ბრიტანელმა მრბოლმა ბილი მონგერმა, ბრიტანული ფორმულა 3-ის ბოლოსწინა ეტაპზე, რომელსაც დონინგტონ პარკმა უმასპინძლა, საკვალიფიკაციო რბოლა მოიგო. ცნობისათვის, 17 თვეა გასული მას შემდეგ, რაც მონგერს ამავე ტრეკზე, ფორმულა 4-ის რბოლისას, უმძიმესი ავარია შეემთხვა, რის შემდგაც ორივე ფეხი დაკარგა.
ამის მიუხედავად, სულ სამ თვეში შეძლო სარბოლო ავტომობილის საჭესთან დაჯდომა, რომელსაც სპეციალური მოდიფიკაცია აქვს ჩატარებული. ფორმულა 1-ის პილოტების, ჯენსონ ბატონის, ლუის ჰამილტონის, მაქს ფერსტაპენის, დანიელ რიკარდოს, ჯოლიონ პალმერის და ნიკო ჰულკენბერგის მხარდაჭერით, 19 წლის მონგერს კარიერის გასაგრძელებლად საჭირო 500 ათასი სტერლინგი, სულ რაღაც 24 საათში შეუგროვდა.
ის ამჟამად გუნდ „ქარლინის“ წევრია, რომელმაც სპეციალურად მისთვის მოამზადა სარბოლო ავტომობილი, რომელიც მთლიანად ხელით იმართება. ეს ის გუნდია, რომლის არაერთმა პილოტმაც, ფ1-სკენ გაიკაფა გზა. მათ შორის, მსოფლიოს ჩემპიონებმა - სებასტიან ფეტელმა და ნიკო როსბერგმა, ასევე რობერტ კუბიცამ, დანიელ რიკარდომ, კევინ მაგნუსენმა და სხვებმა.
მონგერმა რბოლის მოგება ვერ შეძლო, თუმცა მეორე რბოლისას უასწრაფესი წრე დააფიქსირა. განვლილი 7 ეტაპის (21 რბოლა) შემდეგ, მონგერს ჩემპიონატში მეშვიდე ადგილი უკავია. მას ორი რბოლა კვარცხლბეკზე აქვს დასრულებული. აღსანიშნავია, რომ მონგერი მონაწილეობს პროგრამაში, რომელიც ლე მანის 2020 წლის რბოლაში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პილოტთა გუნდის გამოყვანას ითვალისწინებს.
დაკიდევ, მიმდინარე წლის ივნისში, მონგერმა „ზაუბერ C30-ით“ ტესტებში მიიღო მონაწილეობა. მისი ტესტები „სკაის“ ფ1-ის პროგრამის გუნდმა გადაიღო და ავსტრიის დიდი პრიზის წინ, ეთერში გაუშვა.