ჩოგბურთი

3:30 | 17.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

სერენამ მეოთხედფინალში ჰალეპი დაამარცხა

სერენა უილიამსი კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა დიდი სლემის 24-ე ტიტულს. ავსტრალიის ღია პირველობის მეოთხედფინალში მან 6-3 6-3 მოუგო რუმინელ სიმონა ჰალეპს. ნახევარფინალში მისი მეტოქე იაპონელი ნაომი ოსაკა იქნება, რომელმაც ტაივანელ ჰსიჰ სუვეის მოუგო.

39 წლის სერენას და მეორე ნომრად განთესილი ჰალეპის შეხვედრა როდ ლეივერის კორტზე გაიმართა და 80 წუთს გაგრძელდა. სერენამ თავისი ზუსტი და მძლავრი წაღმა დარტყმებით და კორტზე სწრაფი მოძრაობით, მეტოქეს გაბრძოლების შანსიც არ დაუტოვა.

„ვფიქრობ, ეს ჩემი საუკეთესო თამაში იყო ამ ტურნირზე. ვიცოდი, რომ კორტის მეორე მხარეს მსოფლიოს მეორე ჩოგანი მელოდა. ამიტომ მასზე კარგად უნდა მეთამაშა. მე ეს შევძელი და ამით ძალიან ნასიამოვნები ვარ“, - განაცხადა სერენამ.

ერთი შეხედვით, ამერიკელმა იოლად მოიგო, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ შეხვედრის მსვლელობისას, ცხრა ბრეიკი დაფიქსირდა. ხშირი იყო ბურთის ხანგრძლივი გათამაშება. პირველ სეტში, უილიამსი თავიდანვე დაწინაურდა და მოპოვებული უპირტესობა ბოლომდე შეინარჩუნა.

მეორე სეტის მეოთხე გეიმში ჰალეპმა ბრეიკს მიღწია და 3-1 გავიდა წინ. მაგრამ მეშვიდე გეიმში წინ უკვე უილიამსი გავიდა, რომელმაც უფრო ადრე ანგარიშის გათანაბრება შეძლო, მერე კი მეტოქეს კიდევ ერთი მოწოდება მოუგო და სეტი შემოაბრუნა - 4-3. კიდევ შვიდი წუთი და ამერიკელმა გამარჯვების ქულა მოიპოვა.

ავსტრალიის ღიაზე 2017 წელს გამარჯვების შემდეგ (ეს მელბურნის ტურნირზე მის მიერ მოპოვებული მეშვიდე ტიტული იყო), უილიამსს დიდი სლემის ტურნირი არ მოუგია. 2019 წელს ის უიმბლდონის ფინალში სწორედ ჰალეპთან დამარცხდა და მარგარეტ კორტის მიღწევის (დიდი სლემის 24 ტიტული) გამეორება ვერ შეძლო.

ამერიკელმ იმ წაგებისთვის რევანში აიღო და კიდევ ერთი რევანშის შანსი ნახევარფინალში ექნება. ოსაკა ის ჩოგბურთელია, რომელმაც მას აშშ-ის 2018 წლის ღია პირველობის ფინალში მოუგო.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.095642