რუსთავის საერთაშორისო მოტორპარკი ამ უქმეებზე წრიულ რბოლებში საქართველოს ჩემპიონატის მეორე ეტაპს მასპინძლობს. ტრადიციულად, შაბათს ორი რბოლა იყო დაგეგმილი - ლეჯენდსის და კომპაქტ კლასებში. სამწუხაროდ, ამათგან მხოლოდ ლეჯენდსის რბოლა შედგა და ის კვლავ ისეთი საინტერესო და დაძაბული იყო, რომ სრულად აანაზღაურა დანაკლისი.
ამჯერად გამრჯვებისთვის ბრძოლაში სამი მრბოლი - არჩილ ბიძინაშვილი, დათა ქაჯაია და რუსი ალეკსეი ხაიროვი ჩაება. სტარტიდან პირველი ორი დაწინაურდა, რომლებსაც ხაიროვი, შოთა აფხაზავა, კონსტანტინე კოლიაშვილი და სანდრო ცხადაძე მიჰყვნენ. სამწუხაროდ, კოლიაშვილს მალევე დაუზიანდა მანქან და ის ბრძოლას გამოეთიშა.
ლიდერებს ხაიროვი წამოეწია, ამჯერად აფხაზავამ მათი ტემპის აყოლა ვერ შეძლო. უფრო მეტიც, მას ცხადაძე წამოეწია. მათგან შორს არც ჯანკატ ჰურმოგლუ იყო, მაგრამ 180-გრადუსიან მისახვევში შესვლისას მას მუხრუჭებმა უმტყუნა. ლიდერი მინიმუმ სამჯერ მაინც შეიცვალა. ბიძინაშვილსა და ქაჯაიას შორის კონტაქტიც მოხდა, თუმცა ამას არცერთი დაუზარალებია. უფრო მეტიც, მათ წინ არც ხაიროვი გაუშვეს, რომელმაც პირველ ეტაპზეც ერთი რბოლის მოგება შეძლო.
საბოლოოდ, ბიძინაშვილმა იმარჯვა და ფინიშის ხაზიც პირველმა გადაკვეთა. მას პირველი სამივე რბოლა მოგებული აქვს, თუმცა პირველში მსაჯებმა წესის დარღვევა დაუფიქსირეს, რისთვისაც ის გამარჯვება ხაიროვს გადაულოცა.
ლეჯენდსის მეორე და ფორმულა ალფას კლასის რბოლები კვირას გაიმართება. აღსანიშნავია, რომ ფორმულა ალფას კლასში ესპანელი პილოტიც მიიღებს მონაწილეობას.
საქართველოს ჩემპიონატი წრიულ რბოლებში, მე-2 ეტაპი
რუსთავის საერთაშორისო მოტორპარკი, 28.04.2018
ლეჯენდსი (რბოლა 1), 10 წრე
- არჩილ ბიძინაშვილი 19:26.035
- დათა ქაჯაია +1.369
- ალეკსეი ხაიროვი 1.513
- სანდრო ცხადაძე 12.447
- შოთა აფხაზავა 12.471
- ვლადიმერ თაბაგარი 29.192
- რეზო ბიწაძე 39.624
- ჯანკატ ჰურმოგლუ 3 წრე
- კონსტანტინე კოლიაშვილი 9 წრე