ფორმულა 1-ის იტალიურმა გუნდმა „ალფატაურიმ“ გამოაცხადა, რომ მომავალ სეზონში რუს დანიილ კვიატს, იაპონელი იუკი ცუნოდათი შეცვლის. ამგვარად, ცუნოდა 2014 წლის შემდეგ, ფორმულა 1-ის პირველი იაპონელი პილოტი გახდება. მის თანამემამულეთაგან, დიდი პრიზების ცირკში ბოლომ კამუი კობაიაშიმ იასპარეზა (აბუ დაბის 2014 წლის დიდ პრიზზე).
ცუნოდამ ფორმულა 2-ის წლევანდელი სეზონი მესამე ადგილზე დაასრულა. გუნდ „კარლინთან“ ერთად, მან ორი ძირითადი და ერთი სპრინტერული რბოლა მოიგო და კვარცხლბეკზე შვიდჯერ ავიდა. 20 წლის იაპონლი ფორმულა 1-ის პირველი პილოტია, ვინც 2000 წელს ან უფრო გვიან არის დაბადებული. ის პიერ გასლის პარტნიორი იქნება, ვინც წელს მონცაზე სენსაციური გამარჯვება მოიპოვა.
„ბევრი მრბოლის მსგავსად, ჩემი მიზანი ყოველთვის იყო ფორმულა 1-ში მონაწილეობა. ამიტომ ამ ცნობამ ძალიან გამახარა. მესმის, რომ ფ1-ის ბევრი იაპონელი ფანი, ჩემზე დიდ იმედებს ამყარებს. ამიტომ მათ გასახარებლად ყველაფერს ვიღონებ“, - განაცხადა ცუნოდამ, ვინც „რედ ბულის“ ახალგაზრდა პილოტების აკადემიის კურსანტია.
„ალფატაური“ „რედ ბულის“ სარბოლო ორგანიზაციის წევრი და მისთვის ახალგაზრდა სპილოტებს ფ1-ში პირველი ნაბიჯების გადადგმაში ეხმარება. „რედ ბულ რეისინგში“ სწორედ მისი გავლით მოხვდნენ (გუნდს ადრე ტორო როსო ერქვა) სებასტიან ფეტელი და მაქს ფერსტაპენი.
ამგვარად, თუ „რედ ბული“ მექსიკელ სერხიო პერესთან გააფორმებს კონტრაქტს, ტაილანდელი ალექს ალბონი ფორმულა 1-ის მიღმა დარჩება. პერესმა „რეისინგ პოინტში“ გასულ სეზონში შესანიშნავად იასპარეზა, მაგრამ გუნდმა, რომელიც მომავალი სეზონიდან „ასტონ მარტინის“ სახელით იასპარეზებს, მის ნაცვლად ფეტელი მიიწვია.