კალათბურთი

18:10 | 2.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ევრობასკეტ 2017: ლატვიამ შანსი დაიბრუნა

ლატვიამ ბელგიას ორ მეოთხედში უშანსოდ აჯობა, ჯამში 92:64 დაჯაბნა და ჯგუფიდან გასვლის შანსი დაიბრუნა.

ბელგიელებმა პირველ მატჩში დიდ ბრიტანეთს სძლის და ეს შეხვედრაც რომ მოეგო, D ჯგუფიდან პლეი ოფში გასვლის რეალური კანდიდატი გახდებოდა. პირველ მეოთხედში გუნდებმა დაცვა დაივიწყეს და 10 წუთის შემდეგ ბელგია 25:24 დაწინაურდა, მაგრამ მეორე მეოთხედში ლატვიამ დაცვას მეტი ყურადღება მიაქცია, მეტოქეს მხოლოდ 8 ქულა ააღებინა, თავად შეტევაში კვლავ შედეგიანი იყო და 47:33 დაწინაურდა.

ბელგია მესამე მეოთხედში დაბრუნდა, ერთი პერიოდი ჩამორჩენა 4 ქულამდეც დაიყვანა (54:58), მაგრამ დასკვნითი წუთები ლატვიის იყო და ბოლო მეოთხედს 8-ქულიანი ჰანდიკაპით (63:55) შეხვდა. ლატვიამ ძველი გამოცდილების გათვალისწინებით დაცვას მიხედა, მეტოქეს მთელი 6-წუთი ქულა არ ააღებინა, თავად 20 მოიხვეჭა და გამარჯვებამდე საქმე მშვიდად მიიყვანა - 92:64.

მატჩის საუკეთესო მექულე ერთბაშად ორი ლატვიელი კალათბურთელი გახდა - ჯენის ტიმა და პორზინგისი, რომლებმაც გუნდს 27-27 ქულა შესძინეს.

4 სექტემბერს ლატვია კიდევ ერთ კონკურენტ დიდ ბრიტანეთს ეთამაშება, ხოლო ბელგია რუსეთს შეხვდება.

ლატვია - ბელგია 92:64 (24:25; 23:8; 16:22; 29:9)

მატჩის სტატისტიკა

0.09312