ფერნანდო ალონსო ფიქრობს, რომ ფორმულა 1-ში შესაძლოა ლიდრთა შორის ბალანსი შეიცვალოს. ბაჰრეინში ჩატარებულ წინასასეზონო ტესტებზე გამოჩნდა, რომ „მერსედესს“ მანქანის ბალანსთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა. ყველაზე სწრაფი კი „რედ ბული“ იყო.
ალონსო ამბობს, რომ ტესტების შესაბამისად, გუნდების შეფასება რთული საქმეა და მათი რეალური ძალა ბაჰრეინშივე, პირველი ეტაპის რბოლისას გამოვლინდება. ამასთან, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი სიურპრიზების მოლოდინშია.
„ჩვენ ტესტებისას ბევრი კილომეტრი გავიარეთ, რაც გუნდს მთელ სეზონზე სამუშაოების დაგეგმვაში დაეხმარება. ბაჰრეინში გატარებულ სამ დღეში, სატესტო პროგრამის დიდი ნაწილის განხორციელება შევძელით. და ამ მხრივ, სრულიად კმაყოფილი ვართ“, - ამბობს ალონსო და დასძენს, რომ გუნდების რეალურ შესაძლებლობებზე მსჯელობა ნაადრევია. ეს პირველივე საკვალიფიკაციო რბოლის შემდეგ გამოვლინდება. ის ფიქრობს, რომ პირველივე კვალიფიკაციაზე სიურპრიზებს უნდა ველოდოთ.
ალონსო ფორმულა 1-ს ორწლიანი პაუზის შემდეგ უბრუნდება. ეს ორი წელი მან გამძლეობაზე რბოლებში და ინდიქარში გაატარა. ტესტების წინ კი, ველოსიპედით ვარჯიშისას, ინციდენტი შეემთხვა და ზედა ყბაზე ოპერაციის გაკეთება დასჭირდა. მან განაცხადა, რომ მთელი სეზონის განმავლობაში, ზედა ყბაზე მეტალის დასაფიქსირებელი ფირფიტები ექნება დამაგრებული. მაგრამ ეს რბოლებისას ხელს არ შეუშლის.
ალონსო „ალპინის“ (რენოს სპორტული ავტომობილების მწარმოებელი შტო) ფ1-ის გუნდში იასპარეზებს, რომელიც წინა სეზონებში „რენოს“ სახელით გამოდიოდა. სწორედ „რენოსთან“ ერთად აქვს მას თავისი ორი ტიტული მოპოვებული.