ფეხბურთი

17:07 | 21.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

მუნდიალი U20: ურუგვაიმ იტალიას აჯობა (+VIDEO)

სამხრეთ კორეაში გრძელდება მსოფლიოს 20-წლამდე ჩემპიონატი, სადაც პირველი ტურის მატჩები იმართება. დღეს, ზამბიის ნაკრებმა პორტუგალიას რომ აჯობა და გუშინდელ შეხვედრებზე უკვე გიამბეთ. გარდა ამისა, კიდევ დასრულდა სამი შეხვედრა:

C ჯგუფი

ამ ჯგუფის პირველ შეხვედრაში ზამბიის ნაკრებმა პორტუგალიას ბევრისთვის გასაკვირად აჯობა (2:1), ხოლო მასთან ერთად პირველი ტურის თავზე ირანის ნაკრები გალიდერდა, რომელმაც კოსტა რიკას მოუგო. თამაში საკმაოდ მოსაწყენი გამოდგა და თითქოს ნულოვანი ფრე უნდა დაფიქსირებულიყო, მაგრამ მოჰამედ მეჰდი მეჰდიჰანის გოლმა აზიელებს ტურნირზე პირველი სამი ქულა მოუტანა.

ირანი - კოსტა რიკა 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 მეჰდიჰანი (81)

D ჯგუფი

D ჯგუფის სასტარტო მატჩი დრამატული გამოდგა. სამხრეთ აფრიკა იაპონიასთან მალევე დაწინაურდა, მაგრამ სამ ქულას ვინ ჩივის, ქულაც ვერ მოიპოვა. მარგემანის პირველივე ტაიმში გატანილ გოლს იაპონიის ნაკრებმა ოგავასა და დოანის ორი ბურთით უპასუხა და ამომავალი მზის ქვეყნის შვილებმა მუნდიალის ამაღლებულ ნოტაზე დაიწყეს.

ამავე ჯგუფის ცენტრალური შეხვედრა სუვონში გაიმართა, სადაც ურუგვაის ნაკრებმა იტალიას აჯობა - 1:0. მატჩის ერთადერთი გოლი ულამაზესი საჯარიმო დარტყმით 77-ე წუთზე როდრიგო ამარალმა გაიტანა. სხვათა შორის პირველ ტაიმში, მატჩის გვატემალელმა მსაჯმა ვიდეო რეფერი გამოიყენა და იტალიელთა კარში მე-40 წუთზე მომხდარი ეპიზოდის გამო პენალტი 43-ე წუთზე დანიშნა. თუმცა, დე ლა კრუზს აპინენლთა კიპერმა აჯობა. საერთოდ, 19 წლის ანდრეა ძაკანიომ დიდებული თამაში ჩაატარა და რომ არა ის, სამხრეთ ამერიკელთა უპირატესობა გაცილებით დიდი იქნებოდა.

იტალია - ურუგვაი 0:1 (0:0)

გოლი: 0:1 ამარალი (77)

სამხრეთ აფრიკა - იაპონია 1:2 (1:0)

გოლები: 1:0 მარგემანი (7), 1:1 ოგავა (48), 1:2 დოანი (72)

მსოფლიოს 20-წლამდე ჩემპიონატის პირველი ტური 22 მაისს დასრულდება. E ჯგუფში ორი თამაშია ჩანიშნული: საფრანგეთი - ჰონდურასი და ვიეტნამი - ახალი ზელანდია, ხოლო F ჯგუფში ეკვადორი - აშშ და საუდის არაბეთი - სენეგალი.

0.099216