ფეხბურთი

16:15 | 16.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრები ბოლო ტურის წინ: ყველაფერი ან არაფერი

საქართველოს ნაკრებისთვის ანდორასთან თამაშს თითქოს დიდი დატვირთვა არ ჰქონდა, მაგრამ არც მთლად ასეა საქმე. კი, მართალია, ვლადიმირ ვაისის გუნდს ქვეჯგუფში პირველი ადგილი გარანტირებული აქვს, მაგრამ არის სხვა მიზნები, რომელიც ჯერ კიდევ არაა შესრულებული.

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ მთლიანად დივიზიონში ჯგუფური ეტაპის საუკეთესო შედეგით დასრულებას. ჯერ ერთი, რომ პლეი-ოფის ნახევარფინალში მასპინძლობის უფლებას იძლევა და მეორეც, ჩვეულებრივი შესარჩევი ციკლის წილისყრისას (რომელიც 2 დეკემბერს გაიმართება) მეოთხე კალათაში მოხვედრის შანსია. ეს კი, იმას ნიშნავს, რომ ჯგუფში დიდი ალბათობით, ორი სუსტი მეტოქე გეყოლება (მეხუთე და მეექვსე კალათიდან). თუმცა, შეიძლება მხოლოდ ერთი, თუ ხუთგუნდიან ჯგუფში მოხვდები.

ამ დროისთვის ჯგუფური ეტაპის საქართველოს ნაკრებზე უკეთესი შედეგით დასრულების შანსი სამ ნაკრებს აქვს. თავიდან ის ვთქვათ, რომ ყველაფერი „ჯვაროსნების“ ხელთაა. თუ ვაისის გუნდი ბოლო ტურში ყაზახეთს დაამარცხებს, 16 ქულას დააგროვებს და ეს შედეგი აქედანვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ საუკეთესო იქნება დივიზიონში.

მაგრამ, თუ საქართველომ ყაზახეთი ვერ დაამარცხა, მაშინ მაკედონია, ბელარუსი და კოსოვო მიიღებენ ჩინებულ შანსს.

დავუშვათ, საქართველოსა და ყაზახეთის მატჩი ფრედ დასრულდა, „ჯვაროსნები“ 14 ქულად მოუყრიან თავს. და რა ხდება კონკურენტებში? - მაკედონიას ამ დროისთვის 9 ქულა აქვს, მაგრამ ორი თამაში ელოდება, რომლებსაც თუ მოიგებს, ჩვენზე უკეთესი შედეგი ექნება. მეტოქეები კი ლიხტენშტეინი და გირბალტარი არიან და ძნელი წარმოსადგენია მაკედონიელებმა ქულები დაკარგონ.

ბელარუსს 11 ქულა აქვს, მაგრამ ბოლო ტურში სან მარინოს ხვდება და გამარჯვება არ უნდა გაუჭირდეს. შედეგად, ისიც 14 ქულას დააგროვებს და ბურთების ბალანსი დაითვლება. ამ დროისთვის, ბელარუსს 8:0 აქვს, ხოლო საქართველოს 10:1. მარტივი გამოსათვლელია, რომ თუ საქართველო ბოლო მატჩს ვერ მოიგებს, ხოლო ბელარუსი გაიმარჯვებს, ბურთების ბალანსიც ჩვენზე უკეთესი ექნება.

და კოსოვო, რომელსაც ჯერ რვა ქულა აქვს, მაგრამ დარჩენილ ორ თამაშს თუ მოიგებს, მასაც 14 ქულა ექნება და ამ შემთხვევაში ბურთების ბალანსი გადაწყვეტს ყველაფერს. საერთოდ, ამ ყველაფრის დათვლა საჭიროც არ გახდება თუ ყაზახეთთან უქულოდ დავრჩით.

მოკლედ, ყველაფერი საქართველოს ნაკრების ხელშია, მაგრამ დიდი რისკიცაა. შეიძლება გვქონდეს საუკეთესო შედეგი დივიზიონში და შეიძლება გვქონდეს ყველზე ცუდი შედეგი პლეი-ოფის ოთხ მონაწილეს შორის. ეს იმაზეა დამოკიდებული, რამდენად შეძლებს საქართველოს ნაკრები ანდორული კოშმარის დავიწყებას და „დინამო არენაზე“ საუკეთესო თამაშის ჩვენებას...

0.163606