ძიუდო

21:00 | 10.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

ამირან პაპინაშვილმა უნგრეთში ქართული ანგარიში გახსნა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ბუდაპეშტის სამდღიანი გრან პრის პირველი დღე ერთი ბრინჯაოს მედლით ჩაამთავრა. კვარცხლბეკზე 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ამირან პაპინაშვილი ავიდა. ასევე მსუბუქწონოსან ლუხუმ ჩხვიმიანს კი საპრიზო სამეულამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა.

პაპინაშვილმა უნგრულ ტატამზე გამოსვლა მასპინძელ ანდრას ვიდასთვის წუთნახევარში შესრულებული ორი ვაზარით გახსნა. ესპანელ ხუაკინ გომისსაც ვადაზე ადრე მოუმთავრა საქმე. მეოთხედფინალში კი რუსეთის ნაკრების წევრ ალბერტ ოგუზოვთან მტკივნეულით დამარცხდა და რეპეშაჟში გადაერთო. ჯერ მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონს, მონღოლ ბოლდბაატარ განბატს დაეჭიდა და წუთსა და 50 წამში ორჯერ დააგდო ვაზარიზე. "ბრინჯაოს ფინალში” კი ესპანელ ფრანცისკო გარიგოსს სძლია ორ წუთში.

ლუხუმ ჩხვიმიანს სწორედ გარიგოსთან მეოთხედფინალში განცდილი მარცხით ჩაეკეტა ოქრო-ვერცხლის გზა. მსაჯმა ქართველი ძიუდოისტი მესამე წუთის დასაწყისში მესამედ გააფრთხილა და ტიტულისთვის ბრძოლასაც ჩამოაშორა. ამ შეხვედრამდე ჩხვიმიანმა იპონ-იპონ ჩამოიშორა უნგრელი დანიელ მონორი და ბულგარელი იანისლავ გერჩევი. რეპეშაჟის ნახევარფინალში ამერიკელი ადონის დიასი პირველსავე წუთზე შებოჭა. ბრინჯაოს მედლისთვის კი რუსეთის ნაკრების სახელით მოჭიდავე რობერტ მშვიდობაძეს დაუპირისპირდა და მეცხრე წუთზე წააგო, შიდოების ლიმიტის ამოწურვით.

დღესვე, ბულგარულ ტატამზე 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე მამაკაცებიც გავიდნენ. მათ შორის საქართველოს ნაკრების წევრი თორნიკე ნაგლიაშვილიც, რომელმაც ბრწყინვალედ დაიწყო. პირველ წრეში, ნეპალელ ინდრა ბაჰადურ შრესტასთვის შესრულებული ეფექტური სუფთა გდება ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის რჩეულ ილეთთა ჩამონათვალში მოხვდა. არანაკლებ შთამბეჭდავი იყო პორტუგალიელი სერგიუ ოლეინიკის ორი ვაზარით დამარცხება. მერვედფინალში კი ნაგლიაშვილი უკრაინელ ბოგდან იადოვთან მეათე წუთზე დამარცხდა.

ხვალ გრან პრის ჩემპიონ-პრიზიორები 73 და 81 კილოგრამ წონით კატეგორიებში გამოვლინდებიან, სადაც კონკურენციაში ფრიდონ გიგანი (73 კგ) და ზებედა რეხვიაშვილიც (81 კგ) ჩაებმებიან. ზეგ კი საქართველოს სახელით ტატამზე გავლენ: უშანგი მარგიანი, გიორგი პაპუნაშვილი (ორივე 90 კგ), ვარლამ ლიპარტელიანი, ონისე სანებლიძე (ორივე 100 კგ), ადამ ოქრუაშვილი და ლევან მატიაშვილი (ორივე +100 კგ).

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.096057