„ფერარის“ ფორმულა 1-ის გუნდის შეფი მატია ბინოტო აღიარებს, რომ სხვაობა „მერსედესსა“ და „ფერარის“ შორის მეტისმეტად დიდი იქნება იმისთვის, რომ მარანელოელებმა წელს მოგებისთვის ბრძოლა შეძლონ.
„ფერარიმ“ გასული სეზონი პირწმინდად ჩააგდო. იტალიურ გუნდს 1980 წლის შემდეგ ასეთი ცუდი სეზონი არ ჰქონია. პრობლემის მთავარი მიზეზი, სუსტი ძრავი იყო, რის გამოც, გუნდმა სრულიად ახალი აგრეგატი შეიმუშავა.
ბინოტო ფიქრობს რომ მის გუნდს მოგების შანსი მხოლოდ ისეთი ქაოსის შემთხვევაში ექნება, როგორმაც გასულ სეზონში, პიერ გასლის და სერხიო პერესს რბოლების მოგებაში შეუწყო ხელი. „ფერარის“ პილოტმა ბოლოს რბოლა 2019 წელს, მექსიკის დიდ პრიზზე მოიგო.
„საუკეთესო გუნდთან ჩამორჩენა ძალიან დიდია. და ჩვენ მის აღმოფხვრას წელს ვერ შევძლებთ. მაგრამ წინასწარ არ იცი, სეზონის განმავლობაში, რბოლებისას რა მოხდება. თუ შანსი გვექნება, ჩვენ მის გამოყენებას ვეცდებით. ვნახოთ, რა მოხდება. ჩვენ ბევრს ვმუშაობთ და ვნახოთ, რა დონეზე ვიქნებით მარტში“, - ამბობს ბინოტო და იმედოვნებს, რომ გუნდის ახალ პილოტ კარლოს საინსს, წელსვე ვიხილავთ კვარცხლბეკზე.
„იმედი მაქვს, რომ კარლოსს კვარცხლბეკზე ვიხილავთ. ვფიქრობ, ეს მასზე მეტად, მანქანაზე იქნება დამოკიდებული. თუ მანქანა საკმარისად კარგი იქნება, მას კარგი შედეგები ექნება და კვარცხლბეკზეც ავა. ასეთი ახალგაზრდა გუნდი ბოლოს 1968 წელს გვყავდა. როცა ახალგაზრდა მრბოლი მოგვყავს, ეს ერთი სეზონისთვის არ ხდება. გაცილებით შორეული გათვლა გვაქვს“, - ამბობს ბინოტო.