ავტოსპორტი

2:29 | 25.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჰამილტონმა საფრანგეთში გამარჯვებით ლიდერობა დაიბრუნა

ფორმულა ერთი ათწლიანი პაუზის შემდეგ, საფრანგეთს ლე კასტელეს პოლ რიკარის ტრეკზე დაუბრუნდა და პირველივე რბოლაში გამარჯვება ლუის ჰამილტონმა მოიპოვა. ამით მან მსოფლიო ჩემპიონატში ლიდერობაც დაიბრუნა. მისმა მთავარმა მეტოქემ, სებასტიან ფეტელმა მხოლოდ მეხუთე ადგილის დაკავება შეძლო. რვა ეტაპის შემდეგ, ჰამილტონი ფეტელს 14 ქულას უგებს.

ჰამილტონის ფ1-ის კარიერაში ეს 65-ე გამარჯვებაა, მაგრამ მხოლოდ პირველი საფრანგეთში. ამგვარად, ბრიტანელს უკვე 22 სხვადასხვა დიდი პრიზი აქვს მოგებული, რითაც ის მიხაელ შუმახერს გაუტოლდა. გარდა ამისა, მას უკვე 26 სხვადასხვა ტრეკზე აქვს გამარჯვება მოპოვებული და ამ მხრივ, ბადალი არ მოეპოვება.

სტარტის გარდა, რბოლა სანახაობრიობით არ გამოირჩეოდა. ფეტელმა კარგი სტარტი აიღო და ვალტერი ბოტასი ჩამოიტოვა, მაგრამ ჰამილტონის გასწრება ვერ შეძლო და ტემპის დაგდებამ მოუწია. ბოტასმა ამით ისარგებლა და პირველ მოსახვევში შეასწრო, მაგრამ ფეტელი მას უკანა მარცხენა ბორბალზე დაეჯახა. ორივე დატრიალდა. „ფერარის“ ცხვირი და წინა ფრთა დაუზიანდა, ბოტასს კი ბორბალი. ორივემ ბოქსებს მიაშურა და პელოტონის ბოლოში გადაინაცვლა.

სტიუარდებმა განიხილეს მომხდარი და ფეტელი პიტლეინზე 5 წამით გაჩერება მიუსაჯეს. თუმცა „მერსედესის“ ერთ-ერთმა ბოსმა ნიკი ლაუდამ ნარბოლევს უკმაყოფილება არ დამალა და ჯარიმას მეტისმეტად რბილი უწოდა. „ხუთი წამი არაფერია, მან ბოტასის გარდა, საკუთარი რბოლაც გაანადგურა“, - განაცხადა მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა.

ფეტელმა შეცდომა აღიარა და დასძინა, რომ უმჯობესი იქნებოდა, უარესი სტარტი აეღო, ასე გაცილებით უკეთესი იქნებოდა: „შევცდი. ადრე დამუხრუჭება ვცადე, რომ შეჯახება თავიდან ამერიდებინა, მაგრამ ადგილი აღარ დამრჩა“. ამ ყველაფრის მიუხედავად, ფეტელმა ფინიშის ხაზი მეხუთემ გადაკვეთა.

საფრანგეთის დიდი პრიზი

პოლ რიკარი, დისტანცია 309.690 კმ (5842 მ, 53 წრე)

  1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:30:11.385
  2. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 7.090
  3. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 25.888
  4. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, რედ ბული) 34.736
  5. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 1:01.935
  6. კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 1:19.364
  7. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 1:20.632
  8. კარლოს საინსი (ესპანეთი, რენო) 1:27.184
  9. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, რენო) 1:31.989
  10. შარლ ლეკლერი (მონაკო, ზაუბერი) 1:33.873
  11. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 1 წრე
  12. სტოფელ ვანდოორნი (ბელგია, მაკლარენი) 1 წრე
  13. მარკუს ერიკსონი (შვედეთი, ზაუბერი) 1 წრე
  14. ბრენდონ ჰარტლი (ახ.ზელანდია, ტორო როსო) 1 წრე
  15. სერგეი სიროტკინი (რუსეთი, უილიამსი) 1 წრე
  16. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი) 3 წრე
  17. ლანს სტროლი (კანადა, უილიამსი) 5 წრე
  18. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) 26 წრე
  19. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ფორს ინდია) 52 წრე
  20. პიერ გასლი (საფრანგეთი, ტორო როსო) 52 წრე

უსწრაფესი წრე: ვალტერი ბოტასი - 1:34.225 (41-ე წრე, 223.201 კმ/სთ)

მრბოლთა კლასიფიკაცია

1. ლუის ჰამილტონი - 145 ქულა; 2. სებასტიან ფეტელი - 131; 3. დანიელ რიკიარდო - 96; 4. ვალტერი ბოტასი - 92; 5. კიმი რაიკონენი - 83; 6. მაქს ფერსტაპენი - 68; 7. ნიკო ჰულკენბერგი - 34; 8. ფერნანდო ალონსო - 32; 9. კარლოს საინსი - 28; 10. კევინ მაგნუსენი - 27; 11. პიერ გასლი - 18; 12. სერხიო პერესი - 17; 13-14. ესტებან ოკონი და შარლ ლეკლერი - 11; 15. სტოფელ ვანდოორნი - 8; 16. ლანს სტროლი - 4; 17. მარკუს ერიკსონი - 2; 18. ბრენდონ ჰარტლი - 1; 19-20. რომენ გროჟანი და სერგეი სიროტკინი - 0

კონსტრუქტორთა თასი

1. მერსედესი - 237 ქულა; 2. ფერარი - 214; 3. რედ ბული - 164; 4. რენო - 62; 5. მაკლარენი - 40; 6. ფორს ინდია - 28; 7. ჰაასი - 27; 8. ტორო როსო - 19; 9. ზაუბერი - 13; 10. უილიამსი - 4

სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.172562