ავტოსპორტი

0:39 | 6.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

უილიამსი FW43B-ს 5 მარტს გვიჩვენებს

„უილიამსმა“ თავისი ახალი სარბოლო ავტომობილის, FW43B-ის პრემიერა 5 მარტისთვის დანიშნა. პრემიერიდან ერთი კვირის შემდეგ კი მას პირველად გამოიყვანს წინასასეზონო ტესტებზე, რომლებიც ბაჰრეინში გაიმართება.

FW43B პირველი ახალი მანქანაა, რომელიც ფორმულა 1-ის ერთ-ერთმა ყველაზე წარმატებულმა გუნდმა, თავისი ახალი მფლობელის, ამერიკულ კომპანია „დორილტონის“ ხელში შეიმუშავა. გუნდს ურთულესი პერიოდი აქვს - სამი სეზონია, რაც პელოტონის კუდში „მყარად“ იმყოფება. გასულ სეზონში კი ქულის აღებაც კი ვერ შეძლო.

„უილიამსის“ პილოტები კვლავ ბრიტანელი ჯორჯ რასელი და კანადელი ნიკოლას ლატიფი არიან. გუნდი „მერსედესის“ ძრავების გამოყენებას (2014 წლიდან) აგრძელებს. ბაჰრეინის ტესტებზე საჭეს პირველი ტესტ მრბოლი, ისრაელელი როი ნისანი მიუჯდება.

„უილიამსმა“ ახლახანს გამოაცხადა, რომ 2022 წლიდან „მერსედესის“ ტრანსმისიის გამოყენებას დაიწყებს. FW43B მისი ბოლო მანქანაა, რომელიც საკუთარი წარმოების გადაცემათა კოლოფით არის აღჭურვილი.

მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე 10 გუნდიდან, ახალი მანქანის პრემიერის თარიღი ხუთს აქვს გამოცხადებული. რამდენიმე გუნდი პირველ ჩვენებას ბაჰრეინში, ტესტების დაწყებამდე ერთი დღით ადრე, ან ტესტების დაწყების დღეს აპირებს.

ფორმულა 1-ის 2021 წლის სეზონის მანქანების პრემიერები:

15 თებერვალი: მაკლარენ M35M

19 თებერვალი: ალფატაური AT02

22 თებერვალი: ალფა რომეო C41

3 მარტი: მერსედეს W12

5 მარტი: უილიამს FW43B

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.097531