„ფერარისთვის“ გასული სეზონი დიდი ჩავარდნა იყო. გუნდმა კონსტრუქტორთა ჩემპიონატში მეექვსე ადგილი დაიკავა, რაც 1980 წლის შემდეგ ყველაზე უარესი შედეგია. არასაკმარისად მძლავრი ძრავის მიუხედავად, შარლ ლეკლერი ხშირად ახერხებდა საშუალო გუნდებს შორის საუკეთესო შედეგის ჩვენებას და ორჯერ კვარცხლბეკზეც ავიდა.
მონაკოელს გაცილებით უკეთესი შედეგები წინა სეზონში ჰქონდა, რისი წყალობითაც, გუნდთან კონტრაქტი გააგრძელა და მისი პირველი პილოტი გახდა. მარანელოელთათვის შეუფერებელი შედეგების მიუხედავად, ლეკლერი თვლის, რომ ეს მის კარიერაში საუკეთესო სეზონი იყო.
„ვფიქრობ, ჩემთვის გასულ სეზონს ორი მხარე ჰქონდა. პირადად ჩემთვის, ეს ფ1-ში საუკეთესო სეზონი იყო. რასაც მე ტრეკზე ვახერხებდი, ამით ძალიან კმაყოფილი ვარ. რისკებს არ ვერიდებოდი, რაც უმეტეს შემთხვევაში კარგ შედეგს მაძლევდა და ასე ბევრად მეტი ქულა დავაგროვეთ. რიგ შემთხვევებში, რისკმა სასურველი შედეგი არ მოიტანა და ქულები დავკარგეთ. მაგრამ საერთო ჯამში, ჩემი გამოსვლების მხრივ, სეზონი დადებითი იყო. კმაყოფილი სწორედ ამის გამო ვარ“, - ამბობს ლეკლერი.
ის დასძენს, რომ გუნდმა კრიზისის დროს ბევრი საჭირო დასკვნა გააკეთა. ინჟინრებმა უკვე სეზონის წინა ტესტებს დროს იცოდნენ, რომ SF1000 კონკურენტული ვერ იქნებოდა და მისი მოდერნიზაციის გეგმა დასახეს. და მანქანა სწორი მიმართულებით განავითარეს. წინსვლა მცირე ნაბიჯებით ხდებოდა, მაგრამ მიმართულება სწორი იყო.
„ვფიქრობ, მომავლისთვის კარგი გაკვეთილი მივიღეთ და მისგან ბევრი ვისწავლეთ. და ჩვენ უფრო გავძლიერდებით. ვფიქრობ, ამას მომავალ სეზონშივე დავამტკიცებთ. წინასწარ არ ვიცი, რამდენად წინ წავიწევთ მომავალ სეზონში, მაგრამ მჯერა, რომ სწორი მიმართულებით განვვითარედებით“, - დასძენს ლეკლერი.