ფორმულა 2-ის ჩემპიონატის ლიდერი და „მერსედესის“ ბრიტანელი პროტეჟე ჯორჯ რასელი მომავალი სეზონიდან ფორმულა 1-ში იასპარეზებს. ის „უილიამსში“ კანადელი ლანს სტროლის ადგილს დაიკავებს, რომელიც „ფორს ინდიაში“ გადადის.
20 წლის რასელმა ბრიტანულ გუნდთან „მრავალწლიანი“ კონტრაქტი გააფორმა და იმავდროულად, „მერსედესთან“ კავშირს შეინარჩუნებს, სადაც მას მიმდინარე სეზონში სარეზერვო და ტესტ მრბოლის სტატუსი აქვს.
რასელი ფორმულა 2-ში თავის პირველ სეზონს ატრარებს და რეალური შანსი აქვს იმისა, რომ აბუ დაბის ფინალურ ეტაპზე, ჩემპიონის ტიტული მოიპოვოს. ფორმულა 2-ში ის მას შემდეგ მოხვდა, რაც GP3-ის სერიის ჩემპიონი გახდა.
„ჩემთვის დიდი პატივია, რომ ისეთი სახელოვანი წარსულის მქონე გუნდში მომიწევს გამოსვლა, როგორიც „უილიამსია“. კლერ უილიამსს და მთელ გუნდს, ჩემდამი გამოჩენელი ნდობისათვის მადლობას ვუხდი. მადლობელი ვარ ტოტო ვოლფის და „მერსედესის“ გუნდის, რომელთა ფანტასტიური მხარდაჭერითაც, GP3-სა და ფორმულა 2-ში ვსარგებლობდი. ძალიან გახარებული ვარ, რომ გროველებთან ვიწყებ მუშაობას და მათთან ერთად, ფორმულა 1-ში ჩემს პირველ ნაბიჯებს გადავდგამ“, - განაცხადა რასელმა, ვინც წელს „მერსედესთან“ და „ფორს ინდიასთან“ ერთად ჩაატარა ტესტები, თუმცა იყო იმის ალბათობაც, რომ ფ1-ში ადგილის გარეშე დარჩენილიყო.
რაც შეეხება „უილიამსს“, ის თავის ისტორიაში ყველაზე სუსტ სეზონს ატარებს - 10 გუნდს შორის ბოლო ადგილზე იმყოფება და აუტსაიდერობიდან თავის დაღწევის შანსიც პრაქტიკულად არ აქვს. გუნდი იმედოვნებს, რომ რასელთან ერთად, თავის იღბალს შეცვლის.
სხვათა შორის, „უილიამსს“ ასევე მოლაპარაკება ჰქონდა „რენოს“ სარეზერვო მრბოლ არტემ მარკელოვთან, რომელიც ფორმულა 2-ში რასელის კონკურენტია. მაგრამ რუსი მრბოლის საქმეები უკან მას შემდეგ წავიდა, რაც მამამისი რუსეთის რკინიგზასთან დაკავშირებული თაღლითობისთვის დააკავეს. სწორედ მამა იყო მისი მთავარი სპონსორი. მისი მილიონების გარეშე კი მარკელოვი არავის აინტერესებს.
სამწუხაროდ, ფ1-ში რასელის მოსვლის გამო, ადგილის გარეშე რჩება „მერსედესის“ კიდევ ერთი პროტეჟე, ფრანგი ესტებან ოკონი, ვის ადგილსაც „ფორს ინდიაში“, ამ გუნდს ახალი მფლობელის, ლორენს სტროლის შვილი - ლანსი იკავებს. თუმცა არაა გამორიცხული, რომ ოკონმა რუსი სერგეი სიროტკინი შეცვალოს. ყოველ შემთხვევაში, „უილიამსს“ მეორე პილოტის ვინაობა ჯერ არ დაუსახელებია. ისიც შესაძლებელია, რომ მეორე მანქანის საჭე, პოლონელ რობერტ კუბიცას ჩააბარონ.
ფ1-ის 2019 სეზონისთვის გუნდების შემადგენლობები დღეისთვის:
მერსედესი: ლუის ჰამილტონი, ვალტერი ბოტასი
ფერარი: სებასტიან ფეტელი, შარლ ლეკლერი
რედ ბული: მაქს ფერსტაპენი, პიერ გასლი
რენო: დანიელ რიკარდო, ნიკო ჰულკენბერგი
ჰაასი: რომენ გროჟანი, კევინ მაგნუსენი
მაკლარენი: კარლოს საინსი, ლანდო ნორისი
ფორს ინდია: ლანს სტროლი, ვაკანსია
ტორო როსო: დანილ კვიატი, ვაკანსია
ზაუბერი: კიმი რაიკონონი, ანტონიო ჯოვინაცი
უილიამსი: ჯორჯ რასელი, ვაკანსია