ერთი წელი არაა გასული, რაც ფრანგმა თინეიჯერმა კლარა ბურელმა მაჯის ტრავმა მოირჩინა, დღეს კი როლან გაროსის მესამე წრეში თამაშის უფლება მოიპოვა. მან სლოვენიელ კაია იუვანს 7-6(6) 6-2 მოუგო. საფრანგეთის ღიას ბოლო 12 ტურნირზე, 19 წლის ბურელი ყველაზე ახალგაზრდა ფრანგი ჩოგბურთელი ქალია, ვინც მესამე წრეში გასვლა შეძლო.
საინტერესოა, რომ მამაკაცთა ბადეში, მესამე წრეში ითამაშებს ბურელის პარტნიორი შერეულ წყვილებში უგო გასტონი, ვისთან ერთადაც, მას ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე, ბრინჯაოს მედალი აქვს მოპოვებული. 2008 წელს, როლან გაროსის მესამე წრეში გავიდა ფრანგი ალიზე კორნე, ვინც მაშინ 18 წლის იყო. ბურელს და მასთან მეოთხე წრეში შეხვედრის შანსი ჰქონდა, მაგრამ კორნემ ჩინელ ჟან შუაისთან დათმო შეხვედრა.
ბურელმა შარშან მაისში მაჯის ოპერაცია გაიკეთა, რის გამოც, მთელი დარჩენილი სეზონი გაუცდა. ოპერაციის შემდეგ, ხანგრძლივი სარეაბილიტაციო კურსი გაიარა, თამაში კი ქაფის ბურთებით დაიწყო, რათა მაჯაზე დატვირთვა არ ჰქონოდა. როგორც თავად ამბობს, მაჯის ტკივილი აღარც ახსოვს.
მესამე წრეში გასვლისთვის, ის 126 000 ევროს მიიღებს, იმაზე მეტს, ვიდრე აქამდე კარიერის განმავლობაში მოუპოვებია. სხვათა შორის, იუვანთან მას ორი წლის წინ, ახალგაზრდული ოლიმპიადის ერთეულების ფინლში აქვს წაგებული. ფულად ჯილდოსთან ერთად, ბურელი WTA-ს რეიტინგშიც დაწინაურედება. თუ როლან გაროსამდე 357-ე ადგილზე იყო, ტურნირის შემდეგ სულ ცოტა, 240-ზე გადავა.
მესამე წრეში ფრანგს კიდევ ერთი რევანშის შანსი ექნება. შუაისთან მან ახლახანს სტრასბურის საერთაშორისო ტურნირის მეორე წრეში წააგო.