ავტოსპორტი

21:43 | 6.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

როცა ფერარი ვერ იგებს, იტალიას ალფატაურის გამარჯვება ახარებს

ფორმულა 1-ის მოყვარულებს, იტალიის წლევანდელი დიდი პრიზი დიდხანს ემახსოვრებათ. მის კვარცხლბეკზე, სამივე საფეხური იმ პილოტებმა დაიკავეს, ვისაც კარიერაში აქამდე ერთი გამარჯვებაც არ ჰქონდათ. გამარჯვება „რედ ბულისგან“ შარშან დაწუნებულმა პიერ გასლიმ მოიპოვა, რომელმაც „ალფატაურის“ პირველი გამარჯვება მოუპოვა.

ამ გუნდს წინა სახელით (ტორო როსო), ერთი გამარჯვება უკვე ჰქონდა მოპოვებული და ისიც მონცას ტრეკზე - 2008 წელს, წვიმიან რბოლაში, სებასტიან ფეტელმა თავის კარიერაში პირველი გამარჯვება სწორედ „ტორო როსოს“ მანქანით მოიპოვა. იმასაც შეგახსენებთ, რომ „ალფატაურის“ პირველი სახელი „მინარდია“ და ის პირველი დღიდან ფაენცაშია (იმოლადან 15 კილომეტრში მდებარეობს) ბაზირებული.

რბოლა თითქოს სიურპრიზებს არ გვპირდებოდა. ლუის ჰამილტონი სტარტიდანვე დაწინაურდა და მისი დამწევიც არავინ ჩანდა. მის უკან კი პელოტონი განსხვავებული მიმდვრობით ჩამოყალიბდა. ვალტერი ბოტასმა სტარტზე და პირველ წრეზე რამდენიმე პოზიცია დაკარგა, მეორე და მესამე ადგილებზე კი „მაკლარენის“ პილოტებმა გადაინაცვლეს.

მალე რბოლას სებასტიან ფეტელი გამოეთიშა (მუხრუჭები), ვინც იმ მომენტში წინა ათეულიდან გვარიანად დაშორებული იყო. უკეთეს დღეში არც შარლ ლეკლერი იყო. მე-10 წრეზე მაგნუსენი პიტლეინზე შესასვლელათან ახლოს გაჩერდა. ჰამილტონმა მაშინვე ბოქსებში შეუხვია, მაგრამ ეს მაშინ გააკეთა, როცა პიტლეინი დახურული იყო.

სტუარდებმა ეს მაშინვე დააფიქსირეს და მოგვიანებით, ჩემპიონატის ლიდერს 10-წამიანი ჯარიმა გამოუწერეს. რესტარტიდან მალევე, ლეკლერს პარაბოლიკაში ავარია მოუვიდა, რის გამოც, რბოლა წითელი ალმებით გააჩერეს. ლეკლერმა კოკპიტი თავისით დატოვა, თუმცა იმის გამო, რომ სენსორმა სახიფათო გადატვირთვა დააფიქსირა, ის ადგილობრივ მედცენტრში წაიყვანეს.

ჰამილტონმა რესტარტი იოლად მოიგო, მაგრამ გუნდმა ჯარიმის მოსახდელად, მალევე უხმო ბოქსში, საიდანაც ბოლო ადგილზე დაბრუნდა. რბოლას კი სათავეში გასლი ჩაუდგა, ვისაც კიმი რაიკონენი, კარლოს საინსი, ლანს სტროლი და ლანდო ნორისი მიჰყვნენ. რაიკონენმა მალე დათმო პოზიციები, დანარჩენებმა ბოლომდე უცვლელად იარეს. საინსი ფინიშამდე 3 წრით ადრე გასლის კი დაეწია, მაგრამ გასწრება ვეღარ შეძლო და გუნდისგანაც რჩევა მიიღო, რისკებს მოერიდე და პოზიცია შეინარჩუნეო.

გასლი, საინსი, სტროლი - ამ მიმდევრობით დაიკავა კვარცხლბეკზე ადგილები იტალიის დიდი პრიზის სამმა უსწრაფესმა პილოტმა. ავსტრალიის 2013 წლის დიდი პრიზის (რომელიც რაიკონენმა ლოტუსით მოიგო) შემდეგ, ეს პირველი შემთხვევაა, როცა კვარცხლბეკზე „მერსედესის“, „ფერარის“ და „რედ ბულის“ ერთი პილოტიც ვერ დადგა. მონაკოს 1996 წლის დიდი პრიზის (რომელიც ოლივიე პანისმა მოიგო) შემდეგ, გასლი პირველი ფრანგი პილოტია, ვინც ფ1-ის რბოლაში გაიმარჯვა.

იტალიის დიდი პრიზი

მონცა, დისტანცია 306.720 კმ (5.793 კმ, 53 წრე)

  1. პიერ გასლი (საფრანგეთი, ალფატაური) 1:47:06.056
  2. კარლოს საინსი (ესპანეთი, მაკლარენი) +0.415
  3. ლანს სტროლი (კანადა, რეისინგ პოინტი) +3.358
  4. ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) +6.000
  5. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) +7.108
  6. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რენო) +8.391
  7. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) +17.245
  8. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, რენო) +18.691
  9. დანიილ კვიატი (რუსეთი, ალფატაური) +22.208
  10. სერხიო პერესი (მექსიკა, რეისინგ პოინტი) +23.224
  11. ნიკოლას ლატიფი (კანადა, უილიამსი) +32.876
  12. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) +35.164
  13. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ალფა რომეო) +36.312
  14. ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, უილიამსი) +36.593
  15. ალექს ალბონი (ტაილანდი, რედ ბული) +37.533
  16. ანტონიო ჯოვინაცი (იტალია, ალფა რომეო) +55.199
  17. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 23 წრე
  18. შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) 30 წრე
  19. კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 36 წრე
  20. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 47 წრე

უსწრაფესი წრე: ლუის ჰამილტონი - 1:22.746 (34-ე წრე, 252.033 კმ/სთ)

მრბოლთა კლასიფიკაცია

1. ლუის ჰამილტონი - 164 ქულა; 2. ვალტერი ბოტასი - 117; 3. მაქს ფერსტაპენი - 110; 4-5. ლანს სტროლი და ლანდო ნორისი - 57; 6. ალექს ალბონი - 48; 7. შარლ ლეკლერი - 45; 8. პიერ გასლი - 43; 9-10. კარლოს საინსი და დანიელ რიკარდო - 41; 11. სერხიო პერესი - 34; 12. ესტებან ოკონი - 30; 13. სებასტიან ფეტელი - 16; 14. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, რეისინგ პოინტი) – 6; 15. დანიილ კვიატი - 4; 16. ანტონიო ჯოვინაცი - 2; 17. კევინ მაგნუსენი - 1; 18-21. ნიკოლას ლატიფი, კიმი რაიკონენი, რომენ გროჟანი და ჯორჯ რასელი - 0

კონსტრუქტორთა ჩემპიონატი

1. მერსედესი - 281 ქულა; 2. რედ ბულ-ჰონდა - 158; 3. მაკლარენ-რენო - 98; 4. რეისინგ პოინტ-მერსედესი - 82; 5. რენო - 71; 6. ფერარი - 61; 7. ალფატაური-ჰონდა - 47; 8. ალფა რომეო-ფერარი - 2; 9. ჰაას-ფერარი - 1; 10. უილიამს-მერსედესი - 0

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.092245