მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა, ბელგიელმა კიმ კლაისტერსმა მუცლის პრესის ტრავმა მიიღო, რის გამოც, ვესტერნ ენდ საუთერნ ოუპენზე ვერ ითამაშებს. თუმცა მანვე იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ის ღია პირველობაზე, რომელიც ამ თვის ბოლოს დაიწყება, თამაშს შეძლებს.
ეს ტურნირი ჩვეულებრივ ქალაქ ცინცინატიში ტარდება ხოლმე, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო, ნიუ იორკში, ფლეშინგ მედოუსზე გადაიტანეს. ის აშშ-ის ღიას წინ მოთელვის საუკეთესო საშუალებაა. დიდი სლემის ამერიკული ტურნირისთვის, რომელიც სამჯერ (2005, 2009 და 2010 წლებში) აქვს მოგებული, 37 წლის კლაისტერსს უაილდ ქარდი აქვს მიღებული.
„ძალიან სამწუხაროა, რომ ტურნირის მიტოვება მიწევს. მაგრამ სამედიცინო და ჩემ გუნდთან თათბირის შემდეგ გადავწყვიტე, რომ ტრავმის მოსარჩენად, ცოტა დრო მჭირდება. მიხარია, რომ ვრჩები ნიუ იორკის უსაფრთხო „ბუშტში“, სადაც მომზადებას ბილი ჯინ კინგის ეროვნულ საჩოგბურთო ცენტრში გავაგრძერლებ“, - განაცხადა კლაისტერსმა, ვინც პროფესიონალურ ჩოგბურთს წელს დაუბრუნდა.