასრულდება.
აქვე გეტყვით ტურნირის ფორმატის შესახებ: 24 ნაკრები ასპარეზობს მუნდიალზე, რომლებიც ექვს ოთხგუნდიან ჯგუფში არიან გადანაწილებულნი. მათგან პირველ-ორ ადგილზე გასული გუნდები მერვედფინალში გავლენ, ხოლო ხსენებულ 12 ნაკრებს კიდევ ოთხი საუკეთესო მესამე ადგილოსანი დაემატება. საბოლოოდ მივიღებთ 16 გუნდს, რომლებიც თასისთვის ბრძლას მერვედფინალიდან პლეი-ოფის სისტემით გააგრძელებენ.
A ჯგუფი
ჩენჯუში ერთმანეთს ინგლისისა და არგეტინის ნაკრებები დაუპირისპირდნენ და სპეციალისტები თანაბარ თამაშს ვარაუდობდნენ, თუმცა ბრძოლა არ შედგა - ალბიონელებმა „ალბისელესტე“ ყველა კომპონენტში დაჩაგრეს და ძალზე ადვილად აჯობეს - 3:0. ანგარიში 38-ე წუთზე მოხდენილი თავურით კარლეტ-ლევინმა გახსნა, მეორე ტაიმის დასაწყისში კი, არმსტრონგმა სხვაობა ორამდე გაზარდა. არგენტინელთა რბევას მატჩის ბოლო წუთზე დომინიკ სოლანკემ დაუსვა წერტილი თერთმეტრიანით, რომელმაც უმაღლესი საფეხბურთო სასჯელი სიმონე ძაძას სტილში დაარტყა, თუმცა იტალიელისგან განსხვავებით წარმატებულად.
ამავე ჯგუფის მეორე მატჩიც ჩენჯუში შედგა და მასპინძელმა სამხრეთ კორეამ გვინეის ნაკრებს იმავე ანგარიშით მოუგო, როგორც ინგლისმა არგენტინას. შესაბამისად, პირველი ტურის მერე ორი ლიდერი გამოიკვეთა, თუმცა არგენტინის ნაკრების ჩამოწერა ჯერ მაინც ნაადრევი იქნება.
არგენტინა - ინგლისი 0:3 (0:1)
გოლები: 0:1 კარლეტ-ლევინი (38), 0:2 არმსტრონგი (52), 0:3 სოლანკე (90, პენ)
სამხრეთ კორეა - გვინეა 3:0 (1:0)
გოლები: 1:0 ლი სეუნგვო (36), 2:0 ლიმ მინეოკი (76), 3:0 პაიკ სეუნგო (81)
B ჯგუფი
ტურნირი გამარჯვებით დაიწყო მექსიკის ნაკრებმა, რომელმაც ვანუატუს დაძაბულ ბრძოლაში აჯობა. თავიდან ყველაფერი ისე დაიწყო, თითქოს მექსიკელებს ძალზე ადვილი სამი ქულა უნდა მიეთვალათ, მაგრამ აფრიკელებმა 62-ე წუთისთვის აღმოფხვრეს ორბურთიანი ჩამორჩენა. და მაინც, მსაჯის მეოთხე დამატებულ წუთზე ედსონ ალვარესის გოლმა მექსიკას სამი ქულა მოუტანა.
გაცილებით მარტივად იმარჯვა ვენესუელის ნაკრებმა, რომელმაც გერმანიას შანსი არ დაუტოვა. პენიამ და კორდოვამ ალემანთა კარი სამწუთიან ინტერვალში აიღეს და ჩემპიონატსი ფავორიტი პირველი ტურის მერე უქულოდ დატოვეს.
ვენესუელა - გერმანია 2:0 (0:0)
გოლები: 1:0 პენია (51), 2:0 კორდოვა (54)
ვანუატუ - მექსიკა 2:3 (0:2)
გოლები: 0:1 მაგანა (10), 0:2 სინსეროსი (25), 1:2 კალო (52), 2:2 რონალდო (62), 2:3 ალვარესი (90)
C ჯგუფი
ამ ჯგუფის სასტარტო მატჩში ზამბიამ თვით პორტუგალიის ნაკრების ძლევა შეძლო და თან საკმაოდ ადვილად. მართალია, ანგარიში ამაზე არ მეტყველებს, მაგრამ პორტუგალიელებმა პრესტიჟის გოლი მხოლოდ მსაჯის კომპესირებულ დროში გაიტანეს. აი, მანამდე ზამბიის ნაკრებმა ორჯერ შეძლო მეტოქის დამწუხრება და მერვედფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.
ზამბია - პორტუგალია 2:1 (0:0)
გოლები: 1:0 ჩილუფა (51), 2:0 საკალა (76), 2:1 ელდერი (90)
ჯერჯერობით 20-წლამდე მსოფლიოს ჩემპიონატზე სწორედ ეს ხუთი შეხვედრა გაიმართა. დღეს კიდევ სამი მატჩი შედგება. ირანი კოსტა რიკას ხვდება C ჯგუფში, ხოლო D ჯგუფის ბინადრებიც ჩაერთვებიან ტურნირში: სამხრეთ აფრიკა იაპონიას დაუპირისპირდება, ხოლო დღე სუვონში, იტალიისა და ურუგვაის ნაკრებთა შეხვედრით დასრულდება.