ლივერპულის “ევერტონის” აწ უკვე ყოფილი ნახევარმცველი როს ბარკლი კარიერას ლონდონის “ჩელსიში” გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია “არისტოკრატების” ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.
ბარკლიმ “ჩელსისთან” კონტრაქტი 2023 წლამდე გააფორმა, ხოლო სატრანსფერო ღირებულებამ 15 მილიონი გირვანქა სტერლინგი შეადგინა. ინგლისელი ნახევარმცველი "სტემფორდ ბრიჯზე" 8-ნომრიანი მაისურით ითამაშებს, რომლითაც თავის დროზე ფრენკ ლამპარდს, გუსტავო პოიეტსა და ოსკარს უთამაშიათ.
“სავსე ვარ ემოციებით. წარმოუდგენელი შანსი მომეცა ვითამაში ისეთ გუნდში, როგორიც “ჩელსია”, - განაცხადა ინგლისელმა.
აღსანიშნავია, რომ როს ბარკლი “ჩელსიში” გადასვლასთან ახლოს გასულ ზაფხულსაც იყო - სამედიცინო შემოწმებისთვის ლონდოშიც ჩავიდა, მაგრამ მოულოდნელად ტრანსფერზე უარი განაცხადა და ლივერპულში დაბრუნდა.
24 წლის ბარკლი “ევერტონის” აკადემიის აღზრდილია, თუმცა მიმდინარე სეზონში პრემიერლიგაში არ უთამაშია. ისე კი, “კანფეტების” ღირსება მთლიანობაში 179-ჯერ დაიცვა, 27 გოლი გაიტანა და 28 საგოლე პასი მიითვალა.
უთამაშია ინგლისის ნაკრებშიც – 22 მატჩი, 2 გოლი და 3 საგოლე პასი.